ახალი ამბები

ყირიმის სცენარი – საფრთხე აფხაზეთსა და ცხინვალში

11 მარტი, 2014 • • 1867
ყირიმის სცენარი – საფრთხე აფხაზეთსა და ცხინვალში

“რა თქმა უნდა, ჩვენსა და უკრიანის სიტუაციას შორის პარალელი ძალიან პირდაპირ ივლება. ის, რაც ჩვენთან მოხდა, პრაქტიკულად იდენტური სცენარით ვითარდება უკრაინაში და ის, რაც მოხდება იქ, ანუ  რა გამოსავალი მოიძებნება ამ სიტუაციიდან, პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენს სიტუაციაზე”, – ამბობს პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია, “საქართველოს რეფორმების ასოციციის” წარმომადგენელი, რომელიც პოსტსაბჭოთა რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას აკვირდება.

პრო–რუსული აქცია ყირიმში
პრო–რუსული აქცია ყირიმში

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სათათბირო ორგანოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით რეფერენდუმი, რომელსაც ოფიციალური კიევი არაკანონიერად და არალეგიტიმურად მიიჩნევს, 16 მარტს ჩატარდება. “გსურთ თუ არა ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინტეგრირება” – ასეთ შეკითხვას დაუსვამენ უკრაინის მოქალაქეებს ყირიმში.

 

მსგავსი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით უკვე გამოვიდნენ სამხრეთ ოსეთშიც დაახლოებით ერთი თვის წინ. ინიციატივის ავტორი ცხინვალში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი “ედინაია ოსეტიაა”.

 

მსგავსი რეფერენდუმის იდეას მხარი დაუჭირა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსეი ვენედიქტოვმაც: “რუსეთთან მიერთების საკითხზე დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეფერენდუმის ინიცირება აფხაზეთსა და ოსეთში”, – დაწერა რადიო “ეხო მოსკვის” მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე. ამის პარალელურად, თებერვლის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო დუმაში დეპუტატების ჯგუფმა მუშაობა დაიწყო კანონპროექტზე, რომელიც ფედერაციას ახალი ტერიტორიების მისაერთებელ პროცედურებს გაუმარტივებს. კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ ამა თუ იმ ტერიტორიის რუსეთის იურისდიქციაში მოსაქცევად საკმარისია მხოლოდ რეფერენდუმის ან ლოკალური საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

“ეს ბერკეტი რუსეთს, როგორც მუქარის ახალი საშუალება, ნამდვილად აქვს და ახლა ათამაშებს ამ კარტსაც ძალიან აქტიურად- ეს ოსეთის რეფერენდუმის საფრთხე, კანონმდებლობა ანექსიის გამარტივებისთვის, 16 მარტის ყირიმის რეფერენდუმი. ახლა რუსეთი ცდილობს სწორედ  ამ კარტის გათამაშებს”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე “ნეტგაზეთს” უარი უთხრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის წევრია ამბობს, რომ სტრატეგიული და რეგიონალური მნიშვნელობიდან გამომდინარე ყირიმის ცხინვალთა და აფხაზეთთან შედარება სწორი არ იქნება. იგი აფხაზეთში მსგავს საფრთხეს გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, მოსახლეობა იქნება ამის წინააღმდეგი ცხინვალზე კი ამბობს:

 

“რაც შეეხება ცხინვალს, ამის თაობაზე განაცხადა თიბილოვმა, მაგრამ იქაც 8, მასიქმუმ 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს და დიდად ეს ვითარებას არ არყევს, პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ცვლის, თუმცა სასიამოვნო არ არის”.

ვოლსკის თქმით, თუ რუსეთი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართული მხარის და დანარჩენი მსოფლიოს რეაქცია ადეკვატური იქნება და მის ლეგიტიმაციას არავინ არ სცნობს. კითხვას, ვარაუდობს თუ არა პირადად იგი ცხინვალში მსგავს რეფერენდუმს, ვოლსკი ასე პასუხობს:

“ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. რუსეთია… მე არ მგონია, რომ რუსეთი მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული ცხინვალის რეგიონთან ამ საკითხზე, მაგრამ  სიკეთე არ უნდა ივარაუდო არც ერთ შემთხვევაში, თორემ მე ბევრ რამეს ვვარაუდობ”.

 

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში მსგავსი რეფერენდუმები რომც ჩატარდეს, რუსეთი საერთაშორისო დონეზე შესაბამისი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას ვერ შეძლებს. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგრობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის ფარგლებში აღიარებს, სადაც სამხერთ ოსეთიც და აფხაზეთიც შედის. გარდა ამისა, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ათასობით ადამიანია დევნილი, რომელთაც საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევათ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი “ერების თვითგამორკვევის პრინციპზე აპელირებს” ყირიმის კონტექსტში და აცხადებს:

“ნაციისთვის თვითგამორკვევის უფლება არავის ჩამოურთმევია. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არავის პროვოცირებას არ მოვახდენთ და არ ვეცდებით ასეთი განწყობების გაღვივებას. მხოლოდ თვითონ მოქალაქეებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი”, – განაცხადა მან ყირიმის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ რადმენიმე დღის წინ

დავით ჯანდიერის თქმით, თვითგამორკვევის პრინციპზე გაეროს ქარტიაში მართლაც არის საუბარი, თუმცა საერთაშორისო სამართალში საუბარია ტერიტორიულ მთლიანობაზეც:

“მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ კაცობრიობა შეთანხმდა ურთიერთობის გარკვეულ პრინციპებზე, თუ რა წესები უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო ურთიერთობებში. არსებობს გაეროს ქარტია, რომლის პირველი მუხლის მეორე ნაწილში მართლაც არის მითითებული, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან განავითარონ მეგობრული ურთიერთობები ერებს შორის, ხალხების თანაბარუფლებიანობის და თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე. თუმცა, ამავდროულად, არსებობს გაეროს იმავე ქარტიის მე–2 მუხლის მეოთხე ნაწილი, რომელიც ამბობს: გაეროს ყველა წევრი თავის საერთაშორისო ურთიერთობებში თავს იკავებს ძალის, მუქარის გამოყენებისაგან როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხლებლობის, ასევე, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაეროს მიზნებისათვის შეუფარებელი სხვა ნებისმიერი სახით”, – ამბობს იურისტი და დასძენს, რომ თვითგამორკვევის პრინციპი ძალიან დელიკატური საკითხია, რომელიც ძირითადად დეკოლონიზირებული ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას ეხება:

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

 

“ეს საკითხი აქტუალური გახდა 1960–იან წლებში, როდესაც დეკოლონიზაციის თემამ წამოიწია და 1960 წლის 14 დეკემბერს ცნობილი რეზოლუცია იქნა მიღებული: ეს არის რეზოლუცია “15–14”, რომელიც უკავშირდება კოლონიზირებული ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ტერმინი ხალხი არ არის განმარტებული. თანამედროვე საერთაშორისო აქტუალური სამართლისთვის მართლაც პრობლემატურია, ერთი მხრივ, ხალხის თვითგამორკვევის უფლება და, მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის ცნება. თუმცა გაეროს არსებული განმარტების პრაქტიკის მიხედვით, რომელიც ოდნავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კოსოვოს პრეცედენტმა, თვითგამორკვევის უფლება მაინც უკავშირდება დეკოლნიზირებული ხალხების უფლებას თვითგამორკვევაზე.


საქართველოსთან მიმართებაში ეს, ბუნებრივია, ასე არ არის. პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩვენ ამ თვალასაზრისით შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში ეს ნამდვილად ასე არ არის. მე შეგახსენებთ, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო–სახალხო რეფერენდუმი, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენა მოსახლეობის 98–მა პროცენტმა მოითხოვა, მათ შორის აფხაზეთმა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა დადასტურებულია კონსტიტუციითა და შიდა კანონებით”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, იმის გათვალისიწნებით, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ეს რეფერენდუმები და მათი შედეგები არალეგიტიმური იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი