ახალი ამბები

ბიომეტრული პასპორტების გაცემა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში 10 აგვისტოდან დაიწყება

4 აგვისტო, 2014 • 984
ბიომეტრული პასპორტების გაცემა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში 10 აგვისტოდან დაიწყება

სამინისტროები აცხადებენ, რომ  ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტებით სრულად ჩანაცვლება.

 

“შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა”.

სამინისტროების განცხადებიც თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ტექნიკური და პროგრამული საშუალებების საბოლოო გამართვა და ადამიანური რესურსის გადამზადება, რის გამოც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში პასპორტების გაცემაზე მოქალაქეთა განაცხადებების მიღება შეჩერებულია 2014 წლის 10 აგვისტომდე.

10 აგვისტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში განახლდება განაცხადების მიღება და მოხდება მხოლოდ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემა. კანონის თანახმად, ბიომეტრული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისგან ბიომეტრული მონაცემების მიღება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო თხოვნით მიმართავს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდნონ საზღვარგარეთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემის პროცესში, პირველ ეტაპზე წარმოქმნილ შესაძლო შეფერხებებს.

საზღვარგარეთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების მიღების თაობაზე სრული ინფორმაცია განთავსდება  საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდებზე.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი