ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას შვილების მიმართვა მთავრობას ექსპრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით

31 მარტი, 2014 • • 1369
ზვიად გამსახურდიას შვილების მიმართვა მთავრობას ექსპრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით

ზვიად გამსახურდიას სამივე ვაჟი – გიორგი, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები დღეს, 12 საათზე მთაწმინდის პანთეონში, მამის საფლავიდან გააკეთებენ შესაბამის მიმართვას ხელისუფლებისადმი. მათი განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2004 წლის შემდეგ აღარავითარი საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საკუთარ დასკვნაში ფაქტობრივად გამორიცხა თვითმკვლელობის ვერსია და მიმართა საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი მოკვლევის მოთხოვნით, მსგავსი არაფერი მომხდარა. 

 

ზვიად გამსახურდიას შვილების განცხადების ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. განცხადებას “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ: 

 

“ჩვენ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მოგმართავთ ხელისუფლების პირველ პირებს, რომლებიც ჭეშმარიტი დემოკრატიის და სამართლიანობის უზენაესი პრინციპების დაცვის პირობით, ხალხის ნებით და არჩევანით მოხვედით ქვეყნის სათავეში.

 

მაშინ, როდესაც მთელი აქცენტი გადატანილია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე, ბოლო ათწლეულში აღძრულ, სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეების ობიექტურ გამოძიებაზე;

 

მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ჭეშმარიტება სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც უკვე წლებია, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების განსჯის საგანია;

 

თავს ვალდებულად ვთვლით, შეგახსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ყველაზე მეტად ბურუსით და დღემდე გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკვე 20 წელია, პროკურატურის თაროებზეა შემოდებული.

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 1994 წლის თებერვალში აღიძრა და ცუდად თუ კარგად, საკმაოდ ვრცელი შუალედებით, ფორმალურად დღემდე მიმდინარეობს.

 

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსები სრულად იქნას აღდგენილი სამეგრელოში მომხდარი ტრაგედიის რეალური სურათი. უშუალო თვითმხილველთაგან და მოწმეთაგან ბევრი ცოცხალიც აღარ არის. რთულდება ახალი მტკიცებულებების მოპოვების და ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

 

2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა კომისიამ, რომლის წევრებმაც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად დიდი სამუშაოები ჩაატარეს. გამოკითხულნი არიან ისეთი ადამიანებიც კი, ვინც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე თუნდაც უმცირეს ინფორმაციას ფლობდნენ. საქართველოს უმაღლეს საგამოძიებო ორგანოს კომისიამ წარუდგინა დასკვნითი დოკუმენტი, თანდართული ვიდეო-ფოტო მასალებით და ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებით. მას თან დაერთო სია იმ ადამიანებისა, რომლების გამოკითხვაც კომისიამ ვერ მოახერხა, თუმცა ისინი შესაძლოა ფასეულ ინფორმაციებს ფლობდნენ მოცემულ საკითხზე. ეს ძირითადი დოკუმენტი გამოძიებისთვის კარგი გზამკვლევი იქნებოდა.

 

სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ მსვლელობა მისცემოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებას და საქმის დასრულებას.

 

ბატონებო!

 

მოგმართავთ თხოვნით და გამოვხატავთ არა მხოლოდ ჩვენს სურვილს და მოვალეობას მამის ხსოვნის წინაშე, არამედ ქართული საზოგადოების, ასევე მსოფლიოში მცხოვრები ყველა იმ ადამიანის კეთილ ნებას, ვისთვისაც საქართველოს ისტორია სულერთი არ არის: გააკეთოთ ყველაფერი, რათა დასრულდეს ობიექტური გამოძიება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე.

 

დარწმუნებული ვართ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში დაწყებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და იქნება დასაწყისი იმ კათარზისისა, რომელსაც ამდენი წელი ამაოდ ველოდით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი