ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რაც ობამამ თქვა, ეს არის რეალობა, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე

27 მარტი, 2014 • • 1017
ღარიბაშვილი: რაც ობამამ თქვა, ეს არის რეალობა, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე

“არ უნდა ვიყოთ ილიზიებში, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები და ჩვენ ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და არსებული მოცემულობა.

 

ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე და ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ ისე, როგორც ხდებოდა გასული, წინა ხელისუფლების დროს: ხდებოდა მოლოდინის აწევა ხელოვნურად და შემდეგ იმედგაცრუება. ჩვენ საპირისპიროს ვთავაზობთ მოსახლეობას.

 

ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ რეალობა გვსურს, რომ შევთავაზოთ, ავუხსნათ მათ, განვუმარტოთ, და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ გზა და განვითარება, წინსვლა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 მარტს, ბარაკ ობამამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც უკრაინა და არც საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე არ დგანან. ამასთან, ობამას განცხადებით, ნატოს დაუყოვნებლივ გაფართოების გეგმა არ არსებობს, თუმცა აშშ და ევროკავშირი ყველა ზომას მიმართავს უკრაინის მხარდასაჭერად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი