საზოგადოება

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მსჯავრდებულთა მკურნალობა და სხვა პრიორიტეტები მთავრობის სამწლიან სტრატეგიაში

20 ივნისი, 2014 • • 1075
ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მსჯავრდებულთა მკურნალობა და სხვა პრიორიტეტები მთავრობის სამწლიან სტრატეგიაში

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, პენიტენციური სისტემის 18-თვიანი რეფორმის დასრულების შემდეგ სისტემამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ერთ–ერთი ასეთი გამოწვევა ზიანის შემცირების სერვისების დანერგვაა ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულთათვის:

 

“ეს საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა სამინისტრომ უკვე გააკეთა განაცხადი და იგეგმება გრძელვადიანი ჩანაცვლებითი პროგრამის და სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა, ასევე C ჰეპატიტის მსგავსი პროექტის შემუშავება, რომლის სამუშაო ვერსიაც უკვე არსებობს, დავამუშავებთ და შემდეგ დასაფინანსებლად მივმართავთ მთავრობას”, – აცხადებს თალაკვაძე.

 

მისივე თქმით, სტრატეგიის თანახმად, ასევე ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მსჯავრდებულთა მკურნალობა, რადგან თავისუფლების აღკვეთის პირობებში ფსიქიკური დაავადებების რისკები იმატებს.

 

როგორც არჩილ თაკალვაძე აცხადებს, სპეციალიზებული ფსიქიატრიული მომსახურების ხელმისაწვდომობა აუცილებელია ინტეგრირებული იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, რადგან პაციენტები სპეციალიზებულ დახმარებას მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის დონეზე აშლილობის არასათანადო მართვის შემთხვევაში მიმართავენ. ამიტომ 2014–2017 წლების განამვლობაში სასჯელაღსრულების სამინისტრო ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტეგრირებული ერთიანი პროგრამის შექმნას გეგმავს.

 

პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სახალხო დამცველის ერთ–ერთი რეკომენდაცია იყო, რომელიც 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშშია ასახული. ომბუდსმენის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გარდა სპეციალური პროგრამის შემუშავებისა, აუცილებელია ზუსტი სტატისტიკის წარმოება, რომელიც დღეს არ არსებობს, ამიტომ სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მინისტრს მასიური კვლევისა და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების რეკომენდაციით მიმართა.

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

კიდევ ერთი პროგრამა, რომლის განვრცობაც იგეგმება, სუიციდის პრევენციის პროგრამაა. ამ პროგრამით 2013 წლის დეკემბრიდან 49 მსჯავრდებული სარგებლობს და, არჩილ თალაკვაძის თქმით, მათ ძალიან დიდი პროგრესს მიაღწიეს:

 

“დღეისათვის პროგრამა ხორციელდება 3 დაწესებულებაში, მასში ჩართული იყო 49 პატიმარი, რომელთაც სუიციდის ძალიან მაღალი რისკი ჰქონდათ და პრაქტიკულად ამ ადამიანებზე იყო დაფიქსირებული 90–ზე მეტი თვითმკვლელობის მცდელობა წლის განმავლობაში. პროგრამაში ჩართვის შემდეგ 49 ბენეფიციარს შორის დაფიქსირდა მხოლოდ 4 განმეორებითი მცდელობა და არც ერთი სუიციდი, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა არის საკმაოდ წარმატებული. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ 2 დაწესებულბაში გავაფართოვოთ, ეს არის ბათუმის და ქუთაისის დაწესებულებები და შემდეგ კი პროგრამა უნდა გაევრცოს ყველგან”, – აცხადებს თალაკვაძე. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ამ პროგრამის გასავრცობად კვალიფიციური კადრების მოძიებაა:

 

“1 ადამიანთან მუშაობს 5 პროფესიონალი. მათ უწევთ თვეების განმავლობაში ყოველდღიური მუშაობა მხოლოდ 1 ადამიანთან, ამიტომ ასეთი 5-კაციანი გუნდების შექმნა, რომელშიც შედის ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ოჯახის ექიმი და უსაფრთხოების თანამშრომელი, არც ისე ადვილია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება ძალიან მწირია სპეციალისტებს შორის.”

 

18-თვიანი რეფორმის მანძილზე ყველაზე წარმატებულად C ჰეპატიტის მკურნალობა ითვლება. როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, პირველი რეალური შედეგი მკურნალობას უკვე მოყვა:

 

“პროგრამაში ჩართული 8 პაციენტის ანალიზმა ვირუსი სისხლში უკვე აღარ აჩვენა, ანუ ისინი განიკურნენ, 2 შემთხვევაში კი იმდენად მინიმუმამდეა ჩამოსული, რომ განკურნება გარდაუვალია. პრაქტიკულად პირველივე 10 პაციენტი სრულად განიკურნება ამ დაავადებისგან. შედეგი მთელ პოპულაციაზე ასეთივე 100%–იანი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რადგან ზოგადად 65%–დან 80%–ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ პროგრამა ძალიან ეფექტურად და შედეგიანად მიმდინარეობს”, – აცხადებს თალაკვაძე.

სტრატეგიის პრეზენტაცია
სტრატეგიის პრეზენტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი