ახალი ამბები

დეპუტატების ურთიერთბრალდებები თათუხაშვილზე ზეწოლის შესახებ

3 აპრილი, 2014 • • 915
დეპუტატების ურთიერთბრალდებები თათუხაშვილზე ზეწოლის შესახებ

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ შალვა თათუხაშვილზე ზეწოლა ნამდვილად განხორციელდა, თუმცა დეპუტატი ხელს იმ ადამიანებისკენ იშვერს, რომლებსაც, მისივე თქმით, არ სურდათ თათუხაშვილი ბრალდების მოწმე ყოფილიყო:

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს თავის მართლება შეტევით რეჟიმში გადაიტანოს და ბრალი დასდოს ხელისუფლებას. კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პანიკურ შიშს ჰგავს მათი მხრიდან. პროკურატურამ გამოარკვია, რომ გარდაცვალებამდე თათუხაშვილი არ იყო დაკარგული. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იქნება კითხვები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავსვამთ. პროკურატურისათვის ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იყო,” – ამბობს ვოლსკი. 

 

ეკა ბესელიას “პროკურტურის რუპორს” უწოდებს უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი და აღნიშავს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამატებით კითხვებს ბადებს:

 

,,ქართული ოცნების” წევრებმა თვითონ თქვეს, რომ თათუხაშვილის საქმე გახდა მეორე გირგვლიანის საქმე და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რა პროტესტი მოჰყვა გირგვლიანის გარდაცვალებას. ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, სიახლე არაფერია. გავრცელებული მასალიდან ჩანს, რომ თურმე წამებულმა მოწმემ, რომელსაც სწორედ პროკურორები აწამებდნენ, მათ სთხოვა დაცვის პროგრამაში ჩართვა და მერე რატომღაც ამ დაცვისგან გაქცევა გადაწყვიტა და ტყეში იმალებოდა. აშკარა არის, რომ ეკა ბესელია არის პროკურატურის რუპორი, მან პლენარულ სხდომაზე დააანონსა, რომ ის პირდაპირ ხაზზეა პროკურატურასთან. “

 

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც  შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე დეპუტატების კითხვებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და საქმის პროკურორები უპასუხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი