ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების შემოტანისთვის საზღვარზე ორი პირი დააკავეს

4 აგვისტო, 2014 • 886
რადიოაქტიური ნივთიერების შემოტანისთვის საზღვარზე ორი პირი დააკავეს

“საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვარზე, რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის და რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1965 წელს დაბადებული სამველ ვ. და 1966 წელს დაბადებული ჰარუთუნ ჰ. დააკავეს. სამართალდამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერება „ცეზიუმ 137“-ის შემცველი, ქარხნული წესით დამზადებული კონტეინერი ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


გამოძიება საბაჟო საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის და რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


იმის გასარკვევად, თუ რა მიზნით შემოჰქონდათ საზღვარზე დაკავებულ პირებს რადიოაქტიური ნივთიერებები და არის თუ არა გამოძიებისთვის ცნობილი სხვა დეტალები, “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


“ცეზიუმ 137”-ს სამრეწველო ობიექტებზე და სამედიცინო დანიშნულებით იყენებენ. ის ასევე გამოიყენება ბირთვული იარაღისა და ბირთვული რეაქტორების შექმნის მიზნით. “ცეზიუმ 137” ბიოსფეროს რადიოაქტიური დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი