ახალი ამბები

წულუკიანი: ზოგი ზეწოლაში გულისხმობს იმას, რომ ოპონენტმა უთხრა – ჭიაყელასავით გაგჭყლეტო

13 ივნისი, 2014 • • 1024
წულუკიანი: ზოგი ზეწოლაში გულისხმობს იმას, რომ ოპონენტმა უთხრა – ჭიაყელასავით გაგჭყლეტო

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ღარიბაშვილის განცხადება იყო:

 

“ყველაზე მნიშნელოვანი, რაც განვიხილეთ, იყო პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ზუგდიდში გაკეთებული განცხადება, როდესაც ის შეეცადა ქარდავების ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას ჩვენი კანდიდატის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ. კომისიამ უნდა განაცხადოს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კანონთან შეუსაბამოდ მოიქცა, მან სრულიად დაუშვებელი მეთოდი გამოიყენა და ამ ყველაფერს მოყვა ის ძალადობა, რაც 6 ივნისს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან მოხდა ზუგდიდში. კომისიის პრესტიჟის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ ღრიბაშვილზე რეკომენდაცია გამოსცეს.”

 

მისივე მოსაზრებით, “უწყებათაშორისი კომისია იყო არაეფექტური ორგანო, რომელიც ერთადერთი მიზნით მოქმედებდა, რომ დაედასტურებინა და საკუთარი ბეჭედი დაესვა იმ ყველაფრისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ამბობდა ღარიბაშვილი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.”

 

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ ეს განცხადება განხილვის მთავარი თემა არ ყოფილა:

 

“არჩევნებამდე ორი დღე დარჩა და ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და მისმა წევრებმა, მინისტრებმა, პრემიერ–მინისტრმა, პრეზიდენტმა, ყველა მაღალჩინოსანმა და ყველა მოქალაქემ მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ჩვენი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბედი ჩავაბაროთ სასურველ კანდიდატებს. ასეთი რეკომენდაცია გამოიცა.”

 

რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, წულუკიანი განმარტავს, რომ გასარკვევია, ვინ რას გულისხმობს ზეწოლაში:

 

“პროკურატურის მოხსენების შედეგად გამოირკვა, რომ ის ოთხი სავარაუდო ზეწოლის საქმე, რომელზეც გამოძიება იყო დაწყებული, რა თქმა უნდა, გრძელდება. გარდა ამისა, კიდევ ორ სავარაუდო ზეწოლის საქმეზე აღიძრა საქმე. ჩვენ ხვალამდე ამ საქმეებზე საზოგადოებას მივაწვდით მოკლე ინფორმაციას, თუ რას გულისხმობენ პოტენციური მსხვერპლები ზეწოლაში. ზოგი ზეწოლაში გულისხმობს იმას, რომ ოპონენტმა გაუნათლებელი ეძახა, არ მისცა საარჩევნო უბანზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება, ზოგი ზეწოლაში გულისხმობს იმას, რომ ოპონენტი დაემუქრა, მანქანით გადაგივლიო, ზოგი გულისხმობს იმას, რომ ოპონენტმა უთხრა, ჭიაყელასავით გაგჭყლეტო, ზოგი გულსიხმობს იმას, ოპონენტმა უთხრა, ფეხებს დაგამტვრევო და ა.შ. უნდა გახდეს ცნობილი, ვინ რას გულისხმობს ზეწოლაში. ყველა ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ასევე, პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება “ნაციონალების შტაბის” წინ მომხდარ საქმეზე, გვახსოვს ქარდავას ოჯახის წევრების რეაქცია,” ქართული ოცნების” მხარდაჭერების რეაქცია. დაწყებულია გამოძიება ბათუმზეც და ჩვენ ვიმსჯელეთ ცაგერის ინციდენტზე, სადაც კვლავ მოხდა კვერცხების სროლა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა იმსჯელოს თავისი წევრის, ბატონი კვირიკაშვილის საქციელთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე. ბევრი ვიმსჯელეთ ასევე პლაკატებისა და ბანერების დაზიანებაზე და ირკვევა, რომ თურმე პარტიებმა, დიდებმა და პატარებმა ჭკუა ისწავლეს მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვუწოდეთ თბილისის მუნიციპალიტეტს, რომ ევლო დაჯარიმების გზით,”–აღნიშნა  წულუკიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი