ახალი ამბები

პრემიერი: ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსის დევნილებისთვის გადასაცემად მოლაპარაკება მიმდინარეობს

6 აგვისტო, 2014 • • 1112
პრემიერი: ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსის დევნილებისთვის გადასაცემად მოლაპარაკება მიმდინარეობს

პროექტის თანახმად, თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში 17 კორპუსი აშენდება, საიდანაც 9 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სტუმრების დაბინავებას უზრუნველყოფს.

 

“ჩინურ კომპანია „ჰუალინგ ჯგუფთან“ დევნილებისთვის 8 კორპუსის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგ შეძენილი ბინები დევნილებს გადაეცემათ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე ინფორმაციით, კომპანიას გააჩნია სხვა საინვესტიციო წინადადებებიც და საქართველოში დამატებით ასობით მილიონის ინვესტირებას აპირებს. 

 

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს  თბილისი 2015 წლის 25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სპორტის 9 სახეობაში – ველოსპორტში, ჩოგბურთში, სპორტულ ტანვარჯიშში, ხელბურთში, მძლეოსნობაში, კალათბურთში, ცურვაში, ფრენბურთში და ძიუდოში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქს 49 ქვეყნის ოლიმპიელი და 10 ათასამდე სტუმარი ეწვევა, მედლებისთვის კი 13-დან 18-წლამდე ასაკის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი  იბრძოლებს.

ღარიბაშვილი ოლიმპიურ სოფელში
ღარიბაშვილი ოლიმპიურ სოფელში

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი კვირის განმავლობაში, საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ახალგაზრდებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის: 

 

„მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა ძალიან ბევრი სტუმარი. ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეს ტერიტორია, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია, გახდება „ახალი თბილისი“, დედაქალაქს კი ახალი უბანი ექნება. ამავდროულად, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება იზრდება. აქ იქნება სერიოზული სპორტული ბაზა, მოვამზადებთ ჩემპიონებს და ასევე შენდება ოლიმპიური სტანდარტების აუზი, რომელიც საქართველოში არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

პრემიერი ე.წ. ახალი თბილისის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც 28 ჰექტარზე სპორტის 4 სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სპორტული მოედანი და ოლიმპიური სტანდარტების აუზი შენდება. ოლიმპიური ფესტივალისთვის შენდება 6 ახალი და რემონტდება 3 არსებული სპორტული ობიექტი; მათ შორის – მძლეოსნობის სტადიონი, ფრენბურთის სასახლე, ტანვარჯიშის სასახლე, აუზი, ტყორცნების მოედანი, ახალი კორტები, ძიუდოს და კალათბურთის სასახლეები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი