სამართალი

საია: პროკურატურამ უნდა გამოიძიოს “მაყურებლების” და პატიმრებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები

24 ივლისი, 2014 • • 1532
საია: პროკურატურამ უნდა გამოიძიოს “მაყურებლების” და პატიმრებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები

როგორც საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, 21 ივლისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა მოინახულა პატიმარი შავლეგ გურგენაძე, რომლის განცხადებაც ციხეში მაყურებლების არსებობის თაობაზე საიამ 16 ივლისს გაავრცელა.  

“გურგენიძე საიას ადვოკატთან საუბარში ამბობს, რომ მას შეხვდა #8 დაწესებულების უფროსის მოადგილე უსაფრთხოების დაგში, ვინმე ილო, რომელმაც განუცხადა გააგრძელე საიაში განცხადებების წერა და ვინ რას მოიგებს ისიც ვნახოთო”, – აცხადებს კოჟორიძე. მისი თქმით, პატიმარი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. კოჟორიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ, ან სხვა რომელიმე პატიმარზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდება საია ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ.

კიდევ უფრო შემაშფოთებელს უწოდებს საიას თავმჯდომარე მეორე პატიმრის, ტრისტან ვასაძის ახსნა–განმარტებას. ტრისტან ვასაძე ამბობს, რომ შეესწრო ციხის თანამშრომლების მხრიდან სხვა პატიმრის ცემის ფაქტს, რაზეც ღიად განაცხადა პროტესტი, ამის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვასაძე საიას ადვოკატისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში წერს:

“დამიწყეს ცემა ხელებით, ფეხებით, 2 ლიტრიანი წყლის სავსე ბოთლით”

 


პატიმრის თქმით, ამის შემდეგ ის ქუთაისის #2 დაწესებულებაში გადაიყვანეს:

“როდესაც ვიკითხე სად მივყავდი, გ.ი.–მ[ციხის თანამშრომელი] მითხრა დამცინავი ხმით: იქ მიდიხარ, სადაც შემთხვევითი სიკვდილიანობა მომატებულიაო”, – აცხადებს პატიმარი.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ორივე პატიმარი ზეწოლის ფაქტებზე საუბრისას გლდანის #8 დაწესებულების ერთსა და იმავე თანამსრომელს, დაწესებულების უფროსის მოადგილეს ასახელებს.

 

საიაში არ იციან დაიწყო თუ არა ამ ფაქტებზე გამოძიება.

 

“ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურის წარმომადგენელი იყო მისული  შავლეგ გურგენიძესთან, უნდოდათ მისი დაკითხვა, თუმცა შავლეგ გურგენიძემ მოითხოვა რომ დაეკითხათ ადვოკატის თანდასწრებით, ამიტომ დაკითხვა გადაიდო და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება”, – აცხადებს გურგენიძის ადვოკატი მიხეილ ღოღაძე.

 

კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ პროკურატურა ასეთ შემთხვევებში ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, ხოლო სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ “მაყურებლებთან” დაკავშირებით საიას განცხადებები აბსურდულია, შესაძლოა დაწესებულების თანამშრომლების არასათანადო ქცევა წაახალისოს:

 

“ასეთი მიდგომა არათუ აღკვეთს, შეიძლება ხელიც შეუწყოს დანაშაულს, რადგან მეტი სითამამე მიეცემათ კანონდამრღვევებს იმის ჩასადენად, რაზეც საუბრობენ პატიმრები, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ მათი ქმედება უაპელაციოდ და ყოველგვარი გამოძიების გარეშე შესაძლოა გამართლდეს”, – აცხადებს კოჟორიძე.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, სადაც ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

პროკურატურაში კი არკვევენ დაიწყო თუ არა ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება.

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი