ახალი ამბები

ვოლსკი: მინისტრობის ყველა კანდიდატს კარგად ვიცნობ

22 ივლისი, 2014 • • 849
ვოლსკი: მინისტრობის ყველა კანდიდატს კარგად ვიცნობ

გია ვოლსკის თქმით, ეს კანდიდატები ის ხალხია, ვინც თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობებს და აჩვენებს, რომ ამ დარგში უფრო მეტის გაკეთება შეიძლება:

 

“ველოდებით დარგის განვითარებას, ახალი ამოცანების შესრულებას, ახალ ხედვას ველოდებით, ასევე, მეტ რეზულტატებს იგივე სოფლის მეურნეობაში. კულტურის სამინისტროშიც აუცილებელია გადახალისება, ვფიქრობ. საქართველო თავისი კულტურით მოწინავე რიგებში იყო ძნელბედობის ჟამსაც კი და ვფიქრობ, ეს ხაზი საქართველომ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს. დიასპორებთან ურთიერთობების თემა ახალ სიმაღლეებზეა ასაყვანი, იგივე სასჯელაღსრულების სისტემაში ცვლილებებია საჭირო.”

 

ვოლსკის თქმით, ყველა ყოფილი მინისტრი შექებას იმსახურებს:

 

“მადლობა უნდა ვუთხრათ, მაგრამ მომავალი ცოტა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს.”

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 22 ივლისს 6 მინისტრის კანდიდატურა წარადგინა. 
სოფლის მეურნეობის მინისტრად  ოთარ დანელია დასახელდა, იგი ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სასჯელაღსრულების მინისტრად- გიორგი მღებრიშვილი. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, პრემიერის განცხადებით მღებრიშვილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. მინისტრად წარდგენამდე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე პრემიერმა დავით შავლიაშვილი წარადგინა, შავლიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი – გელა დუმბაძე,  იგი განათლებით ფილოლოგია, მან ასევე დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. პრემიერს დღეს არ დაუსახელებია კულტურის მინისტრის კანდიდატურა, მისი თქმით, ამის შესახებ ხვალ, 23 ივლისს გახდება ცნობილი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი