ახალი ამბები

ჩიორა თაქთაქიშვილი: ევროპა არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ადამიანზე

27 მარტი, 2014 • 1873
ჩიორა თაქთაქიშვილი: ევროპა არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ადამიანზე

ქალბატონო ჩიორა, შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდის იყავით პირველად ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და რას უკავშირდებოდა ეს ვიზიტი?

 

პირველად ევროპაში და საერთოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიყავი 2001 წელს, საფრანგეთში, სასწავლებლად.  ჩემთვის ეს იყო ახალ სამყაროში შესვლა, იმიტომ, რომ მაშინ საქართველო იყო უშუქობის, უგაზობის, სიცივის, კორუფციის, უცოდინრობის, არაკომპეტენტურობის ქვეყანა და აქედან მოვხვდი მართლაც განათლებულ, თანამედროვე ქვეყანაში. თანაც, საუნივერსიტეტო სწავლების კუთხით ძალიან დიდი სხვაობა იყო.

 

პირველი შთაბეჭდილება იყო ის, რომ ვიმგზავრეთ მეტროს ტიპის ტრანსპოორტით, ძალიან გვიანი ღამე იყო და პირველად ვნახე შავკანიანი ადამიანი.  მანამდე საქართველოში არც საზღვრები იყო გახსნილი, არც კონტაქტი გვქონდა გარე სამყაროსთან და ჩვენთვის ეს აღიქმებოდა, როგორც ეგზოტიკა. დავბინავდით სტუდენტების საერთო საცხოვრებელში, რომელიც ჩინურ უბანში იყო განთვსებული და ყველგან იყო ჩინური მაღაზიები – ესეც ჩემთვის პირველი შთაბეჭდილება იყო, რადგან საქართველოში არ გვქონდა არც ჩინური უბანი, არც არანაირი შეხება. ანუ, პირველი შთაბეჭდილება იყო სწორედ ის მრავალფეროვნება, რომელიც დამახასიათებელია ევროპისთვის, რომელიც ამდიდრებს ევროპას – ყველა ერის, ყველა კანის ფერის ადამიანის ყოფნა ევროპაში არის ევროპის გახსნილობის და ადამიანის პატივისცემის დამადასტურებელი, იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნიდანაა  ის.

 

რა პრობლემები ახლდა ამ ვიზიტს, გაგიჭირდათ თუ არა ვიზის აღება?

 

საქართველოში კორუფცია იმდენად განვითარებული იყო, რომ ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებშიც აღწევდა და საკონსულოებშიც. ვიზების აღება დიდი პრობლემა იყო, თუმცა გამიმართლა იმით, რომ ევროკავშირის სტიპენდია მოვიპოვე. უნივერსიტეტშიც ძალიან დიდი კორუფციული სქემები იყო, მაგრამ საბედნიეროდ საფრანგეთიდან იყვნენ შემმოწმებლები ჩამოსული. პასპორტის აღების პრობლემას შევეჩეხე, ას ლარს ითხოვდნენ, როგორც ქრთამს, მთელი ბატალიები გავიარე, რომ არ გადამეხადა ეს ქრთამი. ძალიან ცუდი შთაბეჭდილებები იყო, მაგრამ იქ ჩასვლის შემდეგ ყველაფერი განელდა.

როგორც აღნიშნეთ, სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავდით. რა განგასხვავებდათ თქვენ ამ სტუდენტებისგან, რა იყო ერთი შეხედვითაც ნათელი, ამ მხრივ?

 

ბევრი განსხვავება დავინახე ჩემს უახლოეს მეგობრებთან ურთიეთობაში. მაგალითად, როდესაც საკუთარ აზრს ვაფიქსირებდი, რომელიც ჩემთვის ცნობილი იყო როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, ყოველთვის უჩნდებოდათ კითხვები და მაზუსტებინებდნენ, რატომ ვფიქრობდი ასე, რაც თავიდან ძალიან მიკვირდა, რადგან მეგონა, რომ დადგენილ ფაქტებზე ვსაუბრობდი.  მაგრამ ეს ასე არ იყო და ზუსტად იქ შეძენილი გამოცდილებით დავინახე, რომ ევროპაში გადაუმოწმებლად არაფერი არ შეგიძლია გაასაღო უტყუარ ფაქტად. ეს აზროვნების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

შოკი იყო იქაური ყოფითი დონე. მიკვირდა,  როგორ შეიძლებოდა  მერხი არ ყოფილიყო დახატული, დაჯღაბნილი, ან კიდევ  ის, რომ სტუდენტებს თავისუფლად ეცვათ უნივერსიტეტში, რადგან ჩვენთან ასე არ იყო- გამოწყობილი უნდა მისულიყავი და სხვა.

ასევე, იქ პირველად ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს იყო უმცირესობის წარმომადგენელი, როდესაც შენ არ ხარ სხვების მსგავსი. ვერ ვიტყვი, რომ ფრანგები სხვების მიმართ არატოლერანტულები არიან, მაგრამ უდავოდ იგრძნობა ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ მათნაირი არ ხარ და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გიწევს დამტკიცება იმისა, რომ რაღაცის კეთება შეგიძლია. როდესაც სწავლობ, მარტო იმიტომ კი არ უნდ დაგაფასონ, რომ უცხო ენაზე სწალობ, არამედ შენ შეგიძლია კონკურენცია გაუწიო თუნდაც ფრანგულენოვან სტუდენტს სწავლის კუთხით.

ეს ჩემთვის იყო დამოუკიდებლად ცხოვრების პირველი შესაძლებლობა. მანამდე ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და ვფიქრობ, საქართველოს ახალი თაობისთვის განსაკუთრებით კარგია, თუ ისინი ადრეულ ასაკშივე დაიწყებენ საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას და დამოუკიდებლად იცხოვრებენ.

კიდევ რომელ ქვეყანაში ყოფილხართ?

 

ყოველთვის ძალიან მიხარია იტალიაში წასვლა.  ვფიქრობ, განსაკუთრებით ლამაზი ქვეყანა არის, ბევრი მეგობარი მყავს იქ- ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. გარდა ამისა, ვფიქრობ ტემპერამენტით და აზროვნების მიმართულებით გვაქვს რაღაც საერთო მახასიათებლები. იტალიური სამზარეულოც ძალიან მომწონს. შარშან იტალიაში აღმოვაჩინე ერთ-ერთი კერძი, რომელიც ზუსტად ქართული ხაჭაპურია. იქ ტრადიციულ კერძად განიხილავენ, ისევე, როგორც ხაჭაპურს ჩვენთან.

 

 

რა არის ევროპა, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის, თქვენი აზრით?

ევროინტეგრაციის პროცესი იმით არის ღირებული, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ თავი ვიგრძნოთ ისევე დაცულებად და ღირსეული ქვეყნის მოქალაქეებად, როგორც ამას გრძნობენ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე ჩვენ მათ შევთავაზოთ ჩვენი კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს.

 

ევროპა და შეერთებული შტატები ჩემთვის იმიტომ არის მიმზიდველი, რომ განსხვავებულობას და მრავალფეროვნების ყველა გამოხატულებას ხვდებიან ინტერესით.

 

ევროპა არ არის მხოლოდ კეთილდღეობა, მარტო კარგი ცხოვრება, ეს არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ადამიანზე. ევროპაში დაცულია წესრიგი, შენ ვერ დაარღვევ კანონს, ვერ გამოხვალ ქუჩაში და ვერ შეწვავ მწვადს, ამისთვის დაჯარიმდები, მთვრალი ვერ დაჯდები საჭესთან, რადგან შეიძლება სხვა ადამიანის სიცოცხლე მოსპო და სხვა.

 

ევროპა არის სტაბილურობა, იქ გარანტირებული და დაცული არის დემოკრატიული ცხოვრების პირობები და წესები და ადამიანი არის მთავარი ღირებულება.

 

ევროპული და ქართული ღირებულებები სინამდვილეში არის ერთი – ქრისტიანულ ფასეულობებზე, ანუ ერთმანეთის სიყვარულზე, პატივისცემაზე, მათი უფლებების და თავისუფლების პატივისცემაზე დაფუძნებული ღირებულებები. ეს საბჭოთა წარსულის გამო დავიწყებული ჩვენი ძველი და ქართული ღირებულებებია.

 

კონკრეტულად მნიშვნელოვანი არის თავისუფალი გადაადგილების, თავისუფალი ვაჭრობის რეგულაციების სრული ამოქმედება, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი იგრძნონ ევროპის სრულუფლებიან მოქალაქეებად.

უნდა კი ეს ევროპული მრავალფეროვნება საქართველოს? არსებობს უამრავი ნეგატიური მოსაზრება საქართველოში. მხედველობაში მაქვს ევროპის მიერ ქართველების გარყვნის, გინდაც იდენტობის დაკარგვის დისკურსი და სხვა.

 

მე ნამდვილად სერიოზულად ვუყურებ ამ განწყობებს და ეს შემაშფოთებელია. ამ ყველაფრის განსაკუთრებული სიმწვავით აღზევება მე დავინახე 17 მაისს, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფის, კონკრეტულად LGBT თემის უფლებების დამცველი ადამიანები ზოგიერთისთვის იყო, როგორც ევროპის დემონური მხარე. სამწუხაროდ, ამ დაგეგმილ და ძალადობრივ ღონისძიებაში ძალიან ბევრი ქართველი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ რუსთაველის და ჭავჭავაძის ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ევროპული ღირებულებების გავრცელება. მათ ავიწყდებათ, რომ სწორედ შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ქადაგებდნენ, ქართულ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივაა. ამის ალტერნატივა ჩვენ დავინახეთ რუსეთის იმპერიალიზმის სახით, რომელმაც საქართველოს არაერთხელ ჩამოართვა სუვერენიტეტი, დახვრიტა ხალხი, დააპატიმრა, გააციმბირა საქართველოს მოქალაქეები დამოუკიდებლობის სურვილისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ქართული ეკლესიის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი გვევლინება ასეთი ანტიდასავლური მითების გამავრცელებლად. თითქოს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ცოდვაა, თითქოს ჰარი პოტერის კითხვა ცოდვაა, თითქოს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი უნდა ჩაიქოლოს და სხვა. ეს არ არის არც ქართული და, მით უმეტეს, არც ევროპული ღირებულება.

 

ეს ყველაფერი ნამდვილად არის მითები, ისინი ჩვენ უნდა აღვიქვათ სერიოზულად და უნდა შევებრძოლოთ. თქვენი რუბრიკის ერთ-ერთი მიზანი ალბათ სწორედ ეს არის, რასაც მივესალმები.

 

საქართველო ბევრ სარგებელს იღებს იმით, რომ მულტიეთნიკური და მულტირელიგიური ქვეყანაა. ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ არა უმრავლესობის პოზიციის კიდევ უფრო გამყარებაზე, არამედ ყველაზე მეტად შევიწროვებული ჯგუფების უფლებების დასაცავად, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ მე თვითონაც შეიძლება ნებისმიერ დროს, რაღაც კონტექსტში, რომელიღაც გარემოებაში, გავხდე უმცირესობის წარმომადგენელი და ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა.

როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის შემოვა პარლამენტში, დაუჭერთ თუ არა მხარს?

 

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით და საქმიანობით ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ეს დღე დამდგარიყო. ასე რომ, დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს, მაგრამ ეს არ არის მიზნის მიღწევა. მიზნის მიღწევა იქნება საქართველოს ნატოში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.

 

——————————————————————————————————————-

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უკვე პარაფირებულია და აგვისტოში სავარაუდოდ მხარეები ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც   საჭიროა  საქართველოს პარლამენტში ამ დოკუმენტის  რატიფიცირება.  “ნეტგაზეთმა”  გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერიასაქართველოს პარლამენტის წევრებთან ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და მათი პერსონალური გამოცდილება და მოსაზრებები გაგიზიაროთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი