ეკონომიკა

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

31 მარტი, 2014 • • 1932
თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1.4 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება – სწორედ მგზავრების გამოკითხვის შედეგად დასახელდა თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TAV Georgia – ს ოპერირებაში მყოფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოკლე დროში გადაიქცა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად”-განაცხადა TAV Georgia – ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.


მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ვარნასა და ბურგასის საერთაშორისო აეროპორტები – 2014 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 110 სხვადასხვა ეროვნების, 12 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 410 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ- დაწყებული სარეგსიტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.


აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2010 წელს დუბაიში განვითარებადი აეროპორტის ჯილდო მიიღო. 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “Golden Brand 2011” – ის ნომინაციაში „ტრანსპორტირება და სერვისი“ გამარჯვებულად დასახელდა. 2013 წელს დონეცკში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოფილ დსთ-ის ქვეყნებს შორის „ყველაზე რეკომენდირებულ აეროპორტად“ დასახელდა.


TAV Airports – ის ოპერირებაში მყოფი ათათურქის აეროპორტი იმ 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა, რომელიც წელიწადში 50 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.


“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მოქმედი კონტრაქტით, “ტავ ჯორჯია” საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს. კონტრაქტს ვადა 2027 წელს ეწურება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი