ახალი ამბები

ევრომაიდანი დღეს – უკრაინის უახლესი ისტორიის მუზეუმი [VIDEO]

25 მარტი, 2014 • • 1980
ევრომაიდანი დღეს – უკრაინის უახლესი ისტორიის მუზეუმი [VIDEO]

კარვები, სადაც თვეების განმავლობაში ხალხი ცხოვრობდა, ისევ დგას. ისევ შეშის ღუმელით თბებიან და ცხელ კერძებს ხარშავენ. მანქანის საბურავებითა და ტომრებით გაკეთებული ბარიკადებით ისევ არის ჩახერგილი სამანქანო გზა. კითხვაზე, რატომ არ იშლება მაიდანი, მისი მონაწილეები ამბობენ, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და არავინ იცის, კიდევ რა მოხდება. 

 

ევრომაიდნის მონაწილეებს ახალი ხელისუფლების წევრების უმრავლესობა არ მოსწონს. 

 

“ისევ ის ძველი სახეებია ყველაგან. ცდილობენ თანამდებობები დაინაწილონ. ძალიან მტკივა გული, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ვერ ვხედავთ ძირეული რეფორმების გატარების პოლიტიკურ ნებას. ისევ ჩვენ, მოქალაქეთა ჯგუფები თუ გავაკეთებთ რამეს,”- ამბობს მაიდანზე მცხოვრები ალექსეი დავიდენკო.   

 

შეიცვალა მხოლოდ მასშტაბები. მაიდანზე, რომელიც უკრაინის უახლესი ისტორიის მუზეუმად იქცა, ახლა ყველაზე დიდი ადგილი ყვავილებს უკავია. ისინი თებერვლის დღეებში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მოქალაქეებს ყოველდღიურად მოაქვთ.  

 

მთავარ მოედანზე მდებარე მაკდონალდსის შენობაში ფსიქოლოგიური პუნქტია გახსნილი. საახალწო ნაძვის ხეზე კი,- მაიდანზე დაღუპულთა ფოტოსურათები. იქვეა პროფკავშირების გადამწვარი შენობა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს კიევში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მასშტაბებს.

 

დღეს მაიდანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები აკონტროლებენ და სხვებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. პოლიცია არ ჩანს. ხალხი ამბობს, რომ სამართალდამცავები მაიდანზე არ გამოჩენილან.


ყველგან სამხედრო მობილიზაციის პუნქტებია გახსნილი, სადაც უკრაინელები ეწერებიან. საბრძოლო ვითარების შექმნის შემთხვევაში ისინი მზად არიან ჩაერთონ საომარ მოქმედებებში.

 

“მე რამდენიმე დღის წინ ჩავეწერე. ყველაზე რთული დღეები უკრაინას წინ აქვს. ყირიმის შემდეგ აღმოსავლეთ რეგიონების დაკარგვის საფრთხე დიდია. რუსეთი შეეცდება კიევამდე მოვიდეს – არ გაჩერდება. ყირიმი შეიძლება უკვე დავკარგეთ, მაგრამ სხვა რეგიონებისა და ქალაქების დაკარგვას აღარ შევეგუებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ,”- ამბობს კიევში მცხოვრები დენისი.  


 

დაახლოებით ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კიევში, ევრომაიდანზე მიმდინარე აქციების შედეგად შეიცვალა უკრაინის მთავრობა. მაიდანზე უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეების საპროტესტო აქციები თითქმის სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც მოჰყვა შეტაკებები და მსხვერპლი.

 

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე გასული წლის ნოემბერში. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც დღემდე რუსეთს აფარებს თავს. ამის საპასუხოდ რუსეთმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და აღნიშნული ტერიტორია მიიერთა.


21 მარტს უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერა ხელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი