ახალი ამბები

ღარიბაშვილმა გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

12 მაისი, 2014 • • 1448
ღარიბაშვილმა გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

კოალიცია “ქართული ოცნების” სახელით გამგებლებად კენჭს იყრიან: ხაშურში – გიორგი გურასპაშვილი, კასპში – გოჩა გოჩიტაშვილი, გორში – დავით ონიაშვილი და ქარელში – ზაზა გულიაშვილი. გორის მერობის კანდიდატი კი ზურაბ ჯირკველიშვილია.

 

“მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუციელბლად გაიმარჯვებთ. ეს არჩევნები ჩვენ სამაგალითოდ და დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ და დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ, ერთად გავიმარჯვოთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქებზე, სოფლებზე, ჩვენს რაიონებზე, ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე”, – მიმართა გამგებლობის კანდიდატებს ღარიბაშვილმა.

 

 სხვა საკითხებთან ერთად ღარიბაშვილი ტერიტორიული მთლიანობსაც შეეხო:

 

 

“სულ ცოტა ხნის წინ თქვენ თავზე გადაიარა ომის საშინელებამ, რომლის იარებიც ჯერაც არ მოშუშებულა. ის, რომ საქართველო ამ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ის, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა ათასობით ადამიანი, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ვცდილობთ, გაწონასწორებული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით დავძლიოთ ომის უმძიმესი შედეგები და საბოლოოდ მივაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას.”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერმა “ქართული ოცნების” პრიორიტეტებზე და დაპირებებზეც ისაუბრა:

 

“ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ცოტა ხანში უმნიშვნელოვანესი ძვრები უკვე დაიწყო. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეასრულა დაპირება და ხელისუფლების პოლიტიკური წნეხისაგან გაათავისუფლა სასამართლო, პოლიცია, ბიზნესი, მედია. უკვე დაწყებული გვაქვს და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობები ბიზნესისა და მეწარმეობისათვის.  ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა,  ქვეყნის საწარმოო  და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა  – ეს ჩვენი პრიორიტეტებია. დასაქმება ასევე ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. ახალი სამუშაო ადგილები გულისხმობს ახალ პროფესიებს, კვალიფიციურ სპეციალისტებსა და პროფესიონალებს. განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ოჯახების და ქვეყნის კეთილდღეობა  უნდა აშენდეს. პირველ რიგში, განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. სწორედ ამიტომ, დავარიგეთ უფასო  სასკოლო სახელმძღვანელოები და ამით დავეხმარეთ უამრავ ოჯახს; მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე აღვადგენთ რამდენიმე ასეულ სკოლას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა:

 

“კარგად ვიცი, რომ კიდევ ბევრი პრობლემა არის გადასაწყვეტი. სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. წყლის სისტემები საჭიროებს რეაბილიტაციას, რაც რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებულა; მოსაგვარებელია გაზიფიცირების პრობლემა. საჭიროა საცხოვრებელი სახლების აღდგენა–რეაბილიტაცია. ეს არ არის სრული ჩამონათვალი ყველა პრობლემისა, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში. პრობლემების მოგვარებაში თითოეული თქვენგანის ჩართვის საშუალებას იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არ ჰგავს წინანდელ არჩევნებს. ახალი თვითმმართველობის სისტემა საშუალებას გვაძლევს ყველა პრობლემა, პრიორიტეტების მიხედვით, თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილზე მოაგვაროთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი