ხელოვნება

ღალიის მონასტრის კონსერვაციის პირველი ეტაპი დასრულდა

5 მაისი, 2014 • • 3663
ღალიის მონასტრის კონსერვაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ღალიის მონასტრის შესწავლითი და საკონსერვაციო სამუშაოები 9 წელია მიმდინარეობს. მას საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აწარმოებენ.  ამ ეტაპზე დასრულდა წმინდა მარიამის ეკლესიის კონსერვაცია. 

ღალიის მონასტრის გახსნა 2014 წლის 29 აპრილს
ღალიის მონასტრის გახსნა 2014 წლის 29 აპრილს

მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. გათხრების შედეგად აღმოაჩინეს წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიებისა და წისქვილის ნანგრევები და გამოქვაბული, რომელშიც ბერები ცხოვრობდნენ.

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ განაცხადა, რომ ღალიის მონასტერი არის პირველი პროექტი, როდესაც საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქართული სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა.

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორ ნიკა ანთიძესა და  საგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილთან ერთად  ღალიის მონასტრის გახსნა და კვიპროსში ვიზიტი შეაჯამა

ანთიძის თქმით, საკონსერვაციო სამუშაოები კვიპროსის სიძველეთა დაცვის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობითა და კოორიდნაციით მიმდინარეობდა. კულტურული მემვიდრების დაცვის სააგენტო გეგმავს ქართულ და ბერძნულენოვანი წიგნის გამოცემას, რომელშიც მოთხრობილი იქნება ღალიის მონასტრის აღმოჩენის, არქეოლოგიური შესწავლისა და მისი კოსერვაციის შესახებ.

“დაიგეგმა უკვე გამოვლენილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები. ამასაც ჩვენი სახსრებით ვაწარმოებთ და წელს გავაგრძელებთ”,- ამბობს ანთიძე.  

X საუკუნის მეორე ნახევარში დაარსებული და XVI საუკუნეში მიტოვებული მონასტერი 1981 წელს ვახტან ჯობაძემ აღმოაჩინა და გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ ეს იყო ღალიის მონასტერი, რომელსაც შუა საუკნეების ქართული, ბერძნული და ლათინური ისტორიული წყაროები მოიხსენიებდნენ.

2006 წლიდან დაწყებულმა კვლევითმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ეს ღალიის მონასტერი იყო, ამბობს პაატა გაფრინდაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

ღალიის მონასტრის კედლებზე შემორჩენილია შუა საუკუნეების მხატვრობა და წარწერები
ღალიის მონასტრის კედლებზე შემორჩენილია შუა საუკუნეების მხატვრობა და წარწერები

ამჟამად მონასტრის ტერიტორიაზე სამი ეკლესიაა აღმოჩენილი: წმინდა მარიამის მეათე საუკუნის ეკლესია, მე-12 საუკუნის წმინდა გიორგი ეკლესია და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ძეგლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არტეფაქტები, რომელთა საქართველოში ჩამოტანა და მუზეუმში დროებით გამოფენის სურვილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

“რომ დაგვეცვა ესენი განადგურებისგან, ამიტომ  მოხდა თანამედროვე სახით მისი გადახურვა. კვიპროსის რესპუბლიკაში ეს არის პირველი თანამედროვე გადახურვა, რაც ჩაჯდა არსებულ გარემოში”,-გვითხრა პაატა გაფრინდაშვილმა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეფასებით, ღალიის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა. მინისტრის აზრით, გადახურვა, რომელიც მონასტრის მთავარ ეკლესიას აქვს, ძეგლს უკეთესად დაიცავს.

ღალიის მონასტრის არქეოლოგიური შესწავლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, 2010 წლამდე მიმდინარეობდა
ღალიის მონასტრის არქეოლოგიური შესწავლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, 2010 წლამდე მიმდინარეობდა

“პირველად ვნახე, რომ ასე დაცულ-გადახურული იყოს, თან ისე, რომ იყოს გათვალისწინებული სიმაღლე. მასალა რითიც გადაიხურა, არის იმდენად ნათელი და გამჭვირვალე, რომ მზის სხივი ადვილად ატანს”,- ამბობს მინისტრი.  

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღალიის მონასტერი ტურისტული მარშრუტების ნუსხაში შეიტანეს. ასევე, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა- სკამები, საჩრდილობლები. 

ღალიის მონასტერი კვიპროსში X საუკუნეში მოღვაწე ქართველმა ფეოდალმა დავით III-მ დააფუძნა, რომელიც XVI საუკუნემდე ფუნქცონირებდა
ღალიის მონასტერი კვიპროსში X საუკუნეში მოღვაწე ქართველმა ფეოდალმა დავით III-მ დააფუძნა, რომელიც XVI საუკუნემდე ფუნქცონირებდა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კვიპროსის ეკლესია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გამოუყოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც ქართულ მონასტერს ააშენებს. დღესდღეობით ღალიის მონასტერში საპატრიარქოს წარგზავნილი სამი მღვდელი შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას ატარებს.

ღალიის მონასტრის გახსნას 2014 წლის 29 აპრილს საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრ მარიოს დემეტრიადესთან ერთად დაესწრო
ღალიის მონასტრის გახსნას 2014 წლის 29 აპრილს საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრ მარიოს დემეტრიადესთან ერთად დაესწრო

მასალების გადაბეჭდვის წესი