კომენტარი

პანორამა – სისტემა, ანუ ძაღლის თავი აქვეა

1 აპრილი, 2014 • • 1639
პანორამა – სისტემა, ანუ ძაღლის თავი აქვეა

ხშირად ვფიქრობ, რომ ამ მხრივ თანამედროვე ქართული პოლიტიკა ერთი უწყვეტი ტრაგედიაა. სამართლიანობისთვის, მოდით ვთქვათ, რომ არც ისეთი ნიჭიერი და შთამბეჭდავი რეჟისორებითა და მსახიობებით. 

 

როდესაც ტრაგედიაზე ვკომენტირებთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ასჯერ, ეს ნიშნავს, რომ ტრაგედია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მუდმივი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ წინა ტრაგედიამ არაფერი გვასწავლა. ეს ნიშნავს, რომ წინა კომენტარი, ყოველ შემთხვევაში, მისი წაკითხვა ბევრისთვის მხოლოდ ერთჯერადი, ფრაგმენტული აქტი იყო, მისით შეშფოთება კი ხშირად, პოლიტიკურ პრეფერენციებს არ გასცდენია. ასე, ძაღლის თავს, რომლის სუნიც, გიორგი ხასაიას თქმისა არ იყოს, ძალიან გვაწუხებს, ვერ ვიპოვით. მეტიც, არის კი ძაღლის თავი უხილავში დამარხული, თუ სულ აქვეა?

 

1991 წლის 31 მარტს, ზუსტად 23 წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ რეფერენდუმის გზით მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას და შევდექით არა უბრალოდ ტერიტორიულ-კულტურული ერთობის, არამედ, თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე. სახელმწიფო, თავისი კონსტიტუციითა და კანონის უზენაესობით. „კონსტიტუცია“, „კანონის უზენაესობა“, „ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება“ და.ა.შ. – 23 წლის თავზე ეს ფრაზები უკვე მომაბეზრებლად ბანალური გახდა. ყველა წინა ხელისუფლება, ყველა წინა კანონდამრღვევი, როგორც წესი, სწორედ ამ ფრაზებს ამოფარებული გვასწავლიდა აროგანტული, ქედმაღლური ტონით, თუ რა არის კანონი, რა არის სახელმწიფო. არადა, ფაქტები, დანაშაულები, რაც 23 წლის მანძილზე ხელისუფალთ ჩაუდენიათ, ცხადყოფს, რომ მათგან კანონსა და სამართლიანობაზე საუბარი სიმწრის ღიმილსაც კი აღარ გვგვრის. უბრალოდ, მოგვბეზრდა.

 

როგორც უკურნებელ სენს, ლამის ისე შევეჩვიეთ კიდევ ერთ ბანალურობას, რომ ძალაუფლება რყვნის. თუმცა შეჩვევა კაპიტულაციას არ ნიშნავს. საზოგადოების ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ის, ვინც ჩინოვნიკის ყოველ მორიგ დანაშაულზე პროტესტს (და ეს სიტყვაც ბანალური გახდა) პოლიტიკურ-პარტიული პრეფერენციებით არ განსაზღვრავს, გვინდა თუ არ გვინდა, სახელმწიფოსთან ყოველდღიურ ომშია ჩართული. ამ ომში ვართ ჩართული ყველა, ვინც თავს პოლიტიკურად ანგაჟირებულ და პარტიულად დაინტერესებულ მოქალაქეებად არ მივიჩნევთ და ვეძებთ, ვქექავთ, ვკითხულობთ, თუ სადაა ძაღლის თავი? რა გვჭირს, ერთხელ ხომ უკვე მოხდა ეს? ამაზე ხომ უკვე ბევრჯერ დავწერეთ?

 

საერთოდ, წერისას დილემის წინაშე ვდგები ხოლმე, როდესაც ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავზე ვიწყებ ფიქრს. რომელზე დავწერო? ვეკითხები ჩემს თავს. შემდეგ, როგორც წესი, ერთ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში ერთმანეთისგან ცალკე მდგომი ამბები არ არსებობს. ყველაფერი კავშირშია, ყველაფერი შუაშია და ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს. ასე რომ, მიმაჩნია, ერთდროულად რამდენიმე, თითქოს სხვადასხვა ამბავზე არტიკულაცია საერთო ჭრილში, საუკეთესო საშუალებაა, დავინახოთ არა ამბავი, როგორც ცალკე ობიექტი, არამედ როგორც მხოლოდ ერთი ფრაგმენტი მთლიანი სურათისა და შევხედოთ მთლიანად სურათს. სხვანაირად რომ ვთქვათ, შევხედოთ სისტემის მუშაობას პანორამულ ხედში.

 

პანორამა, რაღა გასაკვირია თუ ვიტყვი, რომ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ბუკვალურად „საყოველთაო ხედს“, „ყოვლისმომცველ ხედს“ ნიშნავს. ხედი, რომელზეც ჩანს არა კონკრეტული სივრცის რომელიმე ნაწილი ან ობიექტი, არამედ, მთლიანად სივრცე. ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან ამბებზე საუბარიც აქ მსურს დავიწყო. ავიღოთ რამდენიმე ბოლოს მომხდარი სევდიანი ამბავი და ვიფიქროთ, რა საერთო აქვთ მათ? ასე მაგალითად: პროექტი „თბილისი პანორამა“; კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩადება; ანტირუსული აქცია თავისუფლების მოედანზე; გარდაცვლილ თათუხაშვილის საქმე და პრემიერის მრჩეველის ზურგშექცეული ჯდომა კაზრეთელი მუშების დისკუსიაზე. შევქმნათ სისტემის პანორამული ხედი. თქვენ რა, გგონიათ ეს სხვადასხვა ამბებია?

 

დაკიდული ბაღები და დაკიდებული ადამიანები


სისტემის არა, მაგრამ ძველი თბილისის საუკეთესო ხედებით ციდან ტკბობა ნამდვილად მოსურდა ხელისუფალს. „პანორამა თბილისი“. როგორც ავტორები გვაუწყებენ, ასე უწყინრად დასათაურებული ნახევარმილიარდიანი კომპლექსი სოლოლაკს, ერეკლესა და თავისუფლების მოედანს, შუშის უზარმაზარ ბიზნეს-ცენტრებს შორის გაბმული საბაგიროებით გააერთიანებს და თავზე გვირგვინად მწვანე ბაღსაც დაიდგამს. ქალაქის ისტორიულ უბნებში სრულიად უკონტექსტოდ ჩაკვეხებული „გრანდიოზული“ შუშის ბრჭყვიალებები ახალი ჭირი არაა. გემოვნების (თუ, უგემოვნობის?) ასეთი თავისებურებით წინა ხელისუფალი ყველა რეკორდებს ხსნიდა და მაშინდელი ოპოზიციის, მოდით, ვთქვათ, მაშინდელი პროტაგონისტების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ამის გამოც ხდებოდა. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოფილი „გმირი“ გამარჯვების შემდეგ თავად ემსგავსება „ურჩხულს“ და ჩვენს შემთხვევაში, ქალაქის ახალი „პირადი არქიტექტორები“ გემოვნებაშიც კი ერთი-ერთში დაემსგავსნენ ყოფილს.

 

უფრო სწორად, მოდით, ნუ გავიმეორებთ წინა წლების შეცდომას და ამ თემას ნუ დავარქმევთ გემოვნებაზე დავას. საქმე ასეა: ხელისუფალი ხედავს, რომ მის ქვეყანაში ერთი წლის ჩვილები შიმშილით იხოცებიან; მუშები შერყეული ჯანმრთელობით საარსებო მინიმუმს ვერ მოიპოვებენ; განათლების ხარისხით აფრიკის ქვეყნები გვისწრებენ; ათასობით სტუდენტს საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული და.ა.შ. როცა ამ დროს ხელისუფალს სურს ნახევარი მილიარდი დახარჯოს შუშის ბრჭყვიალების მშენებლობაში, რომლითაც ისევ მდიდრები და უზრუნველნი ისარგებლებენ, როცა მას სურს ნახევარი მილიარდი ჩადოს ამ გატანჯული მოქალაქეების ზემოდან, ცაში გამოკიდებული საბაგიეროებიდან ცქერაში, ეს არც გემოვნების საკითხია და არც უგემოვნობის. ეს აზროვნების სტილია, კულტურული პროვინციალიზმია, რომელსაც ჰგონია, რომ უფლება გაქვს ქალაქი, რომელიც ყველას ეკუთვნის, ისევე მოაწყო შენი ხუშტურების კვალდაკვალ, როგორც საკუთარ დაჩას მოიწყობდი. აზროვნების სტილი, რომელიც მკვეთრად, დამარცვლით, კბილებში გამოსცრის: „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!“.

 

პრემიერს ბევრი დრო აქვს?


ჩვენს აყვავებულ ქვეყანაში სხვა სადარდებელი რომ ვერა ნახა რა, პრემიერმა გადაწყვიტა, ჰქონდეს  უფლება, მოქალაქეებს პირადი ურთიერთობები ახლა უკვე კონსტიტუციითაც დაურეგულიროს და ცნებების დეფინიციები მიაწოდოს. მაგალითად, გვასწავლოს რა არის ოჯახი, რომ ესაა მხოლოდ და მხოლოდ, ექსკლუზიურად „ქალისა და მამაკაცის ერთობა“. თავი დავანებოთ იმას, რომ შესაძლოა ღარიბაშვილი არა ოჯახს, არამედ ქორწინებას, როგორც სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის მიცემულ უფლებას გულისხმობდა. ნიშანდობლივი აქ სხვა რამაა ჩემთვის: პრემიერი ამბობს, რომ ეს ინიციატივა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე ფიქრისას მოუვიდა თავში, რაც თავისთავად პარადოქსია. შეუძლებელია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე მუშაობის პარალელურად სეგრეგაციულ, დისკრიმინაციულ ჩანაწერებს აკეთებდე კონსტიტუციაში და იმავდროულად, მავნებლობაა ერთსქესიან ქორწინებას აქტუალურ თემად აქცევდე მაშინ, როდესაც 17 მაისი ახლოვდება.

 

ბოლოს და ბოლოს, მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას ჰომოფობიური პოლიტ-დისკურსის არაპოპულარული ფლაგმანი, გიორგი თარგამაძე ითხოვდა თავის დროზე და მის იდეებთან აფილაცია არ მგონია ხეირის მომტანი იყოს დეკლარირებულად პროევროპული კურსის მომხრე პრემიერისთვის… და ჰო, პროევროპულობა არ ნიშნავს მარტივად ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას. უფრო რთულად – საყოველთაო თანასწორობას ნიშნავს, რომლის აღიარების წინაშეც ადრე თუ გვიან ნამდვილად დავდგებით. მაშინ კი მოუწევს საზოგადოების უთანასწორობის მომხრე ნაწილის სენტიმენტებზე პოპულისტური თამაშისთვის თავის დანებება და „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო ერთსქესიანო“-ს ძახილის შეწყვეტა ხელისუფალს. „პანორამა თბილისისა: არ იყოს, ხელისუფალს აქაც ავიწყდება, რომ ქვეყანა მისი კერძო საკუთრება არაა. თანაც, რა არის და რა არ არის ოჯახი, ამაზე ფიქრი ნამეტანი რელევანტურია, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დგება და ეს ნამსხვრევი ეს ესაა დაგეცემა.

 

იქ, სადაც კამერა ჩნდება


ხშირად მიფიქრია, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი მანკიერება ფარისევლობაა. რაღაცნაირი არტისტიზმი, ყველაზე ნეგატიური და ყალბი გაგებით, მუდმივად როლში ყოფნის, თამაშის ვნება. ვნება, რომ ითამაშო მაამებლის როლი, რომელიც შესაძლოა სრულებით არ მოგწონს (და არავის მოსწონს სავალდებულო ღიმილი), მაგრამ გუმანით ხვდები, რომ ასე ადვილად გახვალ ფონს. ასეთი შემზარავამდე მაამებლური იყო რამდენიმე დღის წინანდელი პრორუსული აქცია პუშკინის სკვერში. აფრიალეს რუსეთის დროშა, აამეს ევრაზიელ ბატონს, მაგრამ, რაც ასევე სამწუხაროა, მათი მოწინააღმდეგეებიც, ჩემი დაკვირვებით, სადღაც იმავე არტისტულობის სახიფათო ზღვარზე დგანან. აქცია კონტრაქციამ დაშალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნებ ლეგიტიმურადაც კი (ყოველ შემთხვევაში, ქალაქის მთავარ მოედანზე რუსეთის დროშის ფრიალი, მსუბუქად ვიტყვი, არ მესიამოვნა), მაგრამ გამარჯვებული კონტრაქციონერების იმპროვიზირებულმა ვიდეო-სპექტაკლმა გუნება გამიფუჭა. საქმე გაკეთდა, აქცია დაიშალა, მაგრამ კონტრაქცია ასე უღიმღამოდ ხომ არ დაიშლება? ხომ გვინდა რაღაც უფრო შთამბეჭდავი ფინალი, რომელიც ჩვენს როლს გაუსვამს ხაზს ამ გმირობაში? კონტრაქციონერები ჯგუფად შეკრებას იწყებენ, ერთმანეთს ხელს ხვევენ, ცალი თვალით კამერას გაჰყურებენ და იწყება ჰიმნი! ხმა ბოხდება, ასე უფრო ომახიანად და მაშასადამე, გმირულად ჟღერს. შემდეგ რიტუალური წრე კეთდება და ევროპის მოტრფიალე გუნდი „ლოცვას“ ასრულებს:

„პუუუუტინ – პი და რასტ!

ლალალალა ლალა ლალალააა

პუუუტინ – პი და რასტ!

ლალალალა ლალალალალა

პუუტინ პიდარასტ!

პიდარასტ!

პიდარასტ!

პიდარასტ!

კამერასთან ჰეროიკული სპექტაკლი თამაშდება და ვიდეოს ვთიშავ. რას ვიზამთ, უყვართ ადამიანებს თავისი მნიშვნელობის ხაზგასმა. უყვართ გვანახონ, რომ მათ იციან სიმართლე, მათ აქვთ ძალა! უყვართ ეს, მილიარდერი ოლიგარქი იქნება თუ კონტრაქციონერი თინეიჯერი.

 

დატირება


გუშინ ინტერნეტში შალვა თათუხაშვილის დასაფლავების ვიდეო გავრცელდა. დადასტურებული სიმართლე მის გარდაცვალებაზე ჯერ არ ვიცით, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ თათუხაშვილი, რომელიც ერთ-ერთი მოწმე იყო ახალაიას საქმეში, გაიტაცეს და ნაწამები დააბრუნეს. დაბრუნებიდან მალევე კი ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა. ოჯახი ავრცელებს მისი სხეულის ამსახველ ფოტოებსაც, რომელზეც ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს. ვის-ვის და ჩვენ, საზოგადოებას, რომელიც აგერ უკვე 23 წელია ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ ხელისუფლების ყოველი მორიგი მსხვერპლის დატირებას, ხომ ნაკლებად გვჭირდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა საიმისოდ, რომ მივხვდეთ, რაც მოხდა? ხომ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი, რომ თათუხაშვილი იქნებ ახალი ხელისუფლების გირგვლიანია?

 

ისევ გიორგი ხასაიას დავესესხები და ვიტყვი, რომ საზოგადოება დუმს და ეს ნამდვილად ჰგავს გამარჯვებულის მავნებლურ, თვითკმაყოფილ დუმილს. მართლაც და, ჩვენ ხომ ერთხელ უკვე შევცვალეთ ხელისუფლება ამის გამო, როგორ შეიძლება იგივე მოხდეს? თუ როგორ – ამის შესახებ ამ წერილის დასწყისშივე ვისაუბრე. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩევნია, დაველოდოთ რას იზამს ახალი ხელისუფლება. ეყოფათ თუ არა პოლიტიკური გამბედაობა, რომ დანაშაული არ მიიჩქმალოს, თუ ისინიც ასე მალე მოიჭრიან ტოტს, რომელზეც სხედან? რაც არ შერჩენია არც ერთ წინა ხელისუფალს, არ შერჩებათ არც ახლებს, ეს ერთგვარი კანონზომიერებაც კია. ბოლოს და ბოლოს, ხალხი მართლა ბრმათა ბრბო ხომ არაა? ვის სურს, განუწყვეტელ რეჟიმში ისმინოს, როგორ დასტირის ოჯახი გირგვლიანს, ნავთლუღის ოპერაციის მსხვერპლებს თუ თათუხაშვილს?

 

სისტემა – ზურგით


და მაინც, სისტემა ზოგჯერ გულწრფელია. კუთხეში მოქცეული, ის ზოგჯერ ვერ ახერხებს დამალოს ძაღლის თავი, რომელიც სადმე უკუნში კი არ მარხია, არამედ პირდაპირ კისერზე ჰკიდია და ამას არც მალავს. ასე მოხდა ფრონტლაინ-კლუბში კაზრეთელი მუშების პრობლემებზე გამართული დისკუსიისას. ხელისუფლების მხრიდან დისკუსიას ბექა ნაცვლიშვილი ესწრებოდა, პრემიერის მრჩეველი სოციალურ საკითხებში, ადამიანი, რომელსაც წარსულში არაერთხელ უკრიტიკებია წინა ხელისუფლება ვანდალური სოციალური პოლიტიკის გამო. მაგრამ ამჯერად, უკვე როგორც თავად სისტემის წარგზავნილი, მთელი დისკუსიის განმავლობაში რაღაც გამაღიზიანებლად ძველბიჭური, აგდებული ტონით ესაუბრებოდა დისკუსიის მონაწილეებს და ნუ ვიტყვით, რომ ტონს, მიმიკას, სახეს მნიშვნელობა არ აქვს. ზოგჯერ მას სიტყვაზე მეტი მნიშვნელობა აქვს. დისკუსიის დასასრულს კი (და გავიხსენოთ აქაც, რომ ფინალი უღიმღამო არ უნდა იყოს) მან სკამი აიღო და უბრალოდ, მის მოსასმენად მოსული დარბაზისკენ ზურგშექცევით დაჯდა. ამ ფონზე რა სარკასტული იყო მისი, როგორც სისტემის შენიშვნა დარბაზის მიმართ: „ეს ცინიკური ღიმილი მოიშორეთ სახიდან!“

 

ისევ ანტიკურ ტრაგედიაზე…


ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ანტიკური ტრაგედიის ხაზი იყო ასეთი… თუმცა ბერძნები ნიჭიერი რეჟისორები იყვნენ, მათ ადამიანების სჯეროდათ. სჯეროდათ, რომ ტრაგედია უწყვეტი არაა და ის უნდა დასრულდეს. დასრულდეს კათარზისით – განწმენდით. ასე მოუვიდა ოიდიპოსს, რომელმაც ისე, რომ არც იცოდა, მოკლა „ურჩხული“ მამა, იქორწინა დედაზე და ამით თავად იქცა „ურჩხულად“, თუმცა, როგორც კი გაიგებს რა ჩაუდენია, საკუთარი ხელით ითხრის თვალებს. ასე ხდება მისი კათარზისი და ტრაგედიას წერტილი ესმება. ჩვენთან კი, სადაც ყველაზე ადამიანური ტრაგედიებიც კი დაუსრულებელ ტელესერიალებად გვექცა, არავის კულისებს მიღმა მდგომ რეჟისორთაგან არ ყოფნით ნიჭი, ან იქნებ პოლიტიკური ნება, რომ, ბოლოს და ბოლოს, ტრაგედია დასრულდეს. იქნებ არც აწუხებთ ძაღლის სუნი? შეგვაქცევენ ზურგს, ანდაც, აფრინდებიან საბაგიროებზე და სუფთა ჰაერზე მსხდომნი ციდანღა გაიკვირვებენ, „უი, ეს რა მომხდარა? ნწ ნწ ნწ“. 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი