ახალი ამბები

დათა ახალაიას ადვოკატი გირგვლიანის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

3 აპრილი, 2014 • • 1369
დათა ახალაიას ადვოკატი გირგვლიანის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

“აი, რა მეთოდით ცდილობს პროკურატურა ჩამომაცილოს დათა ახალაიას დაცვას”, – აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი და პროკურატურიდან მიღებულ უწყებას აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

უწყებაში მითითებულია, რომ ზაქარეიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დასაკითხად დაბარებული იყო დღეს, 3 აპრილს, 18:00 საათზე.

დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიბარეს დაკითხვაზე გირგვლიანის საქმეზე მოწმის სტატუსით: 


“მე დავით ახალაიას ინტერესებს ვიცავ, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე. მიბარებს დაკითხვაზე გამომძიებელი ჭუმბაძე. ფაქტია, რომ მათ სურდათ პროცესუალური საფუძველი შეექმნათ, რომ ჩამოვეცილებინე ამ საქმეს. თუმცა არ გამოუვიდათ. სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის შესაბამისად, მე არ უნდა დავიკითხო ამ საქმეზე, რადგან არ მაქვს ამის ვალდებულება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვიყავი დაბარებული მოწმედ გირგვლიანის საქმეზე. ოქროყანაში ვიყავი მე, თუ რაშია საქმე? მე მითხრეს, რომ ჩემი დაკითხვაზე დაბარების საფუძველი გახდა ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები. მე რა განცხადებები გავაკეთე? ვთქვი, რომ გაასაჯაროვეთ ოქროყანის ეპიზოდი და სამედიცინო ეპიზოდი მაგ საქმიდან-მეთქი. მე რა უნდა დამკითხონ?”

ირაკლი ზაქარეიშვილის განმარტებით, მას დაკითხვაზე გამოუცხადებლობის გამო პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კუდ–ის ყოფილ უფროსს, დათა ახალიას და კიდევ ორ პირს ბრალი  2013 წლის 1 ივლისს  წაუყენა. 


რაც შეეხება სხვა მუხლებს, რომლითაც დავით ახალაიას ბრალი ედება ამ კონკრეტულ საქმეზე, ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე მუხლის მე-3  ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით),  სსკ 25, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით;  2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილი (თანამდებობის ბოროტად გამოყენება).


მასალების გადაბეჭდვის წესი