ახალი ამბები

უსუფაშვილი: წიკლაურთან დაკავშირებით ვუერთდები ყველა მოქალაქის აღშფოთებას

31 მარტი, 2014 • • 1046
უსუფაშვილი: წიკლაურთან დაკავშირებით ვუერთდები ყველა მოქალაქის აღშფოთებას

“წიკლაურთან დაკავშირებით მინდა შევუერთდე, მე მგონი, ყველა მოქალაქის აღშფოთებას, იმის თაობაზე, რომ გუშინ მოხდა ეს ვანადლური ფაქტი. პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელიც სახლში ბრუნდებოდა გუშინ გვიან ღამით, მას, როგორც თავად იხსენებს და როგორც მეზობლების ჩვენებიდან ირკვევა, რამოდენიმე პირი დახვდა, რომლებმაც მიაყენეს საკმაოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფები და დაზიანება. თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – განაცხადა უსუფაშვილმა. 


პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასეთი ფაქტი, მიმართული ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და განსაკუთრებით დეპუტატის წინააღმდეგ, არის სრულიად მოუთმენელი:”დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე, უმოკლეს ვადებში გახსნიან ამ დანაშაულს, ისევე, როგორც იხსნება ძალიან ბევრი სხვა დანაშაული ამ ქვეყანაში. ამ ფაქტის მიმართ იქნება განსაკუთრებული ყურადღება და დატვირთვა.” 


უსუფაშვილი საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს: “ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებსაც, პოლიტიკოსებდაც, მოქალაქეებსაც. როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის გარშემო შეკრებილ ღრუბლებზე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სად და რა თემები იქნება წამოწეული, რითი მოხდება დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია ქვეყანაში, ეს ჩვენ არ ვიცით, ეს მტერმა იცის. ამიტომ მსგავსი ფაქტები არავითარ შემთხევვაში არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და დამნაშავეებმა საკადრისი პასუხი უნდა მიიღონ. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გამოცოცხლებას, ფიზიკური შეხლა–შემოხლის პოლიტიკის. ხან იმ თემაზე და ხან იმ თემაზეა. გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს ახლა, ვიდრე ოდესმე. იმიტომ, რომ ეს შეიძლება არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ფაქტები და სწორედ ჯაჭვის გარკვეულ რგოლებთან გვქონდეს საქმე. ამიტომ ამ კონკრეტული ფაქტის თაობაზე ჭეშმარიტების დადგენა და დამნაშავეების დასჯა არის ძალაინ მაღალი სახელმწიფოებრივი დატვირთვის ამოცანა.”    


საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ნუგზარ წიკლაურის თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე დაბრუნდა სახლში, სახლთან კი მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები მას თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო, იძულებით ჩაესვათ მანქანაში.       

 

ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი