ახალი ამბები

“თქვენ ხართ უნამუსო მოსამართლის სიმბოლო”- მერაბიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა

6 აგვისტო, 2014 • • 859
“თქვენ ხართ უნამუსო მოსამართლის სიმბოლო”- მერაბიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 6 აგვისტოს,  7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე  წინასასამართლო სხდომის თარიღის დანიშვნაზე მსჯელობდა.   ბრალდებულები, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა სხდომას ესწრებოდნენ.  

 

“მე მინდა აცილება მოგცეთ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ იქნებით თუ სხვა მოსამართლე. მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ სიმბოლო უსირცხვილო და უნამუსო მოსამართლის, ასეთი უნამუსო გადაწყვეტილება არ მიუღია არც ერთ მოსამართლეს საქართველოში”– განაცხადა მერაბიშვილმა. 

 

ვანო მერაბიშვილი გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც თბილისის ყოფილ მერს 4 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა უკანონო თანხების ლეგალიზების ბრალდებაზე. 

 

მოსმართლემ მერაბიშვილის შეჩერება ყოფილი პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროსვე სცადა, მან მერაბიშვილს უთხრა, რომ “ასე საუბარი არ შეიძლება” და მისი გასაჩუმებლად “მოსამართლის ჩაქუჩის” გამოიყენა, თუმცა ამ ჟესტს მერაბიშვილმა მოაჯირზე ხელის დარტყმით უპასუხა. 

 

ვანო მერაბიშვილმა პროკურორების აცილებაც მოითხოვა. მისი თქმით, საქმეში მონაწილე პროკურორები არ არიან უფლებამოსილი მას ბრალი წაუყენონ. 

 

მოსამართლე გოგინაშვილმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი