ახალი ამბები

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

28 მარტი, 2014 • • 1033
შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ თათუხაშვილის საქმის შესწავლოს მოთხოვნით გარდაცვლილის ადვოკატს მათთვის არ მიუმართავს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქმის შესწავლა მაინც დაიწყო:

“საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოთხოვილია საკითხის შესწავლისათვის საჭირო მასალები და განხილვის შედეგების შესახებ საზოგადოება იქნება ინფორმირებული. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, მან დღეს სოციალურ ქსელებში გარდაცვლილის ფოტოები გაავრცელა და აცხადებს, რომ სხეულს წამების კვალი ეტყობა:

“ფოტომასალა, რომელიც გამოქვეყნდა, არის ჩემს მიერ გადაღებული, ექსპერტიზა ჩაატარა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ, მოხდა გვამის დათვალიერება, შედგა ოქმი, რომელში მონაწილე პირებიც ვართ მე, ოჯახის ნათესავი, ექსპერტი და გამომძიებელი, ფოტომასალა ექსპერტიზამაც გადაიღო და დაერთვება შემდეგში საქმეს, იქ აღინიშნა დაზიანებებიც, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ”, – აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის:

 

“თუმცა დასკვნამ უნდა დაადგინოს სიკვდილის მიზეზი და გარდაცვალების მიზეზის გარდა ჩვენ ფაქტს ვაქვეყნებთ, რომ კაცი ნაწამები და დალეწილია. რაც შეეხება სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, ეს სამარცხვინოა, სახალხო დამცველს მაინცდამაინც განცხადება უნდა გაუგზავნო? როცა ისმენს ფაქტის შესახებ, თვითონ რეაგირება არ უნდა მოახდინოს? – აცხადებს ადვოკატი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი იყო მომწე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ძალის გადამეტების ფატქზე.

 

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს მამამისი, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი:

 

“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას”, – წერს “ფეისბუქზე” შალვა თათუხაშვილის მამა.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შალვა თათუხაშვილი გატაცებული იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი