ახალი ამბები

წულუკიანი: პარლამენტში შევიტანთ რეგულაციებს, რომლითაც დაცული იქნება ქართული მიწა

9 ივლისი, 2014 • • 1320
წულუკიანი: პარლამენტში შევიტანთ რეგულაციებს, რომლითაც დაცული იქნება ქართული მიწა

“ბათუმიდან შემოგვითვალეს, არც ქართული მიწა გვაინტერესებს, არც ხვნა-თესვა და არც სასურსათო უსაფრთხოება და ინვესტიციებიო. ძველადაც გვაქვს რაღაც  მსგავსი გადაწყვეტილება გამოტანილი და იმას „დავაკოპიპეისტებთო“. და ასეც გააკეთეს. მორატორიუმი მოხსნეს და ასე უწესებოდ დატოვეს ქვეყანა.

 

სხვა არაერთ დავაზე მოგიწევთ პროპორციულობის ტესტის ჩატარება, ბატონებო, და მოდით, ერთად წავიკითხოთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ვისწავლოთ როგორ კეთდება ეს. არ არის ეს დაუძლეველი საქმე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გუშინ შევიდა. ოქროს პრეცედენტი ეს ვერ იქნება. სხვა თუ არაფერი, გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ყოველ გვერდზე ძველ გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რომელიც საერთოდ მოსატანი არ იყო”, – ასე აკრიტიკებს საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თეა წულუკიანი.

 

“ვინც ამ გადაწყვეტილებით შეშფოთდა, გამხნევდეს, რადგან ჩვენ უკვე ამ თვეში შევიტანთ პარლამენტში დასამტკიცებლად რეგულაციებს, რის შემდეგაც დაცული იქნება როგორც ქართული მიწა და მისი სასოფლო-სამეურნეო ხარისხი, ასევე, უცხოელი ინვესტორის ინტერესიც”, – წერს იუსტიციის მინისტრი.

 

წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს “ბათუმის მოსამართლეებად” მოიხსენიებს და წერს: 

 

“ბათუმის მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ქართული მიწის დაცვა არ არის ის, რაც გადაწონის დანარჩენ სხვა არგუმენტს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, როცა მოსამართლე ხარ,  ყურადღება მიაქციო იმასაც, რომ მორატორიუმზე უკვე იყო კანონით დათქმები და გამონაკლისები შემოღებული, რომლებიც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეობს, და აღარ წარმოადგენდა ეს დროებითი ზომა აბსოლუტურ აკრძალვას… ეს დათქმები ჩვენი მუშაობის პირველი შედეგი გახლდათ მიწის საკითხების უწყებათაშორის საბჭოში.

 

მორატორიუმი იმისთვის იყო შემოღებული, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაგვესრულებინა და შემოგვეღო წესები, რის მიხედვითაც უცხოელი, თუ ის სერიოზული ინვესტორი იქნებოდა, შეძლებდა მიწის ყიდვას, დამუშავებას, ბიზნესის წარმოებას, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობას. თუ ეს ასე არ იქნებოდა, ასეთ უცხოელს სახნავ-სათესი მიწის ყიდვა გაუჭირდებოდა. აი, ამ საკითხებზე ვმუშაობდით ეს თვეები ყველა ერთად და, როგორც ხვნისას იტყვიან, გავედით ბოლოში. თითქმის.”

 

საკონსტიტუციო სასამართლოს 24 ივნისის გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის  საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  სარჩელი [საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”] დააკმაყოფილა და დავის საგანი – სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ [საქ. კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი] ანტიკონსტიტუციურად სცნო. უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი