ახალი ამბები

ზალკალიანი: აფხაზეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა მნიშვნელოვანია

2 ივნისი, 2014 • • 1403
ზალკალიანი: აფხაზეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა მნიშვნელოვანია

“იმ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა აფხაზეთში ამ პერიოდის განმავლობაში, ვაკვირდებოდით. მოგეხსენებათ, ახლაც ვიმყოფებით კონსულტაციებში საერთშორისო თანამეგობრობასთან. შიდა ფარული დაპირისპირება, რომელიც აფხაზეთში მიმდინარეობს, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დასრულდა იმით, რომ პრეზიდენტი გადადგა. ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან მჭიდროდ კოორდინაციას, საქმიანობას, რათა არ მოხდეს შემდეგი ესკალაცია,”– განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოთქვამს წუხილს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ეთნიკურ ქართველებს შეეხო: 

 

“ჩვენი მთავარი წუხილი იქითკენ არის მიმართული, რომ იქ შექმნილი სიტუაცია შეეხო ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც ძირითადად გალის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოავნი, რომ არ მოხდეს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. აფხაზეთში ნებისმიერი შემდგომი ჩატარებული არჩევნები არაკანონიერია. არც ერთი ე.წ. ხელისუფლება იქ, იქნება არჩეული თუ დანიშნული, არ იქნება აღიარებული თანამეგობრობის მიერ.”  

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

 

აფხაზეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან  1 ივნისს გააკეთა

 

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დაინიშნა. გადაყვეტილება პარლამენტმა 31 მაისს მიიღო. 

 

აფხაზეთის პარლამენტმა 29 მაისს პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა, პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს კი შეთავაზა საკუთარი ნებით დატოვოს პოსტი. 

 

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი