ახალი ამბები

აბაშიძე: გამოძიება ადასტურებს, რომ გელაშვილის ცემის ორგანიზატორი სააკაშვილი იყო

5 აგვისტო, 2014 • • 873
აბაშიძე: გამოძიება ადასტურებს, რომ გელაშვილის ცემის ორგანიზატორი სააკაშვილი იყო

ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის და ყველა კითხვას სასამართლო უპასუხებს:

 

“გამოძიებას დადასტურებული აქვს, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში ორგანიზება გაუწია ვალერი გელაშვილის ცემას. მას შემდეგ, რაც ეს საქმე გაიგზავნება სასამართლოში, როგორც სხვა საქმეები, სასამართლო დაიწყებს  განხილვას. როდესაც ოპონენტები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სასამართლოზე. სასამართლო საბოლოოდ დაადასტურებს სააკაშვილის და ნებისმიერი სხვა მაღალი თანამდებობის პირის ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს და მე, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტებს, უმაღლესი თანამდებობის პირებს არ ჩაედინათ დანაშაული. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ტრაგედიად მიმაჩნია.”

 

პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრს ბრალი დღეს წაუყენა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

პროკურატურის მტკიცებით,  სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი