ახალი ამბები

გაერო მიიჩნევს, რომ საქართველომ წარსულში მომხდარი დარღვევების გამოძიება უნდა გააგრძელოს

1 აგვისტო, 2014 • • 1754
გაერო მიიჩნევს, რომ საქართველომ წარსულში მომხდარი დარღვევების გამოძიება უნდა გააგრძელოს

“კომიტეტი აცნობიერებს იმ გამოწვევას, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას მსხვერპლთა კომპენსირების კუთხით და შეშფოთებულია იმით, რომ პროკურატურაში ათასობით საჩივარია შესული 2012 წლის არჩევნებამდე მომხდარ დანაშაულებებთან დაკავშირებით, მათ შორის ეს ეხება უსამართლო სასამართლოს, წამებას და არალეგალურ ექსპროპრიაციას. ამავდროულად, კომიტეტი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს კანონის უზენაესობის საჭიროება  და კორუფციასთან ბრძოლა, რათა ადამიანის უფლებების დარღვევათა მსხვერპლთა კომპენსირება იყოს უზრუნველყოფილი, შეშფოთებულია, რადგან იმ სამართლებრივი დევნის საქმეების რაოდენობამ, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარეობს, შესაძლოა, მართლმასაჯულების სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენების შთაბეჭდილება შექმნას”, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მხარემ გამოძიების პროცესი უნდა გააგრძელოს, თუმცა ისე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების შთაბეჭდილება არ შეიქმნას. ამასთან, კომიტეტი მიიჩნევს, რომ დაზარალებული ადამაინებისთვის კომპენსაციების გაცემაც უნდა მოხდეს.


კომიტეტის ანგარიშს დღეს, 1 აგვისტოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა:


„გაეროს პირდაპირი რეკომენდაციაა და მოწოდება, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი. როგორც მათ პირველად დასკვნაშია აღნიშნული, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. იქ საუბარი არის ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, ქონების დატაცება და მრავალი სხვა…ეს არის მართლაც დასაფიქრებელი ჩვენი მთავრობისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. პროცესი არის ღია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ ამ პროცესში. მით უმეტეს, რომ საუბარია მძიმე დანაშაულებების გამოძიებაზე და ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყობთ პროცესების გამჭვირვალობას და გახსნილობას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა ანგარიშის ტექსტის ის ნაწილი, რომელზეც ღარიბაშილი საუბრობს, არა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ამაჟამად მიმდინარე სამართლებრივ საქმეებს, არამედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, და ომის დანაშაულების გამოძიების აუცილებლობას ეხება.


მასალების გადაბეჭდვის წესი