ახალი ამბები

“არა ფობიას”: “ჩიხურას” მატჩებზე მომხდარ ინციდენტებს ადეკვატური რეაგირება არ მოყოლია

4 აგვისტო, 2014 • • 1270
“არა ფობიას”: “ჩიხურას” მატჩებზე მომხდარ ინციდენტებს ადეკვატური რეაგირება არ მოყოლია

“არა ფობიას” აცხადებს, რომ იმის მაგივრად, საქართველოს მთავრობას ან ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა, ფედერაციამ საკუთარ ინტერნეტ გვერდზე “ჩიხურას” 24 ივლისის გამარჯვებას “გმირულს” უწოდებს, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პასიურობს:

 

“სამინისტროს პასიურობა მიანიშნებს, რომ თავდაპირველად მომხდარ ინციდენტზე მათი რეაქცია სუსტი და არასათანადო იყო, რის გამოც გაცილებით საშიში და ქვეყნისთვის საფრთხილო პროვოკაციის მომსწრენი გავხდით.  ასეთი მიდგომა, ჩვენი აზრით, შემდგომშიც წაახალისებს იმავე ხასიათის ქმედებებს, როგორც ფეხბურთელების, ასევე,  მათი გულშემატკივრის მხრიდან”, – წერია განცხადებაში. 

 

“არა ფობიას” მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ლოკომოტივის სტადიონზე გამართულ მატჩს ესწრებოდნენ, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა აღეკვეთათ ნაცისტური გამოსვლები.

 

“არა ფობიას” მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სერიოზულად მოეკიდოს სპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას გამოვლენილ დისკრიმინაციულ ქმედებებს და შესაბამისი სანქციები დაუწესოს ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებსა და კლუბებს.

 

“მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ეთნიკური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს მომავალში დისკრიმინაციის საჯარო გამოვლინებების, ასევე, სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების პრევენციისა და აღკვეთისთვის”, – აცხადებს “არა ფობიას”.

 

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას” შედიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI, მედიის განვითარების ფონდი, MDF, იდენტობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS, საფარი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

 

2014 წლის 24 ივლისს თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და თურქეთის “ბურსასფორს” შორის ევროპის ლიგის შესარჩევი მატჩი გაიმართა, რა დროსაც გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა თურქ გულშემატკივარს.

 

ამას მოყვა გუნდების გულშემატკივრების, ფეხბურთელების და მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლების დაპირისპირებაც. იმავე მატჩის მსვლელობის დროს ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა ნაცისტური მისალმებითა და დროშით ანტითურქული გამოსვლაც მოაწყო.

 

ინციდენტის გამო უეფამ საჩხერის გუნდს სანქციები დაუწესა: “ჩიხურა” 15 ათასი ევროთი დაჯარიმდა, მომდევნო შეხვედრებზე კი სტადიონის ტრიბუნები დახურული იქნება.

 

ერთ კვირის შემდეგ, 31 ივლისს, “ჩიხურას” თამაშის დროს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილ საქართველოს რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილიც იყო დატანილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი