ახალი ამბები

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი – როგორ ირღვევა ბავშვების უფლებები

26 მარტი, 2014 • • 4474
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი – როგორ ირღვევა ბავშვების უფლებები

“სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებობს “უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი,” რომელშიც დეტალურად არის აღრიცხული უბედური შემთხვევების ფაქტები და მათზე გაწეული რეაგირების პროცედურები. აღნიშნულ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია იყო 5 ბავშვის ცხელი წყლით დამწვრობისა და საპასუხო რეაგირების [სტაციონარში გადაყვანა და მკურნალობის კურსის ჩატარება] ფაქტები,”- წერია ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სააგენტოს მიერ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის მონიტორინგის შემდეგ მომზადდა. თუმცა ანგარიშში არ არის მითითებული, კონკრეტულად როდის მოხდა ბავშვთა დამწვრობის შემთხვევები. 

 

სოციალური დაცვის სააგენტომ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში 3-დღიანი მონიტორინგი 2014 წლის 28-30 იანვრის ჩათვლით განახორციელა.

 

ანგარიშში წერია, რომ შესწავლის პროცესში მონიტორინგის ჯგუფმა იხელმძღვანელა გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ 2013 წელს სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შემუშვებული მეთოდოლოგიით და ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებით. 

 

მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშშის მიხედვით, თბილისის ჩვილ ბავშთა სახლში, სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა ტიპის მომსახურების პარალელურად, რამდენიმე ტიპის პრობლემა იკვეთება: მომსახურებაში არ არსებობს ძალადობის ფაქტებისა და პასუხად გატარებული ღონისძიებების დეტალური აღრიცხვა; მომსახურებას არ აქვს სააღმზრდელო პროგრამა; ბენეფიციარები არ სარგებლობენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით (თუმცა შესაძლებელია 5 ბავშვის ჩართვა); ბავშვები ძირითად დროს დაწესებულებაში ატარებენ; სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება (ლაბორატორიული კვლევები) რეგულარულად არ ტარდება; ბავშვების ნაწილს დაგვიანებით ან საერთოდ არ აქვს ჩატარებული ასაკის შესაბამისი იმუნიზაცია; დარღვეულია საკვები პროდუქტის შენახვის ნორმები; მომსახურებაში ჩართული პერსონალის უმრავლესობას არ აქვს გავლილი სატრენინგო კურსი; არ ხორციელდება რეგულარული მონიტორინგი თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით და ა.შ.

 

როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, თბილისის ბავშვთა სახლში 56 ბავშვი ცხოვრობს. აქედან 5 ბავშვი მონიტორინგის ეტაპზე ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფებოდა, 6 კი – სტაციონარულ დაწესებულებაში. ყველა მათგანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ძირითად დაავადებებს შორისაა ჰიდროცეფალია, ცერებრული დამბლა, მიკროცეფალია, ეპილეფსია, ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, გულის თანდაყოლილი მანკი და განვითარების თანდაყოლილი ანომალიები. 

 

ერთ-ერთ 3 წლის აღსაზრდელზე, რომელსაც ჰიდროცეფალია აქვს, ანგარიშის მიხედვით, “2012 წლის აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში გაკეთებულია ჩანაწერი: ვინაიდან პაციენტს არ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, მდგომარეობა გაუარესდა. 2013 წლის ჩანაწერში კი მითითებულია, რომ არ არის ნაჩვენები ოპერაცია, ჩარევას არ საჭიროებს არაეფექტურობის გამო.” 

 

ის, რომ არაეფქტურობის გამო ბავშვი ოპერაციას არ საჭიროებს, ანგარიშის თანახმად, კიდევ რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის ცნობაშია მითითებული. 

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ, Disability Rights International (DRI) ანგარიში საქართველოში შშმ ბავშვთა და მოზარდთა სახელმწიფო რეზიდენტულ დაწესებულებებში არსებული მდგომარების შესახებ 2013 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, ხშირ შემთხვევებში დაწესებულებაში მცხოვრებ ბავშვებს არ უტარდებათ ადეკვატური მკურნალობა, ასევე, არ არის რეალიზებული მათი უფლება, გაუყუჩდეთ ტკივილი, რაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას უტოლდება.


აღნიშნული საერთაშორისო კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უფლებათადამცველმა არასამთავრობო ორგანიციებმა პეტიცია შეიმუშავეს, სადაც მოითხოვეს, მთავრობამ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები: აღმოფხვრას დარღვევები და დისკრიმინაციული მოპყრობა შშმ პირების მიმართ; შექმნას მონიტორინგის სისტემა და შეისწავლოს ყველა ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს თუ საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა დაწესებულებებში, მიუხედავად ამ სახლების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ჩართოს შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი