ახალი ამბები

“ერთი წლის და უფრო დაბალი ასაკის ბავშვების 19% ფიზიკურად ისჯება”

1 ივნისი, 2014 • • 2750
“ერთი წლის და უფრო დაბალი ასაკის ბავშვების 19% ფიზიკურად ისჯება”

წლების განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა ძალადობის საკითხებს იკვლევს. როგორია ტენდენცია წლიდან წლამდე ბავშვთა მიმართ ძალადობის?


2007-2008 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის, „გადავარჩინოთ ბავშვებისა“ და “საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის” მიერ   ჩატარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, რომლის მიზანი იყო იმ ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გაგება, რომელსაც საქართველოში ბავშვები განიცდიან. ეროვნული კვლევა აღწერდა ბავშვთა მიმართ ძალადობის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური) დონეს და ბავშვთა უგულებელყოფის მასშტაბებს ოჯახებში, სკოლებსა და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში. იმავე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ასევე ჩატარდა კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ, რომელიც აღწერდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის მხრივ არსებულ სიტუაციას სკოლებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. 

 

კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ გამოვლენილი სხვადასხვა ფორმის ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 11 წლამდე ასაკის ბავშვთა 79.8% განიცდიდა სხვადასხვა დონის ფიზიკურ, ხოლო 82.3% – ფსიქოლოგიურ ძალადობას. 11-18 წლის ასაკის ბავშვების 44% განიცდიდა ფიზიკურ, 59.1% – ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 9% – სექსუალური ძალადობას.  განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ რესპონდენტთა მეხუთედი (21.5%) ბავშვის სისტემატურ ცემას აღიარებდა.

 

სკოლაში ბავშვების 47.1%-მა აღნიშნა, რომ მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ხოლო სკოლაში მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები აღნიშნა მოსწავლეთა 47.5%-მა. ძალადობა ყველაზე ხშირად მოსწავლეებს შორის ხდებოდა, თუმცა სკოლის ფარგლებში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უფროსებიც შეიმჩნეოდნენ. ძალადობა მოსწავლეებს შორის ყველაზე ხშირად ხდება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სათამაშო მოედნებზე, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე.

 

2012–2013 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა ორი კვლევა: „ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ“, რომელიც აღწერს საქართველოს ფართო საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებულ ცოდნას, დამოკიდებულებას, ქცევასა და პრაქტიკას და „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ანალიზი“, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო მექანიზმის შეფასებას.  

 

კვლევის თანახმად, საზოგადოების 45 პროცენტი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა დასაშვებია, ხოლო რესპონდენტთა 60 პროცენტი, მამაკაციც და ქალიც, მიიჩნევს, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. 

 

კვლევამ აჩვენა, რომ თუმცა გამოკითხულთა 94 პროცენტს ესმის, რომ ბავშვისათვის საზიანოა, თუ ის ოჯახში ძალადობის მომსწრეა, უმრავლესობა (70 %) თავშეკავებით ეკიდება იდეას, რომ „უფლებამოსილი ორგანოები“ ოჯახის საქმეებში ერეოდნენ, თუნდაც ოჯახში ძალადობა ხდება. უფრო მეტიც, ჩანს, რომ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60 პროცენტი ეთანხმება საზოგადოების აზრს, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ერეოდნენ.  

    

ძნელია ყოველწლიურ ტენდენციაზე საუბარი, რამდენადაც მსგავსი კვლევები ყოველ წელს არ ტარდება.

 

ყველაზე უფრო ხშირად რა ტიპის ძალადობა გვხვდება ბავშვთა მიმართ საქართველოში?


სამწუხაროდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯა ადრეული ასაკიდან დაფიქსირდა. ერთი წლის და უფრო დაბალი ასაკის ბავშვების 19 პროცენტი ფიზიკურად ისჯება. ეს პროცენტი ოთხიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში 90-მდე იზრდება. ფსიქოლოგიური დასჯაც იგივე პროცენტულობით დაფიქსირდა.

 

ფიზიკური დასჯის ყველაზე გავრცელებული მეთოდია საჯდომზე ხელის წამორტყმა, შენჯღრევა, თმის მოქაჩვა და ყურის აწევა. ფსიქოლოგიური დასჯის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ყვირილი, ბავშვისთვის დამცინავი სახელების დაძახება და ბავშვის წყევლა ან ბავშვის დაშინება მიტოვებით.

 

შემაშფოთებელია თანატოლებს შორის არსებული ძალადობის ფაქტები და ასევე მცირეწლოვანი ბავშვების ე.წ. შენჯღრევის მეთოდი, რომელსაც მშობლების 46.1% მიმართავს და რომელიც საკმაოდ საშიშია ბავშვთა ცენტრალური ნერვული სისტემისათვის

 

რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას სახელმწიფომ ძალადობის აღსაკვეთად და მისი პრევენციისთვის? რას აკეთებენ განვითარებულ ქვეყნებში? რა როლი აქვს ოჯახს, სკოლამდელი აღზრდის დაწებულებებს, სკოლას?


ბოლო წლებში საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯები ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად. 2010 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივმა ბრძანებამ ბავშვთა მიმართ ძალადობის იდენტიფიკაციის, შესაბამისი მიმართვიანობის, რეფერირების და კოორდინაციის შესახებ საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა დაცვის რეფერირების ეროვნული სისტემის შემუშავებას. 2013 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში ფსიქოლოგების ჩართვამ, პირველ რიგში, ბავშვთა მიმართ ძალადობის იდენტიფიკაციის და რეაგირების მიზნით, კიდევ უფრო განავითარა არსებული სისტემა.

 

თუმცა იმისათვის, რომ შეიცვალოს  ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი დამოკიდებულება, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი: კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმა, რათა არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ თანაბრად მიუღებელია ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმა (მათ შორის ფიზიკური ძალადობის (ფიზიკური დასჯის) გამოყენება ოჯახში). ამჟამად შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკავშირდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სამართლებრივი დაცვის განმტკიცებას, კრძალავს ფიზიკურ დასჯას ოჯახში, განსაზღვრავს უგულებელყოფის ცნებას,  რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, მოახდინონ ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომელთა შვილები, სავარაუდოდ, მომეტებული რისკის ქვეშ არიან, ასევე უზრუნველყონ დახმარება და ადრეული ინტერვენცია მანამდე, ვიდრე ადგილი ექნება არასათანადო მოპყრობის (ძალადობის) უფრო სერიოზულ შემთხვევას. კანონპროექტი ასევე ამყარებს სპეციალისტთა ანგარიშგების ვალდებულებას, რამდენადაც მსგავს ვალდებულებას აკისრებს, ასევე, უშუალოდ ბავშვებთან მომუშავე ყველა სპეციალისტს/ორგანიზაციას   და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმების დანერგვას ძალადობის ფაქტებზე ანგარიშის წარუდგენლობის შემთხვევაში; აწესებს მკურნალობის  სავალდებულო პროგრამებს ოჯახური ძალადობის ჩამდენი პირებისათვის.

 

განსაზღვრავს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებს. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მოხდა 2013 წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიაზე და საპარლამენტო კომიტეტებში განიხილება. რამდენადაც 2014 წელი ბავშვის უფლებათა წლად გამოცხადდა პარლამენტის მიერ, იმედია, აღნიშნული კანონპროექტის მიღება წელსცე მოხდება და ამით შეიქმნება მტკიცე საკანონმდებლო ბერკეტები ბავშვთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად.

 

ასევე უნდა გაძლიერდეს  ბავშვთა დაცვის მიმიართვიანობის სახელმწიფო სისტემა და გაიზარდოს იმ დაწესებულებეთა რიცხვი, რომელიც ვალდებული იქნება მოახდინოს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და რეფერირება; სისტემამ უნდა მოიცვას ბავშვებთან მომუშავე ყველა დაწესებულება და სამსახური, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინების ვალდებულების მქონე პირი; ყველა შესაბამისმა  სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვთა დაცვის რეფერირების მექანიზმის ყველა მონაწილე კარგად იყოს გარკვეული საკუთარ სამუშაო აღწერილობაში, სამუშაოსთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ყველა პროფესიონალისთვის განკუთვნილ მითითებებში.

 

პროფესიონალები უკეთ უნდა იყვნენ მომზადებული და უკეთ უნდა იყოს ფორმულირებული მათი ვალდებულებები რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შემოღებული უნდა იქნას ზომები; მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა და მშობლების განათლება, რომ ხელი შეეწყოს პოზიტიური აღზრდის მეთოდებს. 

 

ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც ძალადობის უმეტესი შემთხვევები სწორედ ოჯახში ხდება. მნიშვნელოვანია მშობლები აცნობიერებდნენ ძალადობის მძიმე შედეგებს ბავშვის განვითარებაზე და უპირატესობა მიანიჭონ აღზრდის პოზიტიურ მეთოდებს. სკოლა, გარდა იმისა, რომ ძალადობისაგან თავისუფალი ადგილი უნდა იყოს, ხელი უნდა შეეწყოს ისეთი პროგრამების განვითარებას, რომელიც ბავშვებს ტოლერანტობისა და პრობელემების არაძალადობრივი გზით მოგვარებას ასწავლის. საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა იკისროს და მისმა თითოეულმა წევრმა უნდა გაითავისოს, რომ მნიშვნელოვანია ხმა აიმაღლოს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთვევაში და შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს, თუ ის მოწმეა ძალადობის ფაქტისა.

 

არსებობს შემთხვევები, როდესაც თითოეული ჩვენგანი ხდება მოწმე იმისა, რომ, მაგალითად, ჩვენი მეზობელი საკუთარი შვილზე ძალადობს – როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ხშირად ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა და სხვა ადამიანები არ უნდა ერეოდნენ მსგავს კონფლიქტებში. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?


როგორც ჩვენმა კვლევამ აღნიშნა, მოსახლეობის უმეტესობას ესმის, რომ ძალადობა ბავშვების მიმართ ცუდია, თუმცა თავად ძალადობრივ მეთოდებს იყენებს ბავშვის აღზრდისას და ასევე არაფერს აკეთებს, როდესაც თავად ხდება ძალადობის მოწმე. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ძალადობა ყველგან არის. იგი ხდება ყველა ქვეყანაში და საზოგადოების ყველა ფენაში. ხშირად ბავშვთა მიმართ ძალადობა შეუმჩნეველია, რადგან იგი ხდება სახლში, ოჯახში, ან რადგან ხალხი არ აქცევს მას ყურადღებას. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ ვიაქტიუროთ და ამოვიღოთ ხმა, როდესაც ვხედავთ ძალადობას.

 

2013 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით იუნისეფის ეგიდით მიმდინარეობდა გლობალური კამპანია „ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების“ შესახებ, რომელშიც საქრთველოც ჩაერთო. ჩვენი მიზანი იყო სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით საზოგადოებისათვის დაგვენახვებინა ძალადობის დაუშვებლობა და მოგვეწოდებინა ეაქტიურათ და ხმა ამოეღოთ. გაიმართა არტ ინსტალაცია „სახლი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მოგვითხრობს“, მომზადდა სოციალური სარეკლამო რგოლები, გაიმართა ვიდეოდისკუსიები, შეხვედრები ჟურნალისტებსა და ბლოგერებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, შეატყობინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როდესაც ძალადობის მოწმე გახდებიან. დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 და მიიღონ მონაწილეობა ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებაში.

 

რატომ არის ბავშვზე ძალადობა ცუდი? როგორ უბრუნდება ის საზოგადოებას მომავალში?


ძალადობა მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ძალადობამ შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. გარდა ამისა, მძიმე ტრავმა მიაყენოს და განვითარებაში სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და როცა ბავშვი ძალადობის მსხვერლია, ის შემდგომში თავად ხდება მოძალადე სხვის მიმართ და პრობლემების გადაჭრას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს. ამიტომაც საზოგადოებაში სჭარბობს ძალადობა და აგრესია, რაც მის განვითარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ასევე დიდი რისკის წინაშე არიან, ვერ შეძლონ ნორმალური განვითარება და თავისი პოტენციალის რეალიზება, რაც სახელმწიფოსათვის დიდი დანაკარგი იქნება. 


მაია ქურციკიძე
მაია ქურციკიძე


მასალების გადაბეჭდვის წესი