ეკონომიკა

კომპანია “ალდაგი” სამ ნაწილად გაიყო

4 აგვისტო, 2014 • • 2751
კომპანია “ალდაგი” სამ ნაწილად გაიყო

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 31 ივლისს კომპანიის აქციონერთა კრებამ კომპანიის სამ ნაწილად გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.   


კომპანიაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გამიჯნა.


სააქციო საზოგადოება აცხადებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ბაზარზე შეიქმნა ჯანდაცვის ბიზნესი, მეორე მხრივ, სიცოცხლისა და ქონებრივი რისკების დაზღვევის ბიზნესი.


„აღნიშნული საშუალებას მისცემს თითოეულ მიმართულებას შემდგომი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფრო აქტიურად განავითაროს თითოეული მიმართულება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი”, – აცხადებს კომპანიის მენეჯემენტი.


კომპანიის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე იმუშავებს სადაზღვევო კომპანია იმედი L, ხოლო სამედიცინო კორპორაცია “ევექსი” უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას.


რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ამ მიმართულებით იმუშავებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი. კომპანია ასევე განმარტავს, რომ იმედი L ბრენდის დაბრუნება ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესში მისმა დადებითმა რეპუტაციამ და მაღალმა ცნობადობამ განაპირობა.


რებრენდინგი ასევე განიცადა სამედიცინო მომსახურების ბიზნესმაც, რომელიც მოიცავს ჩემი ოჯახის კლინიკას (794 საწოლი) და უნიმედს (1,143 საწოლი). აღნიშნული კლინიკები იმუშავებს სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” სახელით, რომელიც 36 კლინიკას აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.


„სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ალდაგისა და იმედი L – ისგან დამოუკიდებელ ბრენდს წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია “ევექსის”  ძლიერ და დამოუკიდებელ ბრენდად წარმოჩენის მიზნით”, – ამბობენ სააქციო საზოგადოებაში.

 

”საქართველოს ბანკის” შვილობილმა სადაზღვევო კომპანიამ ”ალდაგი BCI”-იმ მისი კონკურენტი ”იმედი L”-ის აქციათა 85% 2012 წლის ოქტომბერში იყიდა.

 

”საქართველოს ბანკმა” განაცხადა, რომ აქციების 51%-ის გამოსყიდვა შპს ”მეტასგან” მოხდა, ხოლო 34%-ის – რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკისგან (EBRD). 

 

”ალდაგი BCI”-იმ ”იმედი L”-ის აქტივები 8 მლნ ლარად შეაფასა. გარიგების ღირებულების გადახდა ნაღდი ფულით მოხდა.

 

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” დაარსდა 1990 წელს. 2006 წლის ბოლოს “ალდაგის” აქციების 100%  სადაზღვევო კომპანია “ბისიაიმ” შეიძინა. “ბისიაი” 1998 წელს დაარსდა, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი “საქართველოს ბანკია”.

2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა: “ალდაგმა” შეიძინა სადაზღვევო კომპანია “სელბი”, ხოლო “ბისიაიმ” – “ევროპეისი”. 2007 წელს ორი კომპანია გაერთიანდა და “ალდაგი ბისიაის” სახელით დაიწყო ოპერირება.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი