ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანი: თანამდებობა მარგველაშვილის თხოვნით დავტოვე, თუმცა მიზეზი უცნობია

13 ივნისი, 2014 • • 1083
ვანო მაჭავარიანი: თანამდებობა მარგველაშვილის თხოვნით დავტოვე, თუმცა მიზეზი უცნობია

ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი მუშაობა გიორგი მარგველაშვილის სურვილი იყო და მისივე თხოვნა საკმაირისია იმისთვის, რომ თანამდებობიდან წასულიყო. 

 

“ერთობლივად ვისაუბრეთ და მან მთხოვა. მისი თხოვნის შესაბამისად მე დავწერე განცხადება. ამის უკან რა არის, როგორ არის- მას ჰკითხეთ, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს.”


ვანო მაჭავარიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პრეზიდენტთან ჯერ არ უსაუბრია იმ მიზეზებზე, რის გამოც მარგევლაშვილმა მას თანამდებობიდან გადადგომა სთხოვა. იგი ამბობს, რომ მომავალ კვირას შესაძლოა მას ჰქონდეს ამის შესახებ საუბარი. 


“ჩვენ ამაზე ალბათ დავილაპარაკებთ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ალბათ არის რაღაც მიზეზები, რაც ჩემთვის ბოლომდე უცნობია ამ შემთხვევაში. ჩვენ გვექნება ამაზე საუბარი ალბათ კიდევ. შესაბამისად, იმ კვირაში უფრო მეტი დეტალი მეცოდინება”

 

‘ნეტგაზეთის” კითხვაზე, გიორგი მარგველაშვილის თხოვნა ხომ არ უკვაშირდება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვანო მაჭავანიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ დაინიშნა და რამაც გაანაწყენა ყოფილი პრემიერი პრეზიდენტზე, ვანპ მაჭავარიანმა უპასუხა, ბიძინა ივანიშვილმა თვითონ შესთავაზა მას მარგველაშვილთან ერთად ემუშავა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენების წინა პერიოდში.

 

“გიორგისთან მუშაობის შესახებ ივანიშვილი იყო საქმის კურსში. რა ხდება კულუარულ თემებში, ჩემთვის უცნობია. მე ვარ საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით დაკავებული ბოლო 20 წელია და, შესაბამისად, ჩემი საქმე არის ეს. პრეზიდენტი მარგველაშვილი იღებს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. ჩემთვის გიორგის აზრი მნიშვნელოვანია და ალბათ მას მიაჩნია, რომ ასე არის საჭირო. მე არ ვეკიდები არანაირ თანამდებობებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა. 


ვანო მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის (საგარეო ურთიერთობათა მდივანი) თანამდებობიდან დღეს გადადგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვანო მაჭავარიანმა საკუთარი თხოვნის საფუძველზე დატოვა თანამდებობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი