ხელოვნება

14 აგვისტოდან საქართველოში “მოსიარულე ბიბლიოთეკა” ივლის

1 აგვისტო, 2014 • • 974
14 აგვისტოდან საქართველოში “მოსიარულე ბიბლიოთეკა” ივლის

“წიგნი ყველა სოფელს” არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია “სტუდენტური ერთიანობისა” და “წიგნის მეგობრების” ინიციატივით ხორციელდება.

 

“მსგავსი ტიპის ინიციატივები დღევანდელ საქართველოში იმ მოცემულობაში, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო საჭიროებს განთლებას, არა მხოლოდ ფუფუნებაა და კარგი საქმე არის, არამედ აუცილებლობა და პირველი საჭიროებაა. ამიტომაც მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პირველ ყოვლისა ახალგაზრდების იმ ჯგუფს, რომელმაც ეს ინიციატივა წამოიწყო და ეროვნული ბიბლიოთეკა ცხადია, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო,” – თქვა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

 

პროექტის ერთ–ერთი მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც არის. როგორც მინისტრმა თქვა, ეს ინიციატივა ადამიანების წიგნთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

 

“ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ საქმით ბევრ სასიკეთოს გავაკეთებთ, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც წყურვილი აქვს წიგნის და ესეთი ადამიანები, დამერწმუნეთ, რომ მთელ ქვეყანაში, რეგიონებში, სოფლებში ძალიან ბევრია,” – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

 

პროექტში ჩართვა საზოგადოებასაც შეეძლება. 1 აგვისტოდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ “სმარტის” და ამერიკული რესტორნების ქსელ “ვენდის” ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, ასევე “დავითიანნის” ოფისებში მიიტანონ წიგნები იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია.

 

წიგნებს ეროვნული ბიბლიოთეკა დაახარისხებს, ხოლო რეგიონებს კი “მოსიარულე ბიბლიოთეკა” მიაწოდებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება.

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, “მოსიარულე ბიბლიოთეკა” 14 აგვისტოს თავის პირველ მარშრუტს კახეთის რეგიონში განახორციელებს. პირველ ეტაპზე პროექტი სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა–მთიანეთისა და აჭარის რეგიონებს მოიცავს.

პროექტ - წიგნი ყველა სოფელს - პრეზენტაცია/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პროექტ – წიგნი ყველა სოფელს – პრეზენტაცია/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მასალების გადაბეჭდვის წესი