ახალი ამბები

პატიმართა შეწყალების კრიტერიუმები შეიცვალა

28 მარტი, 2014 • • 2727
პატიმართა შეწყალების კრიტერიუმები შეიცვალა

ალეკო ელისაშვილის  თქმით, ახალი კომისია დაკომპლექტებისთანავე შეუდგა მუშაობას, რათა შეწყალების წესი და დებულება გაცილებით სამართლიანი, მკაფიო და ადამიანური გამხდარიყო. 

 

აქამდე არსებული დებულებით უვადო მსჯავრდებულს 25 წელი უნდა გაეტარებინა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა მას უფლება ჰქონოდა შეწყალების სახელმწიფო კომისიისთვის მიემართა. ხოლო, ცვლილებების თანახმად, ეს ვადა 15 წლამდე მცირდება.

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

 

ასევე, აქამდე მოქმედი დებულებით, თუ პატიმარი ბრალს არ აღიარებდა, კომისია მის საქმეს არ განიხილავდა. ცვლილებების თანახმად, ეს ნორმა გაუქმდა:


“არსებობს ბევრი ადამიანი ციხეში, ვინც თავს უდანაშაულოდ თვლის და ბრალს არ აღიარებს. მათ აქამდე არ ჰქონდათ საშუალება, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ, აწი ექნებათ. სასურველი არის, თუ პატიმარი ბრალს აღიარებს და ინანიებს, მაგრამ ეს აუცილებელი კრიტერიუმი აღარ იქნება, თუმცა მსჯავრდებული უნდა ითხოვდეს შეწყალებას.”

 

ცვლილება შეეხო კომისიის დებულებას არასრუწლოვანებთან მიმართებაშიც. კერძოდ, ისეთი მსჯავრდებულის საქმეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო და სასჯელის მოხდის პერიოდში არის სრულწლოვანი, კომისია განიხილავს, როგორც არასრულწლოვანისას, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე. 

 

გარდა ამისა, ძველი ნორმის თანახმად, იმ ამნისტირებული და შეწყალებული მსჯავრდებულების საქმეს, რომლებიც ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ჩაიდენდნენ დანაშაულს და ისევ დააკავებდნენ, კომისია არ იხილავდა:


“ახალი დებულების თანახმად, კომისია ასეთ საქმეებს განიხილავს, თუმცა ამ პირებმა სასჯელის 2/3 უნდა მოიხადონ და ამის შემდეგ განვიხილავთ მათ საქმეებს. გარდა ამისა, ძველი რედაქციის თანახმად, კომისია არ განიხილავდა მათ საქმეებს, ვისაც პირობითი სასჯელი ჰქონდა და ამ დროს ჩაიდენდა დანაშაულს. ახალი დებულების თანახმად, ჩვენ ასეთ საქმეებსაც განვიხილავთ, მაგრამ მათაც- სასჯელის 2/3–ის მოხდის შემდეგ. იგივე ცვლილება ეხება ვადამდე ადრე გათავისუფლებულ პატიმრებსაც, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. კომისიისთვის მომართვა მათაც სასჯელის 2/3–ის მოხდის შემდეგ შეეძლებათ,” – ამბობს ელისაშვილი.

 

ცვლილებები ეხებათ იმ პატიმრების შეწყალების საკითხსაც, რომლებსაც საპატიმრო და პირობითი სასჯელი აქვთ. კერძოდ, ახალი დებულების თანახმად, პირობით სასჯელს კომისია ყურადღებას არ მაიქცევს:


“ათვლა არ მოხდება პირობითთან ერთად, აღარ შეიკრიბება ეს სასჯელები, ჩვენ ვიმსჯელებთ მხოლოდ საპატიმრო სასჯელით,” – განმარტავს ელისაშვილი.

 

დებულებაში რჩება “შეწყალების განსაკუთრებული წესი”, თუმცა საქმე, ელისაშვილის მოსაზრებით, რეალურად განსაკუთრებული უნდა იყოს. დებულების ამ ნაწილის თანახმად, იცვლება მხოლოდ ცენზი. კერძოდ, სხდომას უნდა ესწრებოდეს კომისიის შემადგენლობის 2/3 და სხდომის მონაწილეთა 100% ამ საქმის განსაკუთრებულობას უნდა ეთანხმებოდეს.

 

აქამდე მოქმედი ნორმით, თუ კომისია მსჯავრდებულს შეწყალებაზე უარს ეტყოდა, მას კომისიისთვის ხელმეორედ მიმართვა 3 თვეში შეეძლო, დებულების ახალი ვარიანტის თანახმად კი, ეს ვადა 6 თვემდე იზრდება. ეს ცვლილება იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც შეწყალებაზე უარს აღდგომის შემდეგ მიიღებენ.


ელისაშვილის მტკიცებით, ცოტა ხანში შეწყალების კომისიის  ვებ-გვერდი ამოქმედდება:

 

“ამ ვებგვერდზე იქნება კითხვებზე პასუხი. ასევე, საგანგებო კალკულატორი, რომელშიც საკუთარ მონაცემებს შეიყვანენ პატიმრობის ვადის დაწყებაზე, დასრულებაზე და ავტომატურად მიიღებენ პასუხს, შეუძლიათ, თუ არა შეწყალება ითხოვოს. ასევე გაიგებენ მოძრაობას, ანუ განცხადებას რომ შემოიტანენ, როდის დარეგისტრირდება, სად გადაიგზავნება და ა.შ.”

 

ელისაშვილის განმარტებით, ახალ დებულებას უკუქცევითი ძალა მიეცა და იანვარსა და თებერვალში შესულ საქმეებსაც ამ კრიტერიუმებით განიხილავენ. მისივე თქმით, პატიმრების შეწყალება სააღდგომოდ მოხდება:

 

“500 მსჯავრდებულის საქმე განიხილება ამ დროისთვის არსებითად კომისიის მიერ. აღდგომისთვის მე მივმართავ პრეზიდენტს, რომ შეწყალება ვისაც შეეხება, იმ პირებმა დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი