ახალი ამბები

“დუმილის დღე” უკრაინაში

24 მაისი, 2014 • • 1077
“დუმილის დღე” უკრაინაში

ამ დღეს კანდიდატებს საარჩევნო აგიტაციები აეკრძალებათ. არჩევნებში პირველად არ მიიღებენ მონაწილეობას ყირიმის ნახევარ–კუნძულზე, რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელები. ისინი  სასურველ კანდიდატებს ხმებს სხვა რეგიონებიდან მისცემენ.

 

unian.net-ზე დაყრდნობით, ქვეყნის  პრემიერ–მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში  გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ზომაა მიღებული.

“აღმოფხვრილია ყველაფერი, რაც ამომრჩევლებს  სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში შეუშლიდა ხელს, ჩვენ ერთად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ეს პროცესი მოსყიდვებისგან, გაუჩინარებადი მელნებისგან და ე.წ. კარუსელებისგან გაგვეწმინდა–  განაცხადა იაცენიუკმა.


BBC-ს ცნობით, არჩევნებისთვის მზადებას ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა ართულებს, სადაც პრორუსული  სეპარატისტები თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში  საარჩევნო პროცესს ჩაშლით ემუქრებიან.

 

გარდა ამისა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში  უკრაინის მთავრობის ე.წ. ანტიტერორისტული სპეც–ოპერაციები მიმდინარეობს; თუმცა, როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, არჩევნების დღეს გამონაკლისის სახით ოპერაციები შეწყდება.


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატივისცემით უდგება უკრაინელი ხალხის არჩევანს და ის არჩეულ პირველ პირთან ითანამშრომლებს, თუმცა პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად მაინც ვიქტორ იანუკოვიჩს მიიჩნევს. მან ასევე აღნიშნა, რომ მასშტაბური სამოქალაქო ომი არჩევნებისთვის არცთუ ისე შესაფერისი პირობაა.


შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს გაიმართება, პრეზიდენტობისთვის 21 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორისაა უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ყოფილი პოლიტპატიმარი იულია ტიმოშენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი