ეკონომიკა

6 თვის ბიუჯეტის შესრულებას 126 მილიონი ლარი დააკლდა

22 ივლისი, 2014 • • 1114
6 თვის ბიუჯეტის შესრულებას 126 მილიონი ლარი დააკლდა

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლების თანახმად, მთლიანი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 4,09 მლრდ. ლარი იყო, ხოლო შესრულებამ – 3,953 მლრდ. ლარი შეადგინა. გეგმა- 96,9% –ით შესრულდა და დანაკლისი 126 მლნ. ლარია. 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებს არ ეთანხმება.

 

ფინანსთა მინისტრმა ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ქუთაისში, პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების პრეზენტაციის შემდეგ განუცახადა:  

 

“ნამდვილად არ აკლია 126 მილიონი 2014 წლის ბიუჯეტს. სულ გრანტებში დაახლოებით არის 130 მილიონი და მინდა გითხრათ, რომ ყველა გრანტი პრაქტიკულად მიღებადი არის და მეტსაც გეტყვით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები არის დაახლოებით 225 მილიონი ლარით გადაჭარბებული და შესრულებულია 103 პროცენტით”.

 

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ყველზე დიდი გარღვევა გრანტების და კრედიტების ნაწილში ფიქსირდება: 

 

გრანტების ნაწილში 6 თვის გეგმა – 100,1 მლნ. ლარი იყო, შესრულებამ – 47,1 მლნ. ლარი შეადგინა, რაც  დაგეგმილის 47%–ია. დანაკლისი გრანტების ნაწილში – 53,0 მლნ. ლარია.

 

კრედიტების ნაწილში 6 თვის გეგმა – 276,2 მლნ. ლარია, შესრულება – 146,9 მლნ. ლარი. გეგმის შესრულებამ ამ ნაწილში 53,2% შეადგინა. დანაკლისი – 129,3 მლნ. ლარია.

 

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა:  გეგმა – 3,364 მლრდ. ლარი; შესრულება – 3,376 მლრდ. ლარი. რაც 100,4%–ია. გადაჭარბებამ – 12 მლნ. ლარი შეადგინა. 

 

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი გარღვევაა ინფრსტრუქტურულ პროექტებში. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით  6 თვის გეგმის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 231 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. ათვისებულია მხოლოდ 217 მილიონი ლარი. 

 

მთავრობამ ვერ მოახერხა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტებზე 6 თვის ბიუჯეტში 102,3 მილიონი ლარი გაიწერა, 6 თვეში კი მხოლოდ 42,9 მილიონი ლარია გახარჯული. გარღვევა 58%-ია.

 

ბიუჯეტში არსებულ 126 მილიონიან დანაკლისს არ უარყოფს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.


მისი განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას წლის ბოლოს საფრთხე არ ემუქრება და ბიუჯეტში არსებული დანაკლისის მიზეზი შეფერხებული ინფრასტრუქტურული პროექტები გახდა:

 

“წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გავზრდით ინფრასტრუქტურული პროექტების სისწრაფეს. ბევრი პრობლემები არის იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც შემსრულებელი კომპანიები არიან. სამწუხაროდ, იმ კანონმდებლობამ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომლის შეცვლასაც ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად–ერთი კრიტერიუმი კომპანიების შერჩევისას იყო ფასი და კომპანიები შედიოდნენ დემპინგური ფასით ტენდერებში. შემდეგ ისინი იძულებულები იყვნენ, რომ ეგრეთ წოდებული პირამიდა ეთამაშათ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით. ამიტომ ძალიან ბევრ მათგანს არ აქვს საბანკო გარანტიების წარმოდგენის შესაძლებლობა და ასევე ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საერთასორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის დასმული ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. მაქსიმალუარდ უნდა იყოს დაზღვეული კორუფციის რისკები. და ამავე დროს შემოსატანია ახალი კრიტერიუმები, უფრო მაღალი ხარისხის და მაღალი პროფილით. რათა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა ამ ტიპის ტენდერებში. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეც ბევრს ვმუშაობთ. ელგუჯა ხოკრიშვილმა მოამზადა კანონპროექტი, რომელსაც გავიტანთ პარლამენტში. ”  


სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 2013 წლის ბიუჯეტის გადახრა საგადასახადო–შემოსავლების გეგმიდან 634 მლნ ლარია. გეგმა გაირღვა (დღგ) დამატებითი ღირებულების, მოგების და საშემოსავლო გადასახადის კუთხით.   

მასალების გადაბეჭდვის წესი