ახალი ამბები

სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

2 აგვისტო, 2014 • • 1234
სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სააკაშვილის დამცველმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:

 

“რაწამს ჩაგვბარდება ეს განჩინება დასაბუთებული სახით, შესაბამისად მოვამზადებთ სააპელაციო საჩივარს,” – განაცხადა ადვოკატმა

 

მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს.

 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 9 საათზე 2 საათი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი დაცვის მხარის ადვოკატის დაგვიანება გახდა, საააკაშვილის დამცველმა ავოკატმა ოთო კახიძემ განაცხადა, რომ პროკურატურამ და სასამართლომ მას პროცესის ჩანიშვნის შესახებ გონივრულ ვადაზე ადრე ინფორმაცია არ მიაწოდა. 

 

მიხეილ სააკაშვილი, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი
მიხეილ სააკაშვილი, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

“ბრალდების მხარისთვის საინტერესო იყო მისი მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ყველასთვის ცნობილია. კერძოდ საქმე ეხება 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, რა განმარტებებს გააკეთებდა ის თავის ოფიციალურ ჩვენებაში. მაგრამ ვინაიდან მან არ ისურვა ჩვენების მიცემა, თავი აარიდა არაერთხელ დაბარების, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ბრალდების მხარეს სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ ემოქმედა მკაცრად კანონის ჩარჩოში გაწერილი ქმედების საფუძველზე, ხოლო კანონი ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს პატიმრობას,” – განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს

 

სააკაშვილთან ერთად ბრალი წარედგინა ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას.

 

მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი