ახალი ამბები

UNM: მანანა ბერიკაშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა

4 აგვისტო, 2014 • • 1003
UNM: მანანა ბერიკაშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა

“ნაციონალური მოძრაობა” ხაზს უსვამს 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების ღამით მომხდარ ფაქტს, როდესაც გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 11 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. პარტიაში აცხადებენ, რომ მანანა ბერიკაშვილმა  ბარბარე რაფალიანცის სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ერთად:

 

“იმ დროისთვის გურჯაანის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბერიკაშვილმა რაფალიანცის გარდაცვალება უაპელაციოდ დააბრალა პოლიტიკურ ოპონენტებს, რათა მის პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული პოლიტიკური სარგებელი მიეღოთ. არჩევნების შემდეგ არაერთგზის გვესმოდა ღარიბაშვილის დაპირებები გამოძიების „პირად კონტროლზე“ აყვანის შესახებ. მოცემული საქმე, სხვა მრავალ საქმესთან ერთად – რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და იყენებს და რომლებზეც ააგო კიდეც მთავრობამ საკუთარი საქმიანობის მთავარი ფოკუსი – კვლავაც გამოუძიებელია. მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ბერიკაშვილის და ღარიბაშვილის ამაზრზენი ბრალდება იყო სრული სიცრუე, არც ქ-ნ ბერიკაშვილს და არც ბ-ნ ღარიბაშვილს საზოგადოების წინაშე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. ამდენად, მანანა ბერიკაშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნება წარმოადგენს მთლიანად საზოგადოების შეურაცხყოფას”,- ნათქვამია განცხადებაში. 

 

პარტია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, მანანა ბერიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაინიშნა კულტურის მინისტრის მაოდგილედ:

 

“ბერიკაშვილის დანიშვნა ასევე წარმოაჩენს ახლად დანიშნული კულტურის მინისტრის უმწეობას გაქცეული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატის წინაშე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბერიკაშვილის დანიშვნა სწორედ ივანიშვილის ინიციატივაა. ეს ალბათ ლოგიკურიცაა, რადგან 2012 წლის 30 სექტემბრის ღამეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ჩვილი ბავშვის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ბიძინა ივანიშვილის მორალის და პოლიტიკური რენომეს რეალური ანარეკლია”.   

 

ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი 21 ივლისს დაითხოვა, მათ შორის კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია. მანანა ბერიკაშვილი ასევე გახლდათ გურამ ოდიშარიას მოადგილე, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრემიერმა კულტურის უკვე ყოფილი მინისტრი გადააყენა და მის ნაცვლად  “ისთერნ ფრომოუშენის” დამფუძნებელის მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა, გათავისუფლდნენ ოდიშარიას  მოადგილეებიც. ირაკლი ღარიბაშვილის 1 აგვისტოს  ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ  მანანა ბერიკაშვილი კვლავ გააგრძელებს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი