ახალი ამბები

ყირიმის რეფერენდუმის მხარდამჭერი აქცია ჩაიშალა [ფოტო/ვიდეო]

16 მარტი, 2014 • • 1409
ყირიმის რეფერენდუმის მხარდამჭერი აქცია ჩაიშალა [ფოტო/ვიდეო]

 

ინფორმაცია დაგეგმილი აქციის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ადრე გავრცელდა, უკრაინის მხარდამჭერმა მოქალაქეებმა კი კონტრაქცია დაგეგმეს, რომლის ფარგლებშიც არა მხოლოდ უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავდნენ, ასევე რეფერენდუმისადმი მხარდამჭერ აქციას გააპროტესტებდნენ. 

 

3 საათამდე 15 წუთით ადრე რუსეთის ყოფილ საელჩოსთან  “კოალიცია ევრაზიული კავშირისთვის” წევრებმა შეკრება დაიწყეს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩილ ჭყოიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ქალაქ გორიდან რამდენიმე ადამიანი შეუერთდა მათ მიერ დაგეგმილ აქციას, რომლებსაც გორში სტალინის ძეგლის აღდგენა უნდათ.

 

იმ მოქალაქეებმა, რომლებიც უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავდნენ და დღევანდელ აქციას აპროტესტებდნენ, უკრაინის საელჩოდან რუსეთის საელჩოს მიმართულებით გადმოინაცვლეს. მათ შორის ერთ-ერთმა,  “თავისუფალი ზონის” წევრმა დავით გოგოხიამ რუსეთის საელჩოსთან მყოფთანგან ერთ-ერთს ტრანსპარანტი დაუხია, რის შედეგადაც პოლიციამ იგი დააკავა. 


როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოხია ადმინისტრაციული სამსართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დააკავეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთას 90 დღის ვადით ითვალისწინებს. 


დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, თუმცა მისი ვინაობას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს. უწყების განცხადებით, მეორე პირიც ადმინისტრაციული სამსართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დააკავეს. იგი რეფერენდუმის მხარდამჭერი აქციის მონაწილე იყო, თუმცა არჩილ ჭყოიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის არც ერთი წევრი დაკავებული არ არის. 

 

ამ დროისთვის (18:31) ორივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია, მათი სასამართლო კი უახლოს პერიოდში გაიმართება. 

 

საბოლოო ჯამში, “კოალიცია ევრაზიული კავშირისთვის” წევრებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს. მათ აქციის ჩატარება ვერ შეძლეს. 

 

დღევანდელ აქციაზე მოქალაქეებთან ერთად იყვნენს პოლიტიკოსებიც, მათ  შორის- გიორგი კანდელაკი, გივი თარგამაძე, აკო მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი, გიგა ბოკერია:

 

” სანამ უკრაინაში გრძელდება რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აგრესია, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყოველთვის იქნებიან ადამაინები, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავს ოპოზიციას, გამოხატავს საჯარო აქციით. ეს არის არა მხოლოდ სიმბოლური ქმედებები, არამედ ეს გამოხატავს იმ მდგომარეობას, რომელიც უნდა იყოს და არის ჩვენს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, თავისუფალ საზოგადოებაში ყველანაირი ხალხი შეიძლება იყოს, მათ შორის სამარცხვინო ხალხი, სამარცხვინო შეხედულებების მქონე, მაგრამ ისინი ვერასდროს ვერ მოიპოვებენ ინიციატივას ამ ქვეყანაში, ვერასოდეს ვერ მიაღწევენ იმას, რომ მთავარი პოზიცია ამ საზოგადოების იყოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და იმპერიის აღდგენის მხარდამჭერა”.- აღნიშნა ბოკერიამ.

 

მოგვიანებით აქციაზე მოვიდა პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, ცისკარიშვილის გამოჩენამ აქციის მონაწილების ნაწილში პროტესტი გამოიწვია და მას ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. ცისკარიშვილმა მოგვიანებით მისი მოსვლის მიზეზი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა. მისი თქმით,  გაიგო, რომ ყირიმის რეფერენდუმის მხარდამჭერი აქცია ტარდებოდა და ამ აქციის ნახვა სურდა:


“დღევანდელი აქცია, რომელსაც ატარებდა გარკვეული ჯგუფი ევრაზიული კავშირის  და რუსეთის მხარდამჭერი ლოზუნგებით, არის უკვე მკაფიო დასაწყისი იმ  რბილი ძალის გამოყენებისა, რის შესახებაც უკვე დიდი ხანია ვაჟღერებდით. ასეთი მოქმედება და დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის სასურველია იყოს განმუხტული, მაგრამ, როცა ქვეყნის ოკუპანტის მიმართ სიმპათიების საჯაროდ გამოხატვა ხდება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და შესაბამისადაც უნდა იყოს შეფასებული. არ არის საჭირო ზედმეტი რადიკალიზმი, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ამ ტრაგიკულ დღეს, როდესაც ჩვენი მეგობარი უკრაინის ტერიტორიული ხელყოფა ხდება, რაიმე ტიპის მხარდამჭერი ღონისძიება ოკუპანტი ქვეყნის ლიდერებისა, რასაკვირველია, არ აღიქმება როგორც თავისუფალი აზრის გამოთქმა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”- განაცხადა ცისკარიშვილმა. 


რუსეთის საელჩოსთან აქციის დასრულების შემდეგ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა კვლავ უკრაინის საელჩოსთან გადაინაცვლა და უკრაინისადმი სოლიდარობა იქ გამოხატა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი