ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთისთვის სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს

3 აგვისტო, 2014 • • 1118
აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთისთვის სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს

“ეხო კავკაზა”–ს ცნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ  “ოკუპანტი სომხეთის არმიამ” ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და სომხეთ–აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზზე აზერბაიჯანის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. ქვეყნის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ “აგრესორი სომხეთის” მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების იგნორირება, ეთნიკური წმენდის პოლიტიკის განხორციელება, მილიონზე მეტი ადამიანის გაძევება საკუთარი სახლებიდან და პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მშვიდობას ზიანს აყენებს საერთაშორისო საზოგადოებისგან სომხეთის მიმართ სერიოზული სანქციების შემოღებას იმსახურებს. 

 

“სამშვიდობო პროცესს ყველაზე დიდ საფრთხეს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უქმნის. ამიტომ, პირველ რიგში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვონ. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას სომხეთი, მით უფრო მალე აღდგება რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა”,– ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 

აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ვითარების დაძაბვას გამოეხმაურა, ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელმაც  მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა. ჯგუფი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც მოუწოდებს სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა ორი ქვეყნის საკონტაქტო ხაზთან. ეუთომ ასევე მკაცრად დაგმო, წითელი ჯვრის ჰუმანიტარული მისიის ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი, მათი განცხადებით, მომხდარი ჟენევის კონვენციას არღვევს. 

 

დღეს 3 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გაგზავნა მიმართვა თავისი მოქალაქეების მისამართით, რომლებიც სომხეთში ცხოვრობენ. 

 

“სომხეთის და აზერბაჯანის საზღვარზე დაძაბული მზარდი სიტუაციის გამო აშშ–ის საელჩო ერევანში ურჩევს ამერიკის მოქალაქეებს თავი არიდონ ამ საზღვრისპირა ზონაში მოგზაურობისაგან. ეს ზონა ასევე მოიცავს  ერევანს და თბილის შორის არსებული გზატკეცილის სეგმენტს”,– ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ  2 აგვისტოს ღამეს აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბახის საკონტაქტო ხაზთან სამხედრო დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის მხარე  აცხადებს, რომ  სომხეთის სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფი თავს დაესხა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოსტს ქალაქ აღდამის მიმართულებით, ხოლო სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა  განახორციელა საბოტაჟი. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი