ახალი ამბები

საქართველოს დიაბეტთან ბრძოლის სტრატეგია დამტკიცდება

4 აპრილი, 2014 • • 3604
საქართველოს დიაბეტთან ბრძოლის სტრატეგია დამტკიცდება

“საქართველოში პირველად გამოვლენილი შაქრიანი დიბეტის შემთხვევები ბოლო წლებში მატულობს ევროპის ქვეყნებთან შედარებით. შესაძლოა იმიტომ, რომ გამოვლენა მოხდა, უფრო მეტად, საქართველოში ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში,”- ამბობს რუსუდან კვანჭახაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.

 

2012 წლის მონაცემებით საქართველოში 102 ათასი ადამიანი იყო აღრიცხული შაქრიანი დიაბეტით (ტიპი 1 და ტიპი 2). ბოლო 5 წლის განმავლობაში კი, ოფიციალური მონაცემებით, მატების ტენდენციაა ახალი გამოვლენილი შემთხვევების დროს – ყოველ 1000 მოსახლეზე ახალი გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებელი 61-დან 82-ის ფარგლებში. 

 

როგორც სტრატეგიის დოკუმენტზე მომუშავე სპეციალისტი, რუსუდან კვანჭახაძე ამბობს, რომ დიაბეტის ეფექტური მკურნალობისათვის აუცილებელია დიაბეტით დაავადებული ყველა პირისთვის ხელმისაწვდომი იყოს პირველადი აუცილებლობის პრეპარატები, კონტროლის, მკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდები.

 

დიაბეტთან ბრძოლის სტრატეგიის მიხედვით, ჯანდაცვის უწყებას რამდენიმე მიზანი აქვს, ერთ-ერთი მათგანია გართულებების ადრეული გამოვლინება და მკურნალობა.


დიაბეტის გართულებების ადრეული გამოვლენის მიზნით დიაბეტი ტიპი 1-ითა და ტიპი 2-ით დაავადებულებს, როგორც ჯანდაცვის უწყება მიიჩნევს, მუდმივი კლინიკური მონიტორინგის გარდა, უნდა უტარდებოდეთ ყოველწლიური კლინიკური, ფიზიკალური და ბიოქიმიური გამოკვლევები, როგორიცაა:

 

კლინიკური გამოკვლევა: სხეულის წონის, სხეული მასის ინდექსის, წელის გარშემოწერილობის, არტერიული წნევის განსაზღვრა, სისხლის მიმოქცევისა და ნერვული დაბოლოებების დაზიანების სიმპტომების შეფასება, თვალებისა და ტერფის დათვალიერება;

 

ბიოქიმიური კვლევები: გლიკოზირებული ჰემოგლობინის, ლიპიდური ცვლის, თირკმლის ფუნქციების განსაზღვრა;

 

ქცევითი, ცოდნისა და უნარების შეფასება: ცოდნისა და უნარების თვითკონტროლი, ქცევითი უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება.

           

დიაბეტიანი პაციენტებისთვის ერთადერთ დახმარებას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს, რომელიც სპეციფიკურ ჯგუფებს მხოლოდ გარკვეულ ეტაპებზე აფინანსებს. სახელმწიფო პროგრამის მიღმა რჩება პაციენტთა დიდი ნაწილი, მათი მკურნალობა, მედიკამენტები და სისხლში გლუკოზის დონის საკონტროლებელი ტექნიკური საშუალებები (გლუკომეტრები და მათი ატრიბუტები).


პაციენტების ცნობიერების დონის ამაღლება სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხში დახმარება სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ეფექტური იქნება.


ამ ეტაპზე, ამ მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation-ი მუშაობს. მისი და დიაბეტის მსოფლიო ფონდის ერთობლივი პროექტი „დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება“ წელიწადნახევარია ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისი, შიდა ქართლი, სამეგრელო, აჭარა) და ორგანიზაციის მონაცემებით დაახლოებით 62 ათასამდე ადამიანს  მოიცავს.


პროექტის ფარგლებში, როგორც  ანა ჟულინა, ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდა 6 ათასამდე პაციენტსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა მიზანიც დიაბეტის შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის მომატება იყო.


“აგრეთვე, მოხდა 200-მდე ოჯახის ექიმის გადამზადება დიაბეტის თემატიკასთან დაკავშირებით, რათა პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოხდეს დიაბეტის პრევენცია, მისი ადრეული დიაგნოსტიკა და სათანადო მართვა,”- ამბობს ჟულინა.


დიაბეტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებას წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2011 წლის მონაცემების საფუძველზე, მსოფლიოში 346 მლნ დიაბეტით დაავადებული ადამიანია. მათი 2/3 კი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. მოცემული დაავადების გავრცელებას ეპიდემიური ხასიათი აქვს, შესაბამისად, 2030 წლისთვის მოსალოდნელია დიაბეტით ავადობის მაჩვენებლებმა 552 მლნ-ს მიაღწიოს, ანუ თითქმის გაორმაგდეს.

 

საქართველოში ამჟამად არ ხდება დიაბეტით ავადობის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. აღრიცხვას ექვემდებარება მხოლოდ დიაბეტის ინსულინდამოკიდებული ფორმა, რასაც სახელმწიფო პროგრამის თავისებურება განაპირობებს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 200 ათასამდე დიაბეტით მცხოვრები პირია. მათი 90% კი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონეა.


მასალების გადაბეჭდვის წესი