კომენტარი

რისი გეშინიათ?

1 მაისი, 2014 • • 2031
რისი გეშინიათ?

მგონი, არასდროს წერა ასე არ გამძნელებია. ორი საათი მყოფნის ხოლმე, რომ სათქმელს ერთი მაუსის მოსმით მოვუყარო თავი, მაგრამ ამ საავტორო სვეტს მესამე დღეა ვწერ და ის-ისაა დასასრულს მივადგები, გავეცნობი ნიუსებს და უცებ ისეთ განცხადებას ვეფეთები, თავიდან მიწევს ყველაფრის გადაწერა. როგორც სათაურიდან უკვე მიხვდებოდით, საქმე ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილ ფსიქიკურ ორგიას ეხება. ორგიას, როდესაც ყველაზე ახლო კადრებითაც კი ვერ გაიგებ, ვისი უფლება ვის ხელშია.


***


„ასე რომ, მე ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებით ვმოქმედებ. ვიცავ რა საკუთარ თავს ებრაელებისგან, ამით აღვასრულებ საღვთო საქმეს“ – ადოლფ ჰიტლერი („ჩემი ბრძოლა“)

 

ჰიტლერი, კაცობრიობის უდიდესი სისხლისმსმელი, რომელმაც მილიონობით ადამიანის, კაცების, ქალების, ჩვილი ბავშვების სიცოცხლე ღვთის სახელით, მათგან თავის დაცვის მოტივით იმსხვერპლა, უკიდეგანო ნდობითა და ძალაუფლებით სარგებლობდა იმ დროს, იმ საზოგადოებაში. თუმცა კაცობრიობის ისტორიას თავისი კანონზომიერება აქვს. თუკი რამ ჩვენს მოდგმას ღირებულად აქცევს და თუკი რამის გამო ადამიანებს ცოცხალი ორგანიზმების ჩვენი, საკუთარი ნაირსახეობა გვიყვარს, ეს მხოლოდ კეთილი საქმეებია. გვიყვარს ალტამირას გამოქვაბულის მხატვრობა, ანტიკური ლიტერატურა, რენესანსის ხელოვნება, განმანათლებლობის იდეები. გვიხარია, რომ კოსმოსში გავფრინდით და NASA-ს უკვე შემუშავებულიც კი აქვს 2030 წელს ადამიანის მარსზე გაგზავნის გეგმა. გვიყვარს ფლეიტა, რომლის ხმაც ანდებში ისმის და გვიყვარს საკუთარი ფოლკლორი.

 

რაც არ უნდა ხდებოდეს აქ და ახლა, კაცთმოყვარე ადამიანი არასდროს კარგავს საკუთარი მოდგმის რწმენას, მან ზუსტად იცის, რომ ისტორიას მხოლოდ კეთილი საქმე შემორჩება და მხოლოდ ამით ვიამაყებთ. სხვა დანარჩენის ადგილი კი ამ ისტორიის სანაგვეზეა და ხვალ თუ ზეგ მისი ისევე შეგვრცხვება, როგორც თანამედროვე კაცობრიობას რცხვენია, რომ ოდესღაც ჰიტლერი შვა, ან, სტალინი. ასე დგას კაცობრიობა სიკეთეზე და დღეს თუ ხვალ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უპირისპირდება ბოროტებას, როგორც გამანადგურებელ ძალას. თუკი ბუნებრიობასა და ნორმაზე საუბარი გვსურს, ეს საუბარი სწორედ ამ კანონზომიერებით უნდა დავიწყოთ: ის, რაც არ დგას სიკეთეზე, განწირულია დანგრევისთვის. თუმცა დანგრევამდე გველეშაპი აუცილებლად მოიქნევს კუდს. ვინ ვინ და მან ყველაზე კარგად იცის, რა არის მისი ძალაუფლების საფუძველი: სხვა ადამიანის ღირსების, სხვა ადამიანის ადამიანობის უგულებელყოფა.

 

ვისაც 17 მაისი გახსოვთ, გახსოვთ ჭელას ამბები, პატრიარქის მიერ ქალებისა და ჩვილების ნაწილის დაწყევლა, ხოლო სტალინისა და პუტინის სანაქებო პიროვნებებად, რუსეთის – ძმად მოხსენიება. გახსოვთ საეკლესიო პირების აურაცხელი ქონება და სიმდიდრე ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს – ძნელი დასამტკიცებელი აღარაა ის ფაქტი, რომ დღევანდელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლების ამოსავალი წერტილი მომხვეჭელობა და სიძულვილია. ისინი არსებობენ არა კეთილი საქის კეთებით, არა ადამიანთა გახარებით, არამედ მათი დევნით, ჩაქოლვით, ფსიქოლოგიური რეპრესიებით, აკრძალვებითა და როზგებით. მათი როზგი წვდება არა მხოლოდ საყოველთაოდ მიუღებელ ლგბტ ჯგუფს, არამედ ქვეყნის მმართველებსაც კი, მათ, ვისაც თავი ყველაზე ძლიერი და შეუვალი ჰგონიათ. ბოროტების წინაშე შიშისგან ცახცახებს ყველა!

 

…და არ უნდა ამის დამტკიცებას იმაზე დიდი ფაქტი, ვიდრე ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილი როზგვა და ცახცახია. კანონს, რომელმაც ადამიანი, განურჩევლად მისი ნებისმიერი კუთვნილებისა თუ მახასიათებლებისა, ამოსავალ იდეად უნდა დასახოს, მხოლოდ და მხოლოდ ის შეიძლება შეეწინააღმდეგოს, ვისთვისაც ძალაუფლების საფუძველი ადამიანის სიძულვილია, და აჰა, თვითლუსტრაცია და ნიღბის ჩამოხდაც სახეზეა. ეკლესიის წინააღმდეგობა არათუ არ მიკვირს, არამედ სრულიად ლოგიკურ და, გავიმეორებ, კანონზომიერ მოვლენად მიმაჩნია. ეკლესიას როზგი რომ არ გამოექნია, საწყენი ეს იქნებოდა.

 

თუმცაღა, 17 მაისის შემდეგ, როდესაც საზოგადოების ორმოციოდე წევრმა რამდენიმე წამით გავასწარით ეკლესიის მიერ ამხედრებული ათეულ ათასი თანამოქალაქისგან ჩაქოლვას, ჩემი პრეტენზიები ვის ვის და ეკლესიას ნამდვილად აღარ მიემართება. ეს ძალა ამბობს, რომ 17 მაისს ჩვენგან იცავდნენ თავს, ღვთის სახელით. გეცნოთ არგუმენტი? აქ ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელია. 21-ე საუკუნეში, ანუ თანამედროვე ტიპის სახელმწიფოში რომ არ ვცხოვრობდეთ, მასობრივად დაგვხოცავდნენ კიდეც, მაგრამ კანონის რაღაცნაირი, გაუცნობიერებელი შიშით მათი ქმედება მხოლოდ პირველყოფილ ბარბაროსულ მონადირულ ინსტიქტადღა დარჩა და იქვე, ერთმანეთის ცემაში დაიცალა.

 

დაიცალა, მაგრამ მის ავსებას ერთი წელი ეყო. ავსება კი დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ შარშან აცახცახებული სახელმწიფო დღემდე ცახცახებს და ჩემი პრეტენზიაც სწორედ აქ ჩნდება: ვისი ეშინია სახელმწიფოს?! – მასზე უფრო ძლიერის. ეს სახელმწიფო დიდი წარმატებით უმკლავდება რამდენიმეწლიანი ციხით მარიხუანას მომხმარებელს, მაგრამ უძლურია მის წინაშე, ვინც დღისით, მზის შუქზე, ღია ეთერში მოსაკლავად მისდევს ადამიანს. სახელმწიფო უძლურია იმდენად, რომ მზადაა, ანტიდისკრიმინაციული კანონი დისკრიმინაციისა და სიძულვილის მთავარ წყაროსთან – ეკლესიასთან „დიალოგისა“ და „შეჯერების“ შემდეგ მიიღოს, ან იქნებ, ვერც მიიღოს? უცებ წარმოვიდგინე, ებრაელთა უფლებების დაცვისთვის ინიცირებულ კანონს ჰიტლერთან რომ „შეაჯერებ“, ან ნორვეგიელი სტუდენტების დამცავ საშუალებებს – ბრეივიკთან, იმიტომ, რომ მისი გეშინია.

 

პრეტენზიები მაქვს მედიასთანაც, რომელმაც, ერთი მხრივ, კარგად იცის რამხელა გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე და მაინც, ღირებულებებისა და ფასეულობების გვერდის ავლით, გიორგი გაბუნია იქნება თუ პეტრე პავლიაშვილი, საკუთარი გადაცემის რეიტინგის აწევის ვნებისგან აღგზნებული, ეთერში იწვევს ჯამბაზებს, დგამს ცირკს. პრეტენზიის პასუხად გეუბნება, რომ მისი, როგორც „ობიექტური“ ჟურნალისტის მოვალეობაა „ყველას აზრი“ მოისმინოს და წამითაც კი არ დაფიქრდება, რომ როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს მზეზე -ცხელაო, ხოლო მეორე ამბობს, მზე ყინულის გროვააო, პირველის აზრი არის აზრი, ხოლო მეორის – უ-აზრობა. მილიონობით მაყურებლის წინაშე უაზრობის ტირაჟირება კი სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა. მავნებლობა და შიში, როდესაც მზად ხარ ძლიერს დაუჩოქო, ოღონდაც კი გადარჩე.

 

პრეტენზიები მაქვს საზოგადოებასთან – ადამიანებთან, რომლებიც თუნდაც იყვნენ მორწმუნე მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალები, ყველგან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას. იჩაგრება ქალი, რომელიც ქმარს მონად მიაჩნია; ბავშვი, რომელსაც მშობელი სცემს; დასაქმებული, რომელსაც შეფი ენერგიის უკანასკნელი წვეთების გამოწურვამდე მინიმალური ანაზღაურების ფასად ვირივით ამუშავებს; იჩაგრებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც სახლიდან უახლოეს მაღაზიამდე ვერ გადიან საკუთარი თავისთვის სიგარეტის საყიდლად; იჩაგრებიან სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფები და, ბოლოს და ბოლოს, იჩაგრება ყველა, მათ გარდა, ვინც ჩაგვრის შესაჩერებელი კანონის წინააღმდეგ გამოდის.

 

სულ მალე საქართველოს სახელმწიფო ანტიდისკრიმინაციულ კანონს მაინც მიიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქ სასიხარულო მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს: სულ ოდნავ მაინც დაიცავს სახელმწიფო სეკულარულიზმის მთავარ პრინციპს. ჰო რა, პრინციპის ამბავიღაა მისი გატანა, თორემ ხომ შეუძლებელია პრაქტიკაში რამე გვარგოს კანონმა, რომელსაც აღსრულების მექანიზმები არ გააჩნია მთავარ დისკრიმინატორთან პოზიციების „შეჯერების“ წყალობით? სამწუხარო კი ისაა, რომ კანონი ვერ უშველის, აი, ამ დაუძლეველ შიშს. შიშს, როდესაც ძლიერის წინაშე ფეხმორთხმული გდიხარ, ცახცახებ, სიყვარულს ეფიცები. ოთახში კი, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, შენი საკუთარი, გამოჟონილი „ძღრენის“ სუნი დგას და კითხვაც კი არ გიჩნდება, რისი გეშინია, ან რატომ გეშინია მაინცდამაინც შენ? არც კი გიჩნდება კითხვა, რომ იქნებ მჩაგვრელი ბოროტი ძალის ძალაუფლება არა ღვთის კანონებზე, არამედ სწორედ შენს შიშზე დგას. შიშზე, რომელიც ოთახში ძალიან, ძალიან მყრალ სუნს აყენებს და ჰიგიენურ პროცედურებს თუ არ დაიცავ, მთლად ზედ შეგახმება. 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი