ეკონომიკა

თხილის დეფიციტმა ფასი გაზარდა

18 ივლისი, 2014 • • 5378
თხილის დეფიციტმა ფასი გაზარდა

რამ განაპირობა თხილის ფასის მკვეთრი ზრდა და რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე?


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჭურღულია ამბობს, რომ 2014 წელს რეგიონში თხილის მოსავალი 2013 წლის მაჩვენებელზე უფრო დაბალი იქნება:

 

“2014 წელს ქარმა დააზიანა თხილის პლანტაციები. გასულ წელს ზუგდიდის რაიონში მხოლოდ საკუთარმა გადამუშავებამ 22 ათასი ტონა შეადგინა. ქარხნებმა 2013 წელს გალიიდან გადმოტანილი 14 ათას ტონამდე თხილი გადაამუშავეს.“

 

ჭურღულიას ინფორმაციით, ზუგდიდში ქარის შედეგად დაზიანებული თხილის ფასი ივლისის მონაცემებით 2,5 ლარია, ხოლო 1 კგ ახალი თხილი 4 ლარად იყიდება.

 

ფერმერ ვალერი ჯიქიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეთაში თხილის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს:


“ახალი თხილი 1 ჰექტარზე გავაშენე. შარშანდელი მოსავალი იყო 3 ტონამდე. წელს თხილის ნარგავები გაყინა  და დაახლოებით 500 კგ იქნება.”  

 

ფერმერი ამბობს, რომ 2013 წელს გაუტეხავი თხილი  ქარხნებმა 3–4 ლარად ჩაიბარეს:

 

“ ჯერ მოსავლის აღება არ დაწყებულა და ფასი 4 ლარია. ფასი შეიძლება 10 ლარამდეც ავიდეს. მალე თხილი წამყვანი კულტურა გახდება  დასავლეთ საქართველოში.”  

 

თხილის დაბალ მოსავალს ელოდებიან ჩოხატაურშიც. სოფლის მეურნეობის საინფორმაციო– საკონსულტაციო ცენტრში აცხადებენ , რომ რაიონში თხილის მოსავლის 70%–ი  დაზიანებულია .

 

“თხილის პლანტაციებს ჩოხატაურში  2 700 ჰექტარი უჭირავს. როცა კარგი მოსავალი იყო, ვიღებდით 4 ათასიდან 4,5 ათას ტონამდე თხილს. წელს მოსავლის რაოდენობა შესაძლოა 2 ათასი ტონაც არ იყოს. “  

თხილის პლანტაციები ძლიერმა ყინვამ დააზიანა აჭარაშიც.

 

ქედის რაიონი სოფელი ზვარეში ზურაბ ფალავანდიშვილს თხილის პლანტაცია 25 ჰექტარზე აქვს გაშენებული:

“დაახლოებით 25 ჰექტარი უკავია თხილის პლანტაციებს, აქედან 11 ათასი ჰექტარი არის ახალი დარგული. საერთოდ თხილი მოსავლიანობას ყოველ მესამე წელს აგდებს .მაგრამ 2013 წლის დეკემბერში ყინვებმა დააზიანა პლანტაცია. მარტში, როცა თხილი ყვაოდა, მოვიდა თოვლი და გაანადგურა ყვავილში. როცა კარგი მოსავალია, 1 ჰექტრზე 3 ტონას მიღებაა შესაძლებელი.”

 

ქედის რაიონის სოფელ კოლოტაურიდან ფერმერი ჯემალ ფერტენაძე ამბობს, რომ ყინვებმა და ქარმა მისი კუთვნილი პლანტაციებიც დააზიანა:

 

“1400 ძირი მაქვს. 2013 წელს 1 ტონამდე მოსავალი მივიღე. ზამთარმა ძალიან გააფუჭა ნარგავები, ახლა დახლოებით  500–600 კილოგრამს ველოდები. 1 კილოგრამის ფასი 2013 წელის შემოდგომაზე 4,5 ლარი იყო. გატეხილი და გათეთრებული თხილის ფასი 11–12 ლარი იყო. “

თხილის პლანტაციები არ დაზინებულა კახეთში. ლაგოდეხში ,სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო  ცენტრის წამყვანი სპეციალისტი გიორგი გოგრიჭიანი ამბობს, რომ კახეთში თხილის მოსავალი წელს უკეთესი იქნება:

 

“დაახლოებით 400 ჰექტარი უჭირავს თხილის ნარგავებს ლაგოდეხში. მოსავლის მოცულობა 1 –1,5 ტონაა ჰექტარზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, სრულწლოვანია თუ არა მცენარე. თხილის ფასი იწყება 2 ლარიდან და ადის 4 ლარამდე. კახეთში სტაბილური ამინდი იყო და მცენარეს დიდი დაზიანება არ მიუღია. თუ მავნებლები აქვს  თხილს, მიმდინარეობს წამლობა. კახეთში ფერმერები პლანტაციებს თანამედროვე მეთოდებით უვლიან.”

თხილზე მაღალი ფასის მოლოდინი აქვთ გადამამუშავებელ ქარხნებსაც.

 

“თხილის ფასი დღეს ადგილობრივ ბაზარზე მაღალია. არ ვიცი, ბოლოს რა ფასი დადგინდება ეს დამოკიდებულია იმაზე , რა ნიშას დაიკავებს თურქეთი.”

 

კომპანია “ლეგის” წარმომადგენელი გელა მგელაძე წალენჯიხაში  თხილის გადამამუშავებელი ქარხანის მფლობელია:

 

“დღეს არსებული მონაცემებით ზუგდიდში თხილის ფასი 3,5–4 ლარია.  ფერმერების პროგნოზით 1 კილოგრამის ფასი 10 ლარამდეც შეიძლება ავიდეს. ვისაც ფული აქვს, ყველა ყიდულობს თხილს და ბაზარზე მოგვიანებით გამოიტანს. ჩემი პროგნოზით ასაღები ფასი  5 ლარი იქნება.”

 

კომპანია “ლეგი”  დღეში 10–12 ტონა ნაჭუჭიან თხილს გადაამუშავებს.

 

გელა მგელაძე ამბობს, რომ  გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე თხილის სასტარტო ფასი 2,5 ლარი იყო. ქარხანა  გასატეხი თხილის გადამუშავებას 1 აგვისტოს დაიწყებს.”

 

ევროპის ბაზარს თხილის ფასს თურქეთი კარნახობს.თურქეთი მსოფლიო ბაზრის  75 პროცენტს აკმაყოფილებს. წამყვან პოზიციებზეა იტალია, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ჩინეთი და აშშ. შემდეგ მოდის საქართველო.


ბოლო მონაცემებით, თურქეთში გარჩეული თხილის ფასი 1 კგ – 9,24 დოლარია. ერთ თვეში თხილის ფასი 60% –ით გაიზარდა. ამის მიზეზი თურქეთში პროდუქტის  წარმოების შემცირებაა. ტრეიდერებს თხილი არ გამოაქვთ გასაყიდად,  რადგან ფასის ზრდას ელოდებიან.


თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატის ინფორმაციით, ყინვებმა მიმდინარე წელს ქვეყანაში თხილის მოსავალის 80 % გაანადგურა,


თურქეთი მსოფლიო ბაზარზე თხილის მსხვილი მწარმოებელია. 2013 წელს შიდა ბაზარზე 276 ათასი ტონა თხილი გამოიტანა და თხილის ექსპორტი 110 ქვეყანაში განხორციელა.  თურქეთისთვის თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირია.

თხილი
თხილი

მასალების გადაბეჭდვის წესი