ახალი ამბები

ევროკავშირი–საქართველოს კომიტეტის ერთ–ერთი რეკომენდაცია შერჩევით სამართალს ეხება

26 მარტი, 2014 • • 1479
ევროკავშირი–საქართველოს კომიტეტის ერთ–ერთი რეკომენდაცია შერჩევით სამართალს ეხება

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა პარტიამ და პოლიტიკურმა ძალამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც გამოიწვევს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ხორციელდება შერჩევითი სამართალი.

 

როგორც ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე მილან ცაბრნოხი განმარტავს, ამ პუნქტის დოკუმენტში ჩართვა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების გამო არ მომხდარა:

 

“ჩვენ ვაცნობიეწრებთ, რომ დღეს ეს თემა საქართველოში აქტუალურია და საზოგადოება დაინტერესებულია, თუმცა კონკრეტულად ეს არ ყოფილა ჩვენი საუბრის თემა, ჩვენ არ გვისაუბრია კონკრეტულ ადამიანებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ყველა პარლამენტარს, პოლიტიკოსს, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს ეჭვს, რომ არის პოლიტიკური რევანში და რაიმე ხორციელდება შერჩევითი სამართლის გამო”, – განაცხადა მილან ცაბრხონმა.

 

ამ ჩანაწერს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი. მისი განცხადებით, დოკუმენტში არსებული ეს პუნქტი პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ხელისუფლებას აკისრებს:

 

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი რამ, რაც იწერება ამ დოკუმენტში, არის ორივე მხარის შეთანხმების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში მოწოდებაა ყველა პარტიაზე, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, როდესაც მოვა დრო და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, არავითარ ანგარიშსწორებას ადგილი არ ექნება”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

რაც შეეხება დოკუმენტის სხვა პუნქტებს, ის მოიცავს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ განაცხადს, ასევე, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, იძულებით გადაადგილებული პირების და კონფლიქტების მშვიდობით გადაწყვეტის შესახებ თავებს.

 

“განსაკუთრებული სიახლე არის რამოდენიმე პუნქტი, რაც ამ ორი წლის განმავლობაში დოკუმენტში შევიდა, პირველ რიგში, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადა, რომელმაც გადმოიწია, ამ დოკუმენტშიც აისახა და ჩაიწერა, რომ ეს იქნება ივნისში. მეორე ცვლილება ეს არის 49–ე მუხლის გავრცელების შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ევროპული სახელმწიფოები, და საქართველო დაფიქსირებულია როგორც ასეთი სახელმწიფო, შეასრულებენ ადამიანის უფლებების დაცვის, უმცირესობათა უფლებების  და კანონის უზენაესობათა მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, რომ ევროკავშირის წევრობაზე უკვე განაცხადი გააკეთონ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.

 

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია თომას ჰამერბერგის ანგარიშზე, რომლის რეკომენდაციებიც სრულად არის გაზიარებული, დოკუმენტი ეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით.

 

დოკუმენტის ქართულენოვანი ტექსტი დღის ბოლოს საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი