“კინოლოგიური პროექტის მიზანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საქართველოს შსს-ს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს”, – აცხადებენ შსს-ში.
შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა აღნიშნულ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს რვაკვირიანი მომზადების კურსი, ასევე გაეცნენ თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ სისტემას.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები დანაყოფის წევრებთან ერთად ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ოპერატიული დანაყოფი ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე პერიოდულად სხვადასხვა გამტარ პუნქტებში იმუშავებს.