ახალი ამბები

ღარიბაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე: არსებობს ვიდეოსაშუალებით დაკითხვის გზა სასამართლოში

27 მარტი, 2014 • • 1239
ღარიბაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე: არსებობს ვიდეოსაშუალებით დაკითხვის გზა სასამართლოში

“მე მოვლენებს გავუსწარი, უბრალოდ, ჩემი შეფასება იყო და ამას უკეთესად განმარტავენ პროფესიონალები, მე ვგულისხმობ პროკურატურას, ისინი უფრო კარგად აუხსნიან მოსახლეობას, თუ რა არის შემდგომი ეტაპები”, – აცხადებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გამოცხადდებოდა ძებნა, თუკი სააკაშვილი არ მისცემდა ჩვენებას.

 

ექსპრეზიდენტი დღეს პროკურატურაშია დაბარებული 10 სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვისთვის, თუმცა უკვე ცნობილია მისი პოზიცია, რომ იგი არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და პროკურატურაში მისვლას.

 

ღარიბაშვილის თქმით, დღეს პროკურატურა გეგმავს ჩაატაროს ბრიფინგი, სადაც დეტალურად განმარტავს, თუ რა იქნება შემდეგი ეტაპები:

 

“გარდა იმისა, რომ არსებობს მოწმის დაკითხვა პროკურატურაში, არსებობს სხვა საშუალებებიც, მაგალითად, იგივე ვიდეოსაშუალებით დაკითხვა სასამართლოში, რაც არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ სტანდარტები და გადავედით რეალურად ევროპულ სტანდარტებზე. ეს არის მეორე ეტაპი და შემდეგ უკვე პროკურატურა გააკეთებს ამასთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

რაც შეეხება კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი დასაკითხად დაბარებულია ერთდროულად 10 საქმეზე, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს:

 

“ჩემი ინფორმაციით, ამ თემებზე გამოძიება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და გამოძიება დადგა სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, ვიდრე 10 საქმეზე ცალ-ცალკე, 10-ჯერ დაბარება დაკითხვაზე”.

 

დღეს პროკურატურასთან დაგეგმილია აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ასევე, კონტრაქცია, სადაც მისი მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი