ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრი უმწეოთა დახმარების პროგრამის ბენეფიციარების გაყალბებულ სიებზე საუბრობს

28 მარტი, 2014 • • 1377
თბილისის საკრებულოს წევრი უმწეოთა დახმარების პროგრამის ბენეფიციარების გაყალბებულ სიებზე საუბრობს

მერაბ რაფავას განმარტებით, “თბილისის საკრებულოს სარევიზო კომისიას გააჩნია დადასტურებული ფაქტი, თუ როგორ უჭამს ”თავისუფალი ზონა” საჭმელს უმწეო ადამიანებს.”

საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად თბილისის მერიაში დასაქმებული გირშელ ბართაია დაასახელა, რომლის ხელფასი, მისი თქმით, 2000 ლარს შეადგენს და რომლის ოჯახის წევრებიც ასევე დასაქმებული არიან. მიუხედავად ამისა, რაფავას თქმით, ბართაიას ოჯახის ოთხივე წევრი უმწეო ბენეფიციართა სიაში ირიცხება.

რაფავას ინფორმაციით, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი ბენეფიციართა სიებს არაობიექტურად აყალიბებს,  რის გამოც არაერთი უმწეო ადამიანი რჩება დახმარების გარეშე. 

 

გირშელ ბართაია ნეტგაზეთთან საუბარში ბრალდებებს ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით და მისი ოჯახის წევრების დასაქმებაზე უარყოფს. 

 

“კი, ბატონო, ვმუშაობ თბილისის მერიაში. ვარ ახალგაზრდულ განყოფილებაში შტატგარეშე თანამშრომელი. თუმცა იქამდე ვიყავი ამ განყოფილების უფროსი. ჩემი ხელფასი 2000 ლარი არ არის, 1000 ლარსაც არ აღემატება,”- ამბობს ბართაია.

 

ამასთან, ის ადასტურებს, რომ უმწეოთა ბაზაში მისი ოჯახი ირიცხება.

 

“მამაჩემი არის პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი, ამავდროულად, აქვს დამატებითი შეზღუდული შესაძლებლობა, ფეხი აქვს მოტეხილი, მანქანა დაეჯახა. შესაბამისად, ის უმუშევარია. ამ ადამიანს ესაჭიროება ფინანსური დახმარება, წამლები და ა.შ. ჩემი და სტუდენტია, მეც სტუდენტი ვარ, ამავდროულად. დასაქმებული ვარ მხოლოდ მე. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მყავს ასევე მეუღლე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა და ნახვა, რა მდგომარეობაშია ის. აქვს უვადო საბუთი, რომ არის უსინათლო. გადაადგილება არ შეუძლია. ჩემი ოჯახი უმწეოთა დახმარებას იღებს, მაგრამ რა შუაშია ეს მერიასთან, არ მესმის. ეს დახმარება არის ჯანდაცვის სამინისტროსგან. მაგრამ არც ერთ დახმარებაზე არ ვიტყოდი უარს, რომელსაც აღმოუჩენენ მამაჩემს.”

 

მისივე თქმით, საკრებულოში დღევანდელი განცხადება მისი მისამართით არის პოლიტიკური სპეკულაცია. 

 

“ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, ზოგიერთს აშკარად აღიზიანებს ის, რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მე აღარასოდეს შევალ ამ ადამიანებთან დისკუსიაში,”- აცხადებს ბართაია.

 

რაფავას განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს უმცირესობასაკრებულოს ფრაქცია “რეფორმატორების’’ თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა რაფავა პროკურატურის შტატგარეშე თანამშრომლად მოიხსენია. თემურ გრიგალაშვილმა ცენტრალური მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი, რომელიც ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს, დედაქალაქის მერად “ურეიტინგო ნარმანიას მოვლინებაა” და ამგვარ ზეწოლას პრემიერი “ნაჯიბგირალი ფარცხალაძის მეშვეობით” ახორციელებს.

 

თემურ გრიგალაშვილი მიიჩნევს, რომ მერაბ რაფავა ამ პროცესში საკუთარი უსუსური წვლილის შეტანას ცდილობს და დეპუტატს ზნეობრივი ჩარჩოების დაცვისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი