ეკონომიკა

ახალმა საგადასადახო რეჟიმმა მსხვილ იმპორტიორებს პრობლემები შეუქმნა

6 აგვისტო, 2014 • • 1486
ახალმა საგადასადახო რეჟიმმა მსხვილ იმპორტიორებს პრობლემები შეუქმნა

ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათიანი რეჟიმის  გაუქმების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე [პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”] არიან. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა 2014 წლის აპრილში დაამტკიცა, ხოლო ძალაში 1 ივნისიდან შევიდა. ცვლილებებით 200 ათას ლარზე მეტი ბრუნვის მქონე იმპორტიორები შეღავათიანი  საგადასახადო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ.

 

საკანონმდებლო ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 162–ე მუხლის მე–2 ნაწილში შევიდა და იმ ნაწილების ამოღება მოხდა, რომელიც იმპორტის დღგ–თი დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავდა, კერძოდ, პირს, რომელიც წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი თანხა 200 ათას ლარს გადააჭარბებდა, უფლება ეძლეოდა გადასულიყო იმპორტის დაბეგვრის სპეციალურ წესზე, ანუ დღგ წლის ბოლოს გადაეხადა.  

 

კომპანია “საგას” ფინანსისტი გიორგი ნასარაია დღგ–ს ახალი რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საწარმოს  ფინანსურ დანაკლისს ითვლის:  

 

“ახალი რეჟიმის პირობებში იმპორტი უკვე განვახორციელეთ. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ველოდებით, რომ საბრუნავი კაპიტალი შემცირდება. გამომდინარე გადასახადის გადახდიდან, ახლა უფრო ფრთხილი ვიქნებით იმპორტის განხორციელებისას და ისეთ საქონელს შემოვიტანთ, რომ ადვილად გაიყიდოს. რათა ბიზნესის ბრუნვა არ შეფერხდეს”.  

 

დღგ–ს გადახდის ახალი რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პრობლემები შეექმნათ ტანსაცმლის იმპორტიორებს.

 

ინდმეწარმემ, რომელამაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “ბათუმელებს” განუცხადა, რომ იმპორტირებული პროდუქციის შემოტანისას, ერთჯერადად 25 ათასი ლარი გადაიხადა დღგ-ს სახით:

 

“თვეში საშუალოდ ორ კონტეინერს ვიღებ და ვიხდი დღგ–ს. ადრე ამ თანხას გაყიდვების მიხედვით ვიხდიდი. ეს ფული დღგ–ს გადასახადის ნაცვლად შემეძლო გადამეხადა სხვა ვალდებულებებში ან ბიზნესი გამეფართოვებინა”.

 

გართულებულ გადასახადზე საუბრობს კომპანია “დამგის” მენეჯერი, რომელსაც ბაზარზე საქართველოში წარმოებული მზა ტანსაცმელი გამოაქვს:

 

“ახალი რეჟიმით, თურქეთიდან ტანსაცმლის შესაკერად ნედლეული შემოვიტანე. დღგ უკვე გადავიხადე. შემიმცირდა ბრუნვა და ვფიქრობ, დამატებითი კაპიტალის მოზიდვის მიზნით პროდუქცია გავაძვირო.”

 

ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დამატებითი ღირებულების გადასახდის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმება მთავრობას ბიუჯეტში გადასახადების მობილიზებისთვის დასჭირდა.

 

კომპანია “ბომბოს” მენეჯერი ამბობს, რომ სჯობდა მთავრობას ყველა ბიზნესი თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა: “ყველას რომ ესარგებლა შეღავათით, ის ჯობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიუჯეტში თანხის მობილიზება უჭირთ და ბიზნესიდან უნდა ამოიღონ”.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ბიზნესის მოსაზრებას არ ეთაანხმება და აცხადებს, რომ დღგ–ს შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებამ იპორტიორები და ადგილობრივი მეწარმეები თანაბარ პირობებში ჩააყენა:

 

“ამით მხოლოდ იმპორტიორები არიან უკმაყოფილო. მაგალითად, ავიღოთ სიგარეტის წარმობა. სიგარეტის მწარმოებელს რომ ეყიდა ჩვენი ნედლეული, ამ შემთხვევაში უნდა გადაეხადა დღგ 18%. რომ შემოეტანა ბულგარეთიდან ან სხვა ქვეყნიდან, შეეძლო ერთი წელი არ გადაეხადა. განვადება ჰქონდა, ფაქტობრივად, უპროცენტო. ამით ჩვენ იმპოირტიორი და ადგილობრივი მწარმოებლები ერთნაირ მდგომარეობაში ჩავაყენეთ. იგივე ტანსაცმელი, აქ მშვენიერი ფაბრიკები გაიხსნა, რომ გაუშვებს ქსელში ნაწარმს, უნდა გადაიხადოს 18%  და თუ თურქეთიდან შემოიტანს, არ უნდა გადაიხადოს?!”

 

გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ყველა შემთხვევაში დღგ–ს შეღავათიანი რეჟიმის გაუქმება არის სწორი გადაწყვეტილება: “მეწარმე უნდა იყოს იგივე პირობებში, რაშიც იმპორტიორი. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ბიუჯეტში თანხების მობილიზებაც მოხდება.”

 

2014 წლის ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის გეგმა პირველ  კვარტალში 764 100 ლარი იყო. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარში დღგ–ს გადასახადის სახით ბიუჯეტში 314 181 ათასი ლარი – გეგმის 40% შევიდა; 2 თვეში – 536 351 ათასი ლარი, გეგმის 70%, ხოლო 3 თვეში – 758 778 ათასი ლარი, გეგმის 99,3 %-ის მობილიზება მოხდა.

 

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დღგ–ს 6 თვის გეგმა 1 487 700 ლარი იყო: 4 თვის შესრულება  – 1 001 048 ლარი, გეგმის  – 67%, 5 თვის შესრულება – 1 269 335 ლარი, გეგმის   –  85%. 6 თვის შესრულება (როდესაც უკვე კანონი ამოქმედდა) – 1 555 970 ლარი, გეგმის –104%.

 

ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის წინასწარი  მობილიზება ბიუჯეტში დროებით ეფექტს მოიტანს:

 

“საბიუჯეტო დეფიციტის გამო დღგ–ს მობილიზება ცოტა უცნაურია. ეს მოკლევადიანი ეფექტია”.

 

ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ბიზნესს უსამართლოდ მოექცა:

“იყო კარგი გადამხდელების ჯგუფი. ბიზნესს ეძლეოდა საშუალება იმისა, რომ ის ფული, რაც ახლა დღგ–ში უნდა გადაიხადო, აეტრიალებინა და დაეჩქარებინა   კომპანიის მოგება. ეს იყო სტანდარტული რეჟიმი. თუ გამოთანაბრებაზე  იყო საუბარი, ყველა ჩაეყენებინათ ერთნაირ შეღავათიან რეჟიმში. პროდუქტის შემოტანისთანავე დღგ–ს გადახდა პრინციპულად არასწორია, რადგან შემოტანა საზღვარზე, არ ნიშნავს, რომ მე ის ეგრევე რეალიზაციაზე გამაქვს. დღგ არის პროდუქციის მიწოდებაზე და რეალიზაციაზე გადასახადი. შესაძლოა იმპორტიორს პროდუქტი საწყობში 5 თვე ედოს, რატომ უნდა გადაიხადოს დღგ? ბიზნესისთვის დრო ფულია და დროში რაც უფრო შეღავათიანი რეჟიმია, მით უფრო კარგად გრძნობს თავს. ახალი რეჟიმის  შემოღებაზე საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები სუსტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი