ახალი ამბები

“შავი ჯიპის შავ მინაში დეპუტატი ოცნებობდა”

23 ივლისი, 2014 • • 1718
“შავი ჯიპის შავ მინაში დეპუტატი ოცნებობდა”

ლექსი – “დეპუტატის აღსარება” რატი ამაღლობელმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაწერა. პოეტის მიერ შექმნილი სახე ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ჩინოვნიკის ერთგვარ პროტოტიპად იქცა. “დეპუტატი კი ვარ, მაგრამ სახელი და გვარი არ მაქვს”, – შავ ჯიპში მეოცნებე ჩინოვნიკი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ პირად კეთილდღეობასა და ნაკლებად, ხალხზე.


“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ საჯარო მოხელესთან ასოცირებული განწყობები შეიცვლებოდა და საზოგადოება პასუხისმგებლიან და ხალხზე ორიენტირებულ ხელისუფლებას მიიღებდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბიუჯეტის ანუ ხალხის ფულის უპრეცედენტო ხარჯვის გამო არაერთხელ მოექცნენ მედიის ყურადღების ქვეშ.


სააკაშვილს აკრიტიკებდა საზოგადოება ძვირადღირებული მასაჟისტების, ძვირადღირებულ რესტორნებში სადილ-ვახშმობის, მაღალჩინოსნების და მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მფარველობისა და სხვა შემთხვევების გამო.


2012 წელს ხელისუფლებაში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი მთავრობის იმედი კიდევ ერთხელ გააცოცხლა. თუმცა ეს მითიც მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც საჯარო მოხელეთა ყოველთვიური პრემიების რაოდენობა გასაჯაროვდა. ხელისუფლება, რომელიც ხალხს პრემიების გაცემის მავნე პრაქტიკის გადახედვას ჰპირდებოდა, მანამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. საჯარო მოხელეები არ ერიდებიან პირადი ინტერესებისთვის გამოიყენონ სახელმწიფო მანქანები. ისინი აღიარებენ, რომ სახელმწიფო მანქანებით მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ, დაჰყავთ შვილები კურორტებზე, მეუღლეები პირად საჭიროებებზე და ა.შ. ნორმად იქცა ნეპოტიზმი ანუ თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნა.


პროცესი წაახალისა პრემიერის განცხადებამ და ფაქტებმა, როცა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის – თამაზ თამაზაშვილის შვილმა, ცოლის ძმამ, დამ, სიძემ, დისშვილმა და სხვა ახლობლებმა საჯარო სამსახურებში სხვადასხვა თანამდებობა გადაინაწილეს. იგივე ეხება პარლამენტის მაღალჩინოსნებსაც.


საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის გამო კრიტიკის ობიექტად იქცა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც, რომლის უწყების “სადილის მენიუ” სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა იყო.


მსგავსმა მაგალითებმა საჯარო მოხელეები წაახალისა რეგიონებშიც. აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაში ადამიანები არა პირადი დამსახურების, არამედ მაღალჩინოსანთა ახლობლობისა და კეთილგანწყობის გამო დაინიშნენ.


“აბა, სხვას ვის ვანდობ ჩემს ძვირფას სიცოცხლეს”, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, როცა მის პირად მძღოლად საკუთარი სიძე მიიყვანა. “ძვირფას სიცოცხლეზე” მზრუნველი თავმჯდომარე მის “განსაკუთრებულობას” სხვა ფორმითაც გამოხატავს – მისი მანქანა ჩნდება ველობილიკზე, ქალაქის რეკრეაციულ ზონაში, იქ, სადაც ავტომანქანების შესვლა აკრძალულია. “რა არის ამაში გასაკვირი. მე ვიპ პერსონა ვარ და მაქვს უფლება”, – ამბობს ის.


თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც საბიუჯეტო ფინანსების შემცირებასა და სამსახურების ავტომანქანების შეზღუდვით გამოყენებაზე განაცხადა, თბილისის საკრებულოში ახლახან არჩეული ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი იყო. ის თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.


“მინდა დავამსხვრიო დეპუტატის სტერეოტიპი, რომელსაც მანქანა უნდა ემსახურებოდეს, დაღონებული სახით დადიოდეს და ხალხთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს შეწყვეტილი”, – განაცხადა მან ჟურნალ “ლიბერალთან”. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრი თუ სხვა მოხელე ნაკლებად უნდა იყოს ორიენტირებული პირადი კეთილდღეობის მოწყობაზე და უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ხალხზე. “ჩვენ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში და თითოეულ თეთრს სჭირდება გაფრთხილება… ხელისუფლების წარმომადგენლები კი თავიანთ პოსტებს ზომავენ არა პასუხისმგებლობით, არამედ “ჯიპების” სიდიდით”, – აცხადებს ის.


როგორია საჯარო მოხელის საერთაშორისო სტანდარტი და რას მოითხოვს საჯარო მოხელის ეთიკა? ეუთოს წევრი სახელმწიფოების გამოცდილების ანალიზის მიხედვით: “მოქალაქეები ენდობიან და აქვთ მოლოდინი, რომ საჯარო მოხელეები საჯარო ინტერესებს უანგაროდ ემსახურებიან და საჯარო რესურსებს იყენებენ თანაზომიერად”. ამავე ანალიზის მიხედვით, ნდობის ამაღლებას ხელს უწყობს ეთიკა, რომელიც წარმოადგენს “ბაზისს და ქმნის სახელმწიფოს პასუხისმგებლობით აღსავსე მართვის ქვაკუთხედს”.


ეუთოს წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებათა ჩამონათვალი, რომელიც საჯარო მოხელის საქმიანობის ყოველდღიურ ორიენტირს წარმოადგენს. ეს ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, კანონიერება, ინტეგრირებულობა, პროდუქტიულობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, თანასწორობა და სამართლიანობა. სწორედ ამ ნორმების ცოდნით განისაზღვრება ამ ქვეყნებში საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღება.


იურისტი სულხან სალაძე თავის ბლოგში – “პირველი ბელგრადული” მაღალი რანგის პოლიტიკური პერსონის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის აეროპორტში გადაადგილების პროცესს აღწერს: “ის ისევე იდგა რიგში და ელოდა თავის დროს, როგორც სხვა მგზავრები. არანაირი რიგის დარღვევის მცდელობა, ან კიდევ სტატუსით სარგებლობა. ბილეთიც ეკონომკლასში ჰქონდა აღებული და სტამბოლში ტრანსფერის დროსაც მშვიდად მიუყვებოდა მორიგი საკონტროლო პროცედურის წინა ლაბირინთს და ზღვა ხალხის რიგს… მას არც ე.წ. ვიპგასასვლელით უსარგებლია, მგზავრების დიდ ნაწილს არ გაუგია მისი იქ ყოფნის შესახებ. შესაბამისად, არც დისკომფორტი შეჰქმნია ვინმეს”.


რატომ ვერ ახერხებენ ქართველი ჩინოვნიკები იყვნენ საზოგადოებრივ ადგილებში “უჩინარნი” და ხელისუფლებაში ხილულნი? საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (“ჯიპას”) საერთაშორისო პოლიტიკისა და სამართლის დეკანის, ბაკურ კვაშილავას მოსაზრებით, ამ კითხვაზე პასუხი პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარსულში უნდა ვეძიოთ:


“ყველაზე მეტად ეს დაკავშირებულია საბჭოთა მმართველობასთან, სადაც ბიუროკრატია ყველაზე დამთრგუნველი იყო, ხელისუფლება კი – ნაკლებად ორიენტირებული ხალხზე. საჯარო მოხელესთან იყო ასოცირებული კორუფცია, საქმის გაჭიანურება და შეფერხება. ფილმებში: “ცისფერი მთები”, “გიორგობისთვე” ტიპიური ბიუროკრატიის უარყოფითი სახეა მოცემული, რომელიც ნაწილობრივ გადმოყვა ქართულ სახელმწიფოს”.


ბაკურ კვაშილავას აზრით, საბჭოთა ინერციიდან მოდის ხელისუფლებაში ფულის დაგროვებისა და შემდეგ ბიზნესში გადანაცვლების ტენდენციაც, და არა პირიქით, როგორც ეს არის, ვთქვათ, დასავლეთის ქვეყნებში: “ეს ორი ფაქტორი დღევანდელ ქართველ მოხელეშიც არის შერწყმული, რაც თავისთავად მანკიერი მიმართულებაა. დღეს ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია დაგეგმოს წარმოუდგენელი გამდიდრება სამ თვეში ხელისუფლებაში, ვიდრე გარანტირებული გამდიდრება, ვთქვათ, ათწლიანი შრომის შემდეგ. ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა. ამას განაპირობებს ისიც, რომ მოსახლეობის უდიდეს დამსაქმებლად ისევ ხელისუფლება რჩება”.


სპეციალისტის აზრით, საჯარო სამსახურს თავისთავად ახლავს პრივილეგიები, ამიტომ ამ სიკეთეების გამოყენების თანაზომიერებაზე საუბარი ყოველთვის შეიძლება:


“ის, რომ საჯარო მოხელეებმა უპრეცედენტოდ მაღალი პრემია აიღეს, ამაზე ხალხმა არჩევნების მეორე ტურით გასცა პასუხი. ხელისუფლებაში მყოფი ძალები ნელ-ნელა ისწავლიან, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა. გამოსავალი არის ხალხის მიზანმიმართული რეაქცია მათ არასწორ ქმედებებზე. დრო გარდაუვლად ასწავლის მთავრობას პასუხისმგებლობას, საზოგადოებას კი – გამდიდრების გრძელვადიან გეგმაზე ფიქრს”.


სპეციალისტის აზრით, შემდგომ არჩევნებზე ჩვენ გაცილებით ჩამოყალიბებული ქვეყანა გვექნება, სადაც ბიუროკრატები ვერ გაბედავენ ასეთი მაღალი პრემიების მიღებას მასობრივად და მსგავსი პრემიები გამონაკლისი იქნება.

უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები
უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები

მასალების გადაბეჭდვის წესი