ახალი ამბები

მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი: პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სახეზეა

19 ივნისი, 2014 • • 2091
მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი: პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სახეზეა

მაჭავარიანის თქმით, მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გარკვეული დისტანცირება მოახდინა პრეზიდენტისგან, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.


“მოადგილეების დონეზე და მთელი რიგი დეპარტამენტების დონეზე ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით, მაგრამ არ იყო პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვქონდა [პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა სპეციფიკურია, ვერ დაჯდები და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაწერილი ტექსტით ვერ დაელაპარაკები პრეზიდენტს], რა თქმა უნდა, არ მოწონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონოდა გასაქანი, და მათ მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია ზღუდავს,”- აცხადებს მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი.


მისი განმარტებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის ის ფუნქციები, რომელიც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით, იზღუდება. 


“არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძლიერი ინსტიტუტი. მას უნდა სცეს ყველამ პატივი და, შესაბამისად, უნდა მიეცეს პრეზიდენტს იმ ფუნქციების შესრულება, რისი შესრულებაც შეუძლია. მთელი არსი ჩვენი ახალი კონსტიტუციისა არის ის, რომ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სახეზეა. ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის, მას აქვს ყველა თემაზე თავისი აზრი, რომელსაც ითვალისწინებენ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ვფიქრობ, ეს თემა პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და პოლიტიკური საზოგადოების გადასაწყვეტია და არა კონკრეტული ერთი ადამიანის. ძალიან რთულია, როდესაც ხარ მუდმივად ისეთ რეჟიმში… როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გადაუსვა პრეზიდენტს და პრეზიდენტის საქმიანობას და რეალურად არანაირი საბაბი არ მიუცია პრეზიდენტს. მე მგონი, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი როლი, ამის შესახებ ის ღიად საუბრობს.”

 

როგორც მაჭავარიანი ამბობს, პოლიტკურ კონკურენტს ვერ ხედავს ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მარგველაშვილში. 


“აქ არის უბრალოდ ბიძინას ფაქტორი, მოუცლელობის ფაქტორი. თავისთავად ეს ურთიერთობები უნდა დალაგდეს სამუშაო დონეზე. არ მინდა მათ ურთიერთობაზე ვილაპარაკო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ცუდი ურთიერთობები ნამდვილად არ არის, მაგრამ არის ბიძინას ფაქტორი.”


მაჭავარიანი ამბობს, რომ სამწუხარო იყო, როდესაც ივანიშვილმა სხვა ადამიანებს [იმისთვის, რომ საკუთარი ქულები დაეწრათ] მოუსმინა მარგველაშვილთან დაკავშირებით.  

 

“მე ვფიქრობ, რომ კოალიციას და მთავრობას აქვს ბევრი თემა გადასწყვეტი. შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჯერ კიდევ ცოცხალია. ვფიქრობ, ღარიბაშვილს უნდა მინისტრების შეცვლა. მის ადგილზე მეც მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მსმენია, თავად “ქართული ოცნებიდან” ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის.”


ის იმედოვნებს, რომ ურთიერთობა პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დალაგდება. ამ მხრივ, მაჭავრიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეც შეეცადა ჩარეულიყო ამ ურთიერთობის დალაგებაში, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მაჭავარიანმა ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა, ეს კიევში პრეზინდეტისა და ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრაა.

 

“კიევში სააკაშვილი და მარგველაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, მოსაცდელ ოთახში ზუსტად 1 წუთით. მათ არ უსაუბრიათ, რადგან არანაირი სურვილი არ აქვს გიორგის ესაუბროს სააკაშვილს.”

 

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მათი საიდუმლო შეხვედრის შესახებ მიზანმიმართული იყო. 

 

“ყველაფერი გავაკეთე, რომ მარგველაშვილი შეხვედროდა ბაიდენს და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრს ეს არ მოეწონა. და გარკვეულწილად იყო ბლოკირება ბევრი თემის, სად წავიდოდა პრეზიდენტი, სად არ წავიდოდა, ვის შეხვდებოდა, ვის არ შეხვდებოდა.”


კითხვაზე, ვის არ მოეწონა ბაიდენისა და საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრა, მაჭავარიანმა თქვა, “დასკვნები თავად უნდა გამოიტანოთ.”

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას 2011 წელს თავად შეთავაზა მნიშვნელოვანი თანამდებობა.


“მე მას იმის გამო ვუთხარი უარი, რომ ჩემი საქმე არ იყო შიდა თემები, და არც მიმაჩნდა, რომ მიშა მაჭავარიანის ძმა უნდა ყოფილიყო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებული. და ჩემი საქმე რაც იყო, საგარეო ურთიერთობები, ყოველთვის ამ მიმართულებით ვმუშაობდი. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ ვიყო. ეს, როგორც ჩანს, გარკვეულწილად იყო გაღიზიანების თემა ბატონი ბიძინასთვის, თუმცა ეს მე ბიძინამ არ მითხრა. ჩვენ დავშორდით ძალიან მეგობრულად და ვთქვით, რომ 2012 წლის მაისში ჩვენ შევხვდებოდით და გავაგრძელებდით ამ საუბარს. ეს შეხვედრა ალბათ ძალიან ბევრი ადამიანების მეცადინეობით არ შედგა.”


ვანო მაჭავარიანი და გიორგი მარგველაშვილი
ვანო მაჭავარიანი და გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი