ახალი ამბები

გიორგი სიგუა თანამდებობიდან დაითხოვეს, თუმცა როგორც ის ამბობს, მისთვის ეს არ უცნობებიათ

30 ივლისი, 2014 • • 1084
გიორგი სიგუა თანამდებობიდან დაითხოვეს, თუმცა როგორც ის ამბობს, მისთვის ეს არ უცნობებიათ

“მთელი დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი მირეკავს ამ კითხვით, უკვე მე თავად დავეჭვდი, ხომ არ გამათავისუფლეს, მე თავად მივდივარ გასარკვევად კანცელარიაში. ვინც უნდა მითხრას, რომ გათავისუფლებული ვარ, ის არ მეუბნება ამას,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სიგუა. 


ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გიორგი სიგუა 4 აგვისტოდან თანამდებობიდან გათავისუფლებულია. 


 

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გიორგი სიგუას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სამინისტროს მხრიდან, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, გიორგი სიგუას გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება. კერძოდ, 4 აგვისტოდან დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.


 

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ გიორგი სიგუას მიერ 30 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის თითქოსდა არ იყო ინფორმირებული თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება – პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა დროს გიორგი სიგუას არაერთხელ მიეცა ზეპირი გაფრთხილება მის მიერ განხორციელებული სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო და ასევე, სამინისტროს მიერ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე გიორგი სიგუასთვის იყო ცნობილი. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს გიორგი სიგუას განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აგვისტოს თვეში არ აპირებს თანამდებობის დატოვებას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო – ამ კომენტარის გაკეთების მომენტისთვის მას მინისტრის სახელზე უკვე დაწერილი ჰქონდა განცხადება 4 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე შვებულებით სარგებლობის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 29 ივლისს დარეგისტრირდა,”- წერია სამინისტროს განცხადებაში. 


მასალების გადაბეჭდვის წესი