ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ნაპირსამაგრი სამუშაოები ანაკლიაში 30 მლნ–მდე ლარი დაჯდება

2 აპრილი, 2014 • • 1203
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ნაპირსამაგრი სამუშაოები ანაკლიაში 30 მლნ–მდე ლარი დაჯდება

“პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და, ჯამში, 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, რომელიც ზღვის ნაპირიდან 250-300 მეტრში 4 კილომეტრ სიგრძეზე ჩაიყრება და სანაპირო ზოლს დაიცავს. ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა. ჯამში, დაგეგმილია 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა.

 

პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 15,355,551.74 ლარია,  მშენებლობის ვადა 9-10 თვეა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული, დასაქმებულების 80%  ადგილობრივი მოსახლეა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოხდება მდინარე ენგურის შესართავში არსებული ნავსადგურის მიმდებარე სანაპიროს გამაგრება ფლეთილი ქვებით, 300 მეტრ სიგრძეზე. ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა 2300 მეტრ სიგრძესა და 60 მეტრ სიგანეზე.

 

მშენებლობის მეორე ეტაპზე ნაპირგამაგრებასთან ერთად, ასევე, მოეწყობა სანაპირო ზოლი ქვიშის პლაჟით, რომლის სიგრძე – 1500 მეტრი, სიგანე კი 60 მეტრი იქნება. მეორე ეტაპის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10-15 მილიონი ლარია. 


“პროექტს ახორციელებს „მოდერნ ბიზნეს გრუპი“, რომელიც სამუშაოების პირველ ეტაპს 2014 წლის ივლისში დაასრულებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას აღარ დაეტბორება საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები; გაუმჯობესდება დამსვენებელთა პირობები”, – ნათქვამია განცხადებაში. მშენებლობის საორიენტაციო ვადა 7-8 თვეა.


მასალების გადაბეჭდვის წესი